LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ერთა ლიგა და როგორ მოვხვდეთ ევრო 2020-ზე

81

დღეს, 6 სექტემბერს, უეფას ახალი ტურნირი – ერთა ლიგა იწყება, რომელიც ამხანაგური მატჩების დიდ ნაწილს შეცვლის სატურნირო მნიშვნელობის თამაშებით და საშუალებას მისცემს ნაკრებებს, ითამაშონ მათი ძალის მეტოქეებთან. A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები 2019 წლის ივნისში ითამაშებენ ფინალურ ტურნირზე. დანარჩენი გუნდები იბრძოლებენ ევრო 2020-ის საგზურისთვის.

ფორმატი

55 ნაკრები განაწილებულია ოთხ ლიგაში უეფას რეიტინგის შესაბამისად. 2018 წლის 24 იანვარს, ლოზანაში შედგა წილისყრა, რომლის დროსაც დაკომპლექტდა ქვეჯგუფები. სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ჯგუფებში ორწრიანი ტურნირები ჩატარდება. B, C და D ლიგებში ჯგუფების გამარჯვებულები ერთი ლიგით ამაღლდებიან. A, B და C ლიგების ჯგუფებში ბოლო ადგილზე გასულები ერთი ლიგით დაქვეითდებიან. ერთა ლიგის მომდევნო გათამაშება 2020-21 წლების სეზონში გაიმართება.

რა თამაშდება?

A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე გავლენ. ის 2019 წლის ივნისში ერთ-ერთი მონაწილის მოედანზე გაიმართება და მასში იქნება ნახევარფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი. ფინალური ტურნირის წილისყრა 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

როგორ ჩატარდება ევრო 2020-ის კვალიფიკაცია

2019 წლის მარტში დაიწყება ევრო 2020-ის კვალიფიკაცია. ფინალურ ტურნირზე გავა 10 შესარჩევი ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი (20 ნაკრები). დარჩენილ ოთხ საგზურს გაითამაშებენ 2020 წლის მარტში ერთა ლიგის რანგში. თითოეული ლიგიდან ოთხი საუკეთესო ნაკრები (იმ გუნდებიდან, რომლებიც შესარჩევიდან ვერ მოხვდნენ ევროპის ჩემპიონატზე) გაითამაშებს ოლიმპიური სისტემით დარჩენილ ოთხ საგზურს. ასე რომ, ერთა ლიგის თითოეული ლიგისთვის გათვალისწინებულია თითო საგზური ევროზე. ზოგიერთ ლიგაში შეიძლება არ დარჩეს 4 გუნდი პლეი ოფისთვის, მაშინ ვაკანტურ პოზიციაზე მიწვეული იქნება რანგით დაბალი ლიგის საუკეთესო გუნდი და ა. შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები