LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ – გიორგი კვირიკაშვილი

93

“ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.

პრემიერი მინისტრთა კაბინეტს, უცხოეთის დელეგაციას მიესალმა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა.

„ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაული, 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, წელს იმით არის სრულიად გამორჩეული, რომ ქართველი ერის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ვზეიმობთ. ამ დიდი ისტორიული თარიღის აღსანიშნად, ჩვენთან ერთად არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლები, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება სამშობლოში. ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს ყველა თანამემამულეს,“ – აღნიშნა პრემიერმინისტრმა თავისუფლების მოედანზე.

პრემიერმა დღვანდელი დღე განსაკუთრებით წვევამდელებს მიულოცა.

“მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე. თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ღირსეულად ატარებს ქართველი მეომრის საპატიო სახელს,” – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ჯარისკაცებს.

“ქვეყნის ცხოვრებაში დგება დღეები და წუთები, რომლებიც მომავალს ქმნიან და ერის ბედს წყვეტენ. 100 წლის წინ სწორედ ასეთი დღე იყო საქართველოსთვის. ეს დღე ერის ისტორიის ლოგიკური განვითარების, მარადიული ეროვნული ენერგიის და მრავალი თაობის უდიდესი ძალისხმევის შედეგია,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.