LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისელი მოსწავლეები საკუთარ პროექტს ინტელის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ

114

მოსწავლე-გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები მაისის თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიემგზავრებიან.

თბილისში გამართულ კონკურსზე ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმის, XII კლასის მოსწავლე მარია ერაძემ და მისმა მეწყვილემ, ასევე ქუთაისელმა მოსწავლემ, გიორგი ფხაკაძემ  ინოვაციური პროექტი „ცოცხალი საკვები“ წარადგინეს.

ახალგაზრდებს კვლევებსა და პროექტის განხორციელებაში ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგი სოფიო გაჩეჩილაძე ეხმარებოდა. ნაშრომმა კონკურსზე საუკეთესო შეფასება და  I ადგილი მოიპოვა.

ახალგზარდა მკვლევარებმა ჯილდოს სახით ფულადი პრემიაც მიიღეს. კონკურსის პირობების თანახმად გამარჯვებულები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრებიან მსოფლიოში უდიდესი კონკურსის- ინტელის საერთაშორისო საინჟინრო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად.

„ჩემთვის მოულოდნელი იყო ამხელა წარმატება. გასულ წელს IYIPO-ს პროექტშიც გავიმარჯვეთ და ეხლა დიდი იმედი გვაქვს რომ ინტელის ოლიმპიადიდანაც წარმატებულები დავბრუნდებით“ – განაცხადა მარია ერაძემ

გასულ წელს გამართულ ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე (IYIPO 2016), სადაც 30 ქვეყნის 300 გამომგონებელი მონაწილეობდა,  მარიამმა და გიორგიმ ასევე პირველი ადგილი აიღეს და ოქროს მედლის მფლობელიც გახდნენ.

ინტელის ოლიმპიადა მაისის თვეში გაიმართება, სადაც ქართველი მოსწავლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით გაემგზავრებიან.