LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში სადაზღვევო ბაზრის მოთხოვნები ევროპულ სტანდარტებზე გადადის

40

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში თემაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვა/საბაზრო ქცევის რეგულირება“ პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მზღვეველი ორგანიზაციებისათვის სამსახურის ხედვისა და პრიორიტეტების გაცნობა დაზღვევის სფეროში მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მომხმარებელთა დაცვის ევროპული სტანდარატები და სამსახურის მიერ საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ინსტრუქცია „მზღვეველის მიერ სადაზღვევო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.“

აღნიშნული ინსტრუქცია მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს სადაზღვევო მომსახურების შესახებ მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებისა და ნდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ინსტრუქცია ითვალისწინებს მზღვეველის ვალდებულებას, სადაზღვევო მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, მათ შორის, სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზებისას, უზრუნველყოს მომხმარებელი ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისათვის აუცილებელი ინფორმაციით. როგორც სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების, ასევე ხელშეკრულების დადების ეტაპზე მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა ტიპის ხელშეკრულებას დებს და რა შინაარსის უფლება-მოვალეობები ეკისრება როგორც მას, ისე მომსახურების მიმწოდებელ მხარეს. ინსტრუქცია ასევე ითვალისწინებს მზღვეველის ინფორმირების ვალდებულებას დაზღვევის ხელშეკრულების დადების შემდეგ და მომხმარებლთა პრეტენზიების განხილვის სტანდარტულ წესს. ასეთი ტიპის რეგულაციების დაწესებით სამსახური მიზნად ისახავს როგორც სადაზღვევო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე პოტენციური დავების პრევენციას მომხმარებელსა და სადაზღვევო კომპანიას შორის.

პრეზენტაციას საინტერესო დისკუსია და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით სამსახურის სამომავლო გეგმების განხილვა მოჰყვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები.