LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, რომლებსაც საქართველომ ბიზნესის კეთების რეიტინგში გადაუსწრო

81

საქართველო, ბიზნესის კეთების რეიტინგში ევროპისა და ცენტრალური აზიის ლიდერია, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2018 წლის ანგარიშს, რომელშიც საქართველო 7 ადგილით დაწინაურდა.

მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. როგორც ეკონომიკის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. 

„საქართველო კვლავ გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი რეგულირების მიმართულებით. მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს წარმატება მთავრობის ეფექტურმა და კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა. საქართველოს მთავრობამ უკვე განახორციელა და კვლავ აგრძელებს რეფორმებს, რომლებიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს პოზიციას მსოფლიო ბანკის მომდევნო წლის რეიტინგში. წინა წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესებულია 5 ინდიკატორში: ბიზნესის დაწყება – მე-4 ადგილი (2017 წელს მე-8 ადგილი); ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 30-ე ადგილი (2017 წელს 39-ე ადგილი); მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – მე-2 ადგილი (2017 წელს მე-7 ადგილი); კონტრაქტების აღსრულება – მე-7 ადგილი (2017 წელს მე-16 ადგილი) და გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა – 57-ე ადგილი (2017 წელს 106-ე ადგილი). ამასთან, წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა გაუმჯობესდა 6 ინდიკატორში, ხოლო 4 ინდიკატორში დარჩა უცვლელი. 2018 წლის ანგარიშით არცერთ ინდიკატორში ქულა არ გაუარესებულა. გაუმჯობესებული ქულების მქონე ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება – 97.84 (ქულა გაუმჯობესდა 0.01-ით), მშენებლობის ნებართვის მიღება – 77.57 (ქულა გაუმჯობესდა 0.02 ქულით), ელექტროენერგიის ქსელზე მიერთება – 84.32 (შედეგი გაუმჯობესდა 0.55 ქულით), მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა – 81.67 (შედეგი გაუმჯობესდა 5.00 ქულით), გადასახადების გადახდა – 87.14 (შედეგი გაუმჯობესდა 0.04 ქულით), გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტა – 55.59 (შედეგი გაუმჯობესდა 15.57 ქულით).

„2018 წლის რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება და საერთაშორისო აღიარება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია. ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების ინდიკატორი – რეფორმით შემცირდა ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ქსელზე მიერთების საფასური და პროცედურების რაოდენობა. მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის ინდიკატორი – მცირე აქციონერთა უფლებების დაცვის კუთხით 2017 წლის მაისში ცვლილებები შევიდა „მეწარმეთა შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონებში. ასევე, 2016 წელს მიღებულ იქნა ახალი კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, რომელმაც, ასევე, დადებითად იმოქმედა ზემოაღნიშნულ ინდიკატორზე. ცვლილებებით კიდევ უფრო მეტად არის დაცული მცირე აქციონერთა უფლებები. მცირე აქციონერებს გააჩნიათ მეტი ხელმისაწვდომობა კომპანიის შიდა დოკუმენტებთან, მენეჯერების ანაზღაურებასთან. დაიხვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა აუდიტის კომიტეტთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული რეგულაციები.

გადახდისუუნარობის საქმეების გადაწყვეტის ინდიკატორი – 2017 წლის მაისში ცვლილება განხორციელდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში. ამ რეფორმის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა როგორც მოვალის, ასევე კრედიტორ(ებ)ის უფლებების დაცვა. ცვლილებებით ნებისმიერ კრედიტორს შეუძლია განცხადების შეტანა მოვალის გადახდისუუნარობაზე, ხოლო მოვალეს, თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს როგორც გაკოტრება, ასევე რეაბილიტაციაც. ცვლილებებით დარეგულირდა, აგრეთვე, კრედიტორთა მიერ მოვალის ფინანსური ინფორმაციის გამოთხოვის და მოვალისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულებების შეუწყვეტლობის საკითხები.

რაც შეეხება ბიზნესის დაწყების ინდიკატორს – აქამდე დუინგ ბიზნესის გუნდი ცალკე სავალდებულო პროცედურად მიიჩნევდა საბანკო ანგარიშის გახსნას და სარეგისტრაციო თანხის გადახდას; რეფორმის შედეგად სარეგისტრაციო თანხის გადახდა და განაცხადის ჩაბარება ერთ ფანჯარასთან ხდება, ხოლო დუინგ ბიზნესის გუნდთან ჩატარებული განმარტებითი სამუშაოს შედეგად გუნდი დარწმუნდა, რომ საბანკო ანგარიშის გახსნა არ არის ცალკე სავალდებულო პროცედურა, რადგან ბიზნესის რეგისტრაციისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის ვალდებულებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, დუინგ ბიზნესის გუნდმა აღიარა, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციას ჭირდება სულ 2 პროცედურა (კომპანიის რეგისტრაცია და დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია)

კონტრაქტების აღსრულებასთან დაკავშირებით, DB-ის გუნდმა 2018 წლის ანგარიშში ჩაგვითვალა მიწოდებული ინფორმაცია აღსრულების წინასწარ საფასურთან დაკავშირებით, რომელიც არის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%, ნაცვლად DB 2017 წლის ანგარიშში დაფიქსირებული აღსასრულებელი მოთხოვნის 6,9%-ისა. 2018 წელს საქართველოს მდგომარეობა უცვლელია გადასახადების გადახდის ინდიკატორში (22-ე ადგილი)“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, DB 2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასეთია: ახალი ზელანდია, სინგაპური, დანია, კორეა, ჰონგ-კონგი, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, საქართველო და შვედეთი. საქართველო რეფორმების გატარების კუთხით რეიტინგის პირველ ოც ქვეყანას შორის ლიდერია.

პოპულალურები