LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ბოვე-პარიზი: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

ქართველ მოგზაურებს მორიგი სიურპრიზი მოუწყვეს. რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, რომ ქუთაისის აეროპორტიდან მალე დაიწყება ფრენები დიდი ევროპული ქალაქებისკენ. რიგში დგანან რომი, ბარსელონა, პრაღა, პარიზი. დიდ ქალაქებს ხშირად არა ერთი აეროპორტი აქვთ და, როგორც ხდება ხოლმე, იაფფასიანი ავიაკომპანიები შედარებით მცირე ზომის აეროდრომებზე ეშვებიან. მაგალითად, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ბოვეს აეროპორტი სულაც არ არის პარიზი. თუნდაც აქედან გამომდინარე, „ფორტუნა“ გთავაზობთ ქუთაისიდან Wizz Air-ის რეისების მიხედვით პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა მიხვიდეთ ქალაქამდე იმ აეროპორტ(ებ)იდან, სადაც Wizz Air-ის თვითმფრინავი ჩაგიყვანთ.

ვიწყებთ პარიზით…

 

შენიშვნა: ტექსტში ლურჯი ფერით მონიშნული სიტყვები შეიცავს ფოტომასალას


როგორ მივიდეთ ბოვეს აეროპორტიდან პარიზამდე

პარიზის მთავარი საერთაშორისო აეროპორტი შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტია, ასევე არის რეგიონალური აეროპორტი – ორლი. ყველაზე შორს კი გახლავთ ბოვეს აეროდრომი, რომელიც წარმოადგენს კიდეც ჩვენს ინტერესს. სწორედ ამ აეროპორტში იყრიან თავს ლოუკოსტები, ანუ იაფიანი ავიაკომპანიები. ის პარიზის ცენტრიდან 90 (!) კმ-შია. იქამდე მიღწევას დრო უნდა, მოუხერხებელია და ძვირიც. საქმე იქამდეც მიდის, რომ ზოგჯერ ტაქსით უფრო იაფი გამოდის (მით უმეტეს, თუ სამი ადამიანი მაინც არის).

ყურადღება უნდა გაამახვილოთ, რომ ბოვეს აეროპორტი 00:30 საათიდან დილის 6 საათამდე დაკეტილია. ანუ აეროპორტში ღამის გათენება არ გამოდის.
თუმცა დღეის მონაცემებით, ჩვენს მგზავრებს პრობლემა არ ექნებათ.
კოპიტნარიდან საფრანგეთის მიმართულებით თვითმფრინავი 06:45 საათზე მიფრინავს და ადგილზე 09:40 საათზე ჩადის.
პარიზის სიახლოვიდან კი 10:10 საათზე მოფრინავს. შესაბამისად, კარჩაკეტილი აეროპორტი არ დაგვხდებათ.

 

აეროპორტამდე საკუთარი ავტომანქანით მისვლა

გზა დაახლოებით 1 საათს მაინც დაიკავებს, ასეთ დროს ჯობია A16 ავტომაგისტრალით ისარგებლოთ.

 

აეროპორტამდე ავტობუსით მისვლა

არის ავტობუსი, რომელიც ბოვეს პარიზთან აკავშირებს, ასევე მეტროსადგურ Porte Maillot (Beauvais/Paris-Porte Maillot). ფოტოზე მითითებულია, თუ სად ჩერდება ეს ავტობუსი აეროპორტში.

ამ ვტობუსს უშუალოდ ავიარეისების მგზავრები გადაყავს (როგორც ჩანს, ჩვენებური ჯორჯიან ბასია). დადის ყოველდღე. თქვენი რეისის ჩასვლიდან 15-30 წუთში. მიმართულება: Paris-Porte Maillot (მეტრო/RER: Porte Maillot). სწორედ ამ ავტობუსით შეგიძლიათ უკან, აეროპორტში მისვლა პარიზიდან. დედაქალაქიდან ავტობუსი თვითმფრინავის აფრენამდე სამი საათით ადრე გადის. ასე რომ, განრიგი აუცილებლად ნახეთ.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილზე, სალაროებში ან ავტომატის საშუალებით. რეკომენდირებულია ბილეთების წინასწარ ყიდვა: ასე უფრო იაფიც გამოვა (15.9 ევრო ონლაინ სალაროში გადახდილი 17 ევროს ნაცვლად). თან გაითვალისწინეთ, რომ სალაროსთან ლამის მთელი თვითმფრინავი რიგი დგას.

არის კიდევ ავტობუსი სახელწოდებით Supershuttle. ეს პარიზში მიგიყვანთ ან დისნეილენდში. ჩერდება აეროპორტის პირველი ტერმინალის სიახლოვეს. პირველი მგზავრის ბილეთის საფასური 34 ევროა (პარიზამდე), ორი მგზავრი 58 ევრო ჯდება. დისნეილენდამდე შესაბამისად 54 და 84 ევრო. ბავშვები ორჯერ იაფია.

და კიდევ. შეგიძლიათ ქალაქ ბოვემდე მიხვიდეთ. ბილეთის ღირებულება 4 ევროა (ბილეთი 48 საათი მოქმედია). ამ პატარა ქალაქში არის სასტუმროები, მაღაზიები და რკინიგზის სადგური.

სწორედ ამის საშუალებით ჩახვალთ პარიზში (ან საფრანგეთის სხვა ქალაქებში). აქვე შეგიძლიათ ნახოთ ავტობუსების განრიგი ბოვეს მერიიდა აეროპორტამდენ. ასეთი ავტობუსით მგზავრობა 15 ევრო ღირს.

 

აეროპორტამდე მატარებლით მისვლა

 

ქალაქ ბოვეს სადგურიდან უნდა ჩასხდეთ მატარებელში TER (Train Express Régional) ჩრდილოეთ სადგურამდე (gare du Nord),

მეტრო – Gare du Nord, RER – Magenta. მატარებელი დადის 6:30-დან 20:00 საათამდე. გასვლებს შორის შუალედი შეადგენს 30 წუთიდან 1 სთ 30 წთ-მდე. ბილეთის ღირებულება 10 ევროა. გზას დაახლოებით 1 სთ 20 წთ ჭირდება.
ყურადღება მიაქციეთ: მატარებელი მიდის ქალაქ ბოვემდე და არა აეროპორტში!

 

აეროპორტამდე ტაქსით მისვლა

 

ბოვეს რკინიგზის სადგურიდან აეროპორტამდე ყველაზე მარტივია ტაქსით მისვლა. ჩვეულებრივ დღეებში 13 ევრო უნდა, კვირაობით და დღესასწაულებზე 16 ევრო. 15 წუთის გზაა.

ტაქსით მგზავრობა ბოვეს აეროპორტიდან პარიზამდე: დღისით 100 ევროდან, ღამით 120 ევროდან. გზას საათი-საათნახევარი მიაქვს.

კი არ არის ეს ყველაფერი საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ მაინც პარიზია რა და თან ოდესმე ვინმე იფიქრებდა: კოპიტნარი-პარიზი! ძაან სიფსიხეა!

 

ბედნიერი მგზავრობა!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები