LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის ფორმატზე იურიდიულ კომიტეტზე იკამათეს

81

ე. წ. ქურდულ სამყაროსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ფორმატი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიასა და უმრავლესობის ცალკეულ წევრებს შორის ცხარე კამათის მიზეზი გახდა.

დეპუტატებმა ვანო ზარდიაშვილმა და ანრი ოხანაშვილმა საკითხის დახურულ ფორმატში განხილვის ინიციატივა დააყენეს, რასაც ეკა ბესელიამ  უარით უპასუხა.

კერძოდ, როგორც ვანო ზარდიაშვილმა განმარტა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების დახურვის მიზანი არის მხოლოდ სამართლებრივი, რადგან არსებობს საკითხები, რაზეც კითხვას საჯარო ფორმატში ვერ დასვამს, რადგან ამით ”ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებს ფორა მიეცემათ. ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ანრი ოხანაშვილმაც.

სხდომის წამყვანმა ეკა ბესელიამ კოლეგების პასუხად განმარტა, რომ მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, თუ რა ცვლილებები შედის კანონში, რომელი მუხლები მკაცრდება და რისთვის მკაცრდება.

საბოლოოდ სხდომის წამყვანის პოზიციის გათვალისწინებით, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა, ღია ფორმატში წარიმართა. დეპუტატებმა ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ვანო ზარდიაშვილმა და გიორგი ხატიძემ ამ განხილვაში მონაწილეობა აღარ მიიღეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს.

”ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დახურვა კამათის საგანი იყო პირველი მოსმენის განხილვის დროსაც. ეკა ბესელიამ არც მაშინ გაიზიარა კოლეგების ინიციატივა სხდომის დახურვასთან დაკავშირებით და კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობა ღია ფორმატში ჩაატარა.