LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს – ბიძინა ივანიშვილი

31

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, საუბარი იყო თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე და თეა წულუკიანზე.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მსჯელობა ჯერ არ არის დამთავრებული, თუმცა მისი პოზიციაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რაც ქვეყნაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება.

„ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლაც შეძლებს პირველსავე ტურში გამარჯვებას. გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება,  არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები