LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუმსიშვილი: Elbit-ის ახალი ქარხნის მთავარი შედეგი წლიურად 60 მლნ დოლარის ექსპორტია

88

Elbit-ის ახალი ქარხნის გახსნით დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგი და ის წლიურად უნდა გამოიხატოს დამატებით 60 მლნ დოლარის ექსპორტში, 300 სამუშაო ადგილის შექმნაში. ეს არის ისრაელიდან ერთობლივი კომპანიების შექმნისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის კარგი მაგალითი, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხნის გახსნაზე განაცხადა.

ქარხანაში კომპოზიტური მასალისგან სამოქალაქო თვითმფრინავების სტრუქტურული ნაწილები დამზადდება (აეროდინამიკური ზედაპირი, კარები და სხვ.) პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრულ წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადაჭარბებს. პროდუქციის პოტენციური მყიდველები მსოფლიო საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები იქნებიან. ქარხნის სრულყოფილად ამუშავების შემდეგ 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჯამური ინვესტიცია 93 მლნ აშშ დოლარია.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თვითმფრინავების კომპოზიტური მასალების წარმოების ქარხანა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმო შექმნის დამატებით ღირებულებას, წარმოებულ პროდუქციას კი გამოიყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა „ბოინგი“, „ეარბასი“ და სხვ. მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და სამსახურში აყვანილი სპეციალისტები გადამზადებას ისრაელში გაივლიან.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, Elbit-ის ახალი ქარხანა რეგიონული მასშტაბით არ არსებობს. მისი თქმით, ისრაელის კომპანიას ფილიალის გასახსნელად რამდენიმე ალტერნატიული ლოკაცია ჰქონდა, თუმცა არჩევანი საქართველოზე გააკეთა. ქუმსიშვილის განცხადებით, Elbit-მა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული ხელსაწყელი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გათვალისწინებით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები