LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-პრაღა: პრაქტიკული რჩევები WizzAir-ის რეისების მგზავრებს #ფორტუნაგიდი

პრაღა – ქალაქი, სადაც ფეხები გაუთავებელი სიარულისგან მუდმივად გეტკინებათ, სადაც თავისუფლად შეიძლება ზედმეტი კილოგრამების მომატება და შოპინგზეც დაგეხარჯებათ ფული. მაგრამ პრაღა არის ქალაქი, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდებათ და მუდმივად იფიქრებთ დაბრუნებაზე.

პრაღის აღწერა დაუსრულებლად შეიძლება. დიდი და ლამაზი ისტორია და თანამედროვე გაცხოველებული ქალაქი. ბევრი პრაღას ევროპის ულამაზეს ქალაქად მიიჩნევს.

მაისიდან პრაღაში ქუთაისიდან პირდაპირ ჩაფრინდებით.

 

როგორ მივიდეთ პრაღის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე

ვაცლავ ჰაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (ჩეხ. Letiště Václava Havla Praha) პრაღის ისტორიულ რაიონში – რუზინეში (Ruzyně) მდებარეობს, რომელიც პრაღის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით 15-20 კმ-შია და პრაღა 6-ის ადმინისტრაციულ რაიონს ეკუთვნის.

აეროპორტს ოთხი ტერმინალი აქვს:

ტერმინალი 1 (ემსახურება იმ ქვეყნების რეისებს, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან);

ტერმინალი 2  (ემსახურება იმ ქვეყნების რეისებს, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან);

ტერმინალი 3 (ემსახურება კერძო და ჩარტერულ რეისებს);

ტერმინალი 4 (ემსახურებაVIP-რეისებს და ოფიციალურ ვიზიტებს).

 

აეროპორტი დიდი არ არის. უამრავი მანიშნებელი კი ორიენტირებაში ეხმარება და ყველაფერი გასაგები ხდება.
პრაღაში შესანიშნავად არის აწყობილი სატრანსპორტო სისტემა, ამიტომ აეროპორტიდან ცენტრამდე მისვლა დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

შენიშვნა: ტექსტში ლურჯი ფერით მონიშნული სიტყვები შეიცავს ფოტომასალას

 

 

როგორ მივიდეთ პრაღის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე

არსებობს შემდეგი საშუალებები:

საქალაქო ტრანსპორტი;

Airport Express-ის ავტობუსი (AE);

კომპანია CEDAZ-ის შატლი;

Prague Airport Transfers-ის მიკროავტობუსი;

ტაქსი;

ავტობუსი აეროპორტიდან ქალაქამდე

 

აეროპორტიდან ავტობუსების რამდენიმე მარშრუტია. ისინი მეტრომდე მიდიან, საიდანაც უშუალოდ ქალაქის ცენტრამდე შეიძლება მისვლა.

 

№ 119 – Nádraží Veleslavín-მდე (მეტროს A ხაზი), დაახლოებით 13-17 წუთი.

№ 100 – Zličín-მდე (მეტროს B ხაზი), დაახლოებით 15-20 წუთი.
ავტობუსის გაჩერებები ტერმინალ 1 და 2-თან არის, ჩამოფრენის დარბაზთან. ბილეთის ღირებულება 24 კრონაა, ისე გააჩნია სად იყიდით (მაგალითად, მძღოლთან უფრო ძვირია). 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩამოფრენის დარბაზში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჯიხურებში (MHD), გაჩერებებზე მოწყობილი ავტომატების საშუალებით და უშუალოდ მძღოლთან.
არ დაგავიწყდეთ ავტობუსში ასვლისას ბილეთის დაკომპოსტირება.

 

არჩილი, პრაღაში მცხოვრები ქართველი:
„აეროპორტიდან ცენტრამდე ავტობუსები დადიან, ასევე მეტროსადგურებამდე და სხვადასხვა დასახლებებში და ბუნებრივია უკან აეროპორტში. ეს ყველაზე იაფი ვარიანტია. ძირითადია და ხშირად დადის 119 ნომერი.
მგზავრობის ღირებულება მგზავრობის დროზეა დამოკიდებული. 30 წუთი=1$.
ტაქსი აეროპორტიდან უახლოეს მეტრომდე დაახლოებით 15 ევროდან ღირს. გადახდა კრონებში ხდება, უბრალოდ დოლარის ან ევროს ექვივალენტს გეუბნებიან.“

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ცენტრამდე ღამით

მიაქციეთ ყურადღება, რომ ბოლო ავტობუსი გადის 23:36 (№100) და 23:45 (№ 119), ამიტომ თუ ღამით გიწევთ ჩაფრენა, პრაღამდე მისვლა მოგიწევთ ღამის ავტობუსით ან ტრამვაით, ან ტაქსით. მეტრო ღამე არ მუშაობს.

ღამის რეისი №510 ტერმინალ 1-დან გადის და Na Beránku-მდე მიდის. თუ ცენტრში გინდათ, ჩამოდით Divoká Šárka-ის გაჩერებაზე და გადაჯექით ღამის ტრამვაი 51-ზე.
ბოლო ავტობუსი გადის 3:56.

ავტობუსი №191 აეროპორტი – მეტრო Petřiny (A ხაზი) – მეტრო Andel (B ხაზი) – ავტობუსის გაჩერება Na Knížecí.
00:00-დან 05:00-მდე
ინტერვალი: 10-20 წუთი
გზა: 50 წუთი
ფასი: 32 კრონა (90 წუთის ბილეთი)
გაჩერება ტერმინალ 1 და 2-თან

 

ქუთაისიდან აფრენილი Wizz Air-ის თითმფრინავი ოფიციალურად ადგილობრივი დროით 19:45 საათზე ჩავა. ასე რომ, წესით ღამის ტრანსპორტი არ უნდა დაგჭირდეთ, მაგრამ რა იცით რა ხდება.

 

 

Airport Express ავტობუსი (AE) ქალაქის ცენტრამდე

აეროპორტიდან ცენტრამდე იოლია სპეციალური Airport Express-ის ავტობუსებით მისვლა (მათი ცნობა შეიძლება ტაბლოზე АЕ აბრევიატურით). ის აერთებს აეროპორტს პრაღის მთავარ რკინიგზის სადგურს Praha hl. Nádraží. გზაში 30-დან 50 წუთამდე დაგეხარჯებათ. ავტობუსის გაჩერება ტერმინალ 1 და 2-თანაა და აღნიშნულია ნიშნით АЕ. დადიან ყოველ 30 წუთში, ბოლო გადის 22:35 სთ-ზე. ბილეთების შეძენა შეიძლება მძღოლთან, საიტზე www.cd.cz, ავტომატებში და ჩეხეთის რკინიგზის ბილეთის სალაროში.

 

CEDAZ ფირმის შატლი

ქალაქამდე მისვლის შედარებით ძვირიანია საშუალებაა – აეროპორტიდან ტრანსფერი. ბილეთის ღირებულებაა 150 კრონა ერთი მიმართულებით. მიკროავტობუსი მიგიყვანთ V Celnici გაჩერებაზე (პრაღის ცენტრშია). შატლი დადის ყოველდღე დილის 7:30-დან საღამოს 7-მდე ყოველ 30 წუთში. 6 წლამდე ბავშვებს შეუძლია უფასოდ იმგზავრონ. გადის ტერმინალ 1 და 2-დან და ბილეთების შეძენა შესაძლებელია მძღოლთან ან ჩამოფრენის დარბაზში ფირმის საინფორმაციო დაფებთან.

 

Prague Airport Transfers-ის მიკროავტობუსი

აეროპორტიდან ცენტრამდე მისვლა შეგიძლიათ თუ Prague Airport Transfers შეუკვეთავთ ოფიციალურ საიტზე www.prague-airport-transfers.co.uk. მგზავრობის ღირებულება 140 კრონაა. გადახდა ონლაინ შეიძლება და მძღოლთანაც. აქ მთავარია ტრანსფერი სწორად შეუკვეთოთ. ბოლო გაჩერება გახლავთ მისამართზე Národní 40 (მეტროსადგურ Mustek-ის სიახლოვეს).


ტაქსი პრაღაში აეროპორტიდან

თუ კომფორტი გირჩევნიათ და დროსაც ზოგავთ, აეროპორტიდან ტრანსფერი შეგიძლიათ წინასწარ შეუკვეთოთ Kiwi Taxi – დაგხვდებიან აეროპორტში და მიგიყვანენ სადაც ისურვებთ. ასევე ჩამოფრენის ტერმინალში არის ფირმების წარმომადგენლობა, სადაც შეგიძლიათ ტაქსი შეუკვეთოთ – Radiocab taxi და AAA RADIOTAXI.ფასებია დაახლოებით ასეთია: საწყისი – 40 კრონა, 1 კმ – 28 კრონა.

 

10 ჩეხური კრონა – 1.1738 ლარი

 

⇑რჩევა: შეიძინეთ ჩეხური კრონა თბილისში.

როგორც წესი, ასე უფრო „მოგებული“ დარჩებით, ვიდრე თბილისში იყიდოთ ევრო და შემდეგ პრაღაში გადაახურდაოთ კრონაზე. კრონას შეძენა „საქართველოს ბანკსა“ (თავისუფლების მოედანზე მდებარე ფილიალში) და „თიბისი ბანკში“ შეგიძლიათ. ჯობია დარეკოთ და წინასწარ შეუკვეთოთ, რადგან ხშირად თავადაც უნდა შეუკვეთონ და ადგილზე არ აქვთ ხოლმე.და კიდევ, გაითვალისწინეთ: პრაღაში (ძირითადად ცენტრში) ხელზე არ დაახურდაოთ ფული, უკეთეს კურსს გთავაზობენ, მაგრამ ხშირად ყალბ კუპიურებს ასაღებენ. ასეთი შემთხვევები ხშირია და ძირითადად ტურისტებზეა „მორგებული“. მსგავსი რამ ქართველ ტურისტებსაც შეემთხვათ. ასე რომ, გადაახურდავეთ ფული ოფიციალურ ჯიხურებში.

 

 

 

პრაღის აეროპორტი – კარლოვი ვარი

თუ პრაღის აეროპორტიდან პირდაპირ კურორტ კარლოვი ვარიში გნებავთ, ისარგებლეთ კომპანია Student Agency-ის  კომფორტული ავტობუსით. ბილეთი 80 კრონა ღირს. ბილეთს იყიდით მძღოლთან ან ტერმინალ 1-ის დარბაზში. ავტობუსი ჩერდება ესტაკადის ქვეშ С პარკირებასთან (ესეც ტერმინალ 1-თან არის).

 

ავტომობილის იჯარა აეროპორტში

ავტომანქანის იჯარით აღება საკმაოდ მარტივია. ტერმინალებში ნახავთ უამრავ ფირმას RentPlus, SIXT, Hertz, Europcar და ა.შ. ონლაინ შეგიძლიათ დაჯავშნის პოპულარული საიტით Skyscanner Car Hire ისარგებლოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები