LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრთამის აღების ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი და „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელი დააკავეს

250

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის მთავარი სამმართველოს
განყოფილების უფროსი გიორგი გ. და ააიპ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირი“-ს ხელმძღვანელი მიხეილ გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი გ. და მიხეილ გ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის შვილს – ლ.ს-ს, ქ. თელავში, სამხედრო ქალაქის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი ფართის მუდმივ სარგებლობაში და შემდგომ საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით
4000 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

2018 წლის 27 ივნისს, მიხეილ გ-მ, გიორგი გ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სავაჭრო ცენტრ – ,,ლილო-მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 2000 ლარის ოდენობით, ხოლო 2018 წლის 29 ივნისს – თანხის დარჩენილი ნაწილი  – 2000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. იმავე დღეს ბრალდებულის სახით გიორგი გ-ც დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან 9  წლამდე ვადით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები