LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკიდან უნდა ვისწავლოთ თხილამურებზე სრიალი – რჩევები ინსტრუქტორისგან

ამბობენ, სირთულეების სწავლება ბავშვობის ასაკიდან უმჯობესიაო, ასეთ სირთულეებში, ალბათ, თხილამურებზე სრიალსაც გულისხმობენ. „იკისკი“ პირველი კერძო სათხილამურო სკოლაა, რომელიც ბაკურიანში 1998 წლიდან ფუნქციონირებს. გიორგი კოტეტიშვილი, „იკისკის“ ინსტრუქტორ-მწვრთნელია. მისი თქმით, თუკი მოთხილამურე ბავშვობის ასაკიდან დაიწყებს თხილამურებზე დგომის სწავლას და, ასევე, ინტენსიურად ივლის ზამთრის კურორტებზე, 18 წლის ასაკში უკვე დიდი და რთული სასრიალო გზების დალაშქვრასაც შეძლებს. თხილამურებით სრიალის სწავლის მსურველებისთვის გიორგი კოტეტიშვილი რჩევებს არ იშურებს.

 

– ინსტრუქტორად 5-6 წელია, ვმუშაობ. მე თვითონ ამ სკოლაში გავიზარდე, 2001 წლიდან „იკისკიში“ დავდივარ. აქ ვისწავლე სრიალი, აქ შევიყვარე მთა, შემდეგ უკვე სეზონურად ვმუშაობ მწვრთნელად. ჩემი აქ მუშაობის გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე პატარა მოსწავლე 5 წლის ყოფილა. ჩემი აზრით, სასურველია, ბავშვები თხილამურებზე 6 წლის ასაკიდან დავაყენოთ. უფრო ადრეულ ასაკშიც დგებიან, მაგრამ, ალბათ, 6 წელი თხილამურებზე სრიალის სასწავლად იდეალური ასაკია.

 

 – თუ არის ასაკობრივი ქვედა ზღვარი, როცა მკაცრად არ შეიძლება, ბავშვები თხილამურებზე დავაყენოთ?

– ასეთი კონკრეტული ასაკი, რა თქმა უნდა, არ არსებობს. 2-3 წლის ბავშვის თხილამურზე დაყენება ცოტა უცნაურია, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა მშობლების სურვილით პატარებს თხილამურებს ვაჩვევთ და ვაცნობთ. ძირითადი სტატისტიკის მიხედვით, 6-7 წლის ზემოთ ბავშვებს ვასწავლით დგომას. ბუნებრივია, ადრეულ ასაკში უფრო უჭირთ, ასე ვთქვათ, რთულია სწავლებაც, ვერ ხვდებიან ბავშვები, როგორ და რა უნდა გააკეთონ.

 

– ბავშვების შემთხვევაში, საშუალოდ რა დროა საჭირო, თხილამურებზე კარგად დგომის და სრიალის სასწავლად?

– ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. არიან ბავშვები, რომლებიც უფრო სწრაფად ითვისებენ ყველაფერს და, შეიძლება ითქვას, 10 დღეში მათ შეუძლიათ, თავისუფლად შეასრულონ ყველა მოხვევა, თვითონ გააჩერონ თხილამური და ისრიალონ. არიან ბავშვები, რომლებსაც შეიძლება ითქვას, ცოტა უჭირთ და 2 სეზონი დასჭირდეთ იმისთვის, რომ კარგად ისრიალონ. სრულფასოვნად სრიალი რომ ისწავლო, რასაკვირველია, ჯობს ბავშვობიდან იდგე თხილამურებზე, თუ ყოველ წელს ივლი ზამთრის კურორტებზე, 18 წლის ასაკში უკვე კარგად ისრიალებ.

 

 – თქვენთან გაკვეთილები რამდენ ხანს გრძელდება?

– მთაზე გავდივართ დილის 10 საათზე, როცა საბაგირო იხსნება და 3 საათამდე ვასრიალებთ ბავშვებს. ერთი შეკრება გრძელდება 11 დღეს, საიდანაც 9 დღის განმავლობაში სრიალებენ, ჩვენი ვარჯიში უცვლელი და ყოველდღიურია. „იკისკი“ ბავშვთა სპორტსკოლაა, უფრო ბავშვებს ვასრიალებთ, თუმცა, ასევე, გვყავს მოზრდილებიც. შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ ბევრად უკეთესია, როცა ბავშვობიდან დგებიან თხილამურებზე. მოზრდილების ათვისების უნარი ბევრად დაბალია, ვიდრე – პატარების. ბავშვები ბევრად მარტივად ითვისებენ და ეჩვევიან თხილამურებს, ვიდრე ზრდასრული ადამიანები, რომლებიც თხილამურებს მიუჩვევლები არიან.

 

– გიორგი, რა აღჭურვილობაა ბავშვებისთვის საჭირო, რომ თხილამურებზე სრიალი მათთვის სასიამოვნოსთან ერთად კომფორტულიც იყოს?

– ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სათხილამურო შარვალი, ქურთუკი, აუცილებელია სათხილამურო წინდა, ასევე, თხილამურის ეკიპირება, ჩაფხუტი. კიდევ შეიძლება ხერხემლის დაცვა, როდესაც ბავშვები უკვე კარგად იწყებენ სრიალს და ახალ, რთულ საციგურაო ბილიკებზე დგებიან, ასეთ დროს შესაძლებელია, ხერხემლის დაცვაც მივახმაროთ.

 

– ტრავმებზეც რომ ვისაუბროთ, ძირითადად, რა სახის დაზიანებები აქვთ პატარებს? ასევე, მოტეხილობის გავლის შემთხვევაში, რამდენ ხანშია შესაძლებელი კვლავ თხილამურებზე დადგომა?

– ტრავმების უმეტესობა ფეხის დაშავებაა, მოტეხილობა, დასიება და ა.შ. თუ სერიოზულად დაიმტვრა ბავშვი, იქნება ეს გადაბრუნება, დაჭიმვა თუ მოტეხილობა, როდის უნდა დაუბრუნდეს უკან თხილამურებს, ცოტა რთული სათქმელია და მხოლოდ ინსტრუქტორზე არაა დამოკიდებული, ცხადია. ეს უკვე ექიმის კომპეტენციაა. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ერთ სეზონზე მოთხილამურე დაშავებულა, თუმცა მეორე სეზონზე სრიალი კვლავ გაუგრძელებია.

 

 

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები