LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავეს

63

შსს აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას – ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპრატამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მათგან ერთი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მეორე კი აეროპორტში, გაფრენის ზონაში, დააკავეს.

“შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიების შედეგად წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ორი პირი ქუდრული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად “დობო”. პოლიციამ ის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე დააკავა, ხოლო მეორე კრიმინალური ავტორიტეტი გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ზონაში იმ დროს დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას და მიმალვას აპირებდა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ შეთანხმებით, რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოუწყეს, დიდი ოდენობით თანხა და უძრავი ქონება გამოსძალეს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღეს, რომლებშიც ბრალდებულების ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება.

“ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ  ქურდულ სამყაროს. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ –  მეტსახელად, „ნოდარ გლდანსკისთან“, „მაღალოსთან“, „პეწოსთან“, „დათო სურგუცკისთან“ და  ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან, რომლებისგანაც დავალებებს იღებდნენ და  ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ,” –  განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.

“როგორც უკვე ცნობილია, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს, კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება ან მასში მონაწილეობა დასჯადი გახდება. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა. ცვლილებები “სისხლის სამართლის კოდექსში” და “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” კანონში შევა,” – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები