LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკშია აუცილებელი და რა ასაკში სავალდებულო “წითელას” აცრა?

ბოლო ერთი თვის განმავლობაში “წითელას” ვირუსით დაინფიცირების 102 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან  86% კი აჭარის რეგიონშია. მედიკოსები მოსახლეობას ეპიდემიისგან თავის ასარიდებლად აცრების დროული ჩატარებისკენ მოუწოდებენ. ამ მიმართულებით ძირითად რისკჯგუფს ერთ წლამდე ასაკის ბავშვები და  20-40 წლის ასაკის ზრდასრულები წარმოადგენენ.

წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი.

წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. ინფექციის პირველი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცრისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ   ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირეწლოვან ასაკში წითელას შეიძლება, დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება, გართულება ტვინის ანთებაც კი იყოს.  წითელას ამონაყარი ხასიათდება მცირე ქავილით.

დედისაგან მიღებული პასიური იმუნიტეტის გამო, ბავშვები 4-6 თვემდე არ ავადდებიან (თუ დედას გადატანილი აქვს წითელა). 9 თვიდან პასიური იმუნიტეტი ბავშვებში იკარგება. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს წლამდე და 1-დან 5 წლამდე ასაკს.

ინფექციონისტი ვიტალი ხარაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ წითელას ვირუსის წინააღმდეგ არც წარსულში, არც ახლა და არც მომავალში არ იარსებებს იმაზე ეფექტური საშუალება, ვიდრე არის აცრა.

„წითელა საშინელი ვირუსია. ის ანგრევს ორგანიზმს, ტოვებს მყარ იმუნიტეტს და მიდის. ახლა ევროპა არის საშინელი აფეთქების წინაშე. ვირუსის პრევენციისთვის კეთდება აცრა ორჯერ, 1 წლის და ხუთი წლის ასაკში. რის შემდეგ ადამიანი დაცულია ამისგან. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი არაა აცრილი, შესაძლოა, ამ ვირუსმა სიკვდილიანობაც კი გამოიწვიოს. სასურველია, პაციენტის მკურნალობა ჩატარდეს კლინიკაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩემი აზრია, რომ სახლის პირობებში წითელას მკურნალობა არ შეიძლება!“  – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბრისას ვიტალი ხარაშვილმა.

დაავადების გამოვლენილი ფაქტების რიცხვს საგანგაშოს არ უწოდებს, თუმცა პრევენციისთვის წითელას საწინააღმდეგო აცრების აუცილებლობაზე საუბრობს „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძეც

ვაქცინაცია სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. იმნაძის განმარტებითვე, სახელმწიფოს აქვს შესაბამისი რესურსი და ვაქცინების რაოდენობა მოსახლეობის ასაცრელად, ამისთვის კი მოქალაქეებმა უნდა მიმართონ პოლიკლინიკასა და პირად ექიმს.

„წითელა ძალიან მძიმე ინფექციაა და მძიმედ მიმდინარეობს. განსაკუთრებით წლამდე ასაკში. არ გაჩერდება, როცა იწყება ხოლმე. ძირითადი რისკჯგუფი არის მოზრდილები და რაც ყველაზე უფრო ცუდია, ბავშვები 1 წლამდე ასაკში. სამწუხაროდ, დედები, რომლებიც აჩენენ ამ ბავშვებს, თვითონ არ არიან  იმუნურები, აქედან გამომდინარე, ბავშვს არ გამოჰყვება იმუნიტეტი იმ ასაკამდე, როცა  გეგმიურად უნდა აიცრას ერთი წლის ასაკში. ეს პრობლემა ძალიან გამოჩნდა და ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც აპირებს,  რომ ბავშვი გააჩინოს,  აუცილებლად აიცრას. ბავშვები, ვისაც აცრა გამორჩენილი აქვთ, ისინიც და ასევე, 20-დან 40 წლამდე ზრდასრულები, ვინც  არ იცის, რომ აცრილია, ან გამოტოვებული აქვთ აცრა,“  – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება, შემთხვევას, როცა ბავშვს აცრა აქვს გაკეთებული 1 წლის ასაკში, ჯერ არ გამხდარა 5 წლის, რომ ჩაიტაროს განმეორებითი აცრა, ამ კატეგორიის პატარებთან დაკავშირებით, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით იმის საშიშროება, რომ მშობლებს, მათი დაუყოვნებლივ აცრისკენ მოუწოდონ, არ არის.  

ექიმების რეკომენდაციით, ავადმყოფის ოთახი საჭიროა ხშირად ნიავდებოდეს, დაცული იყოს ტენიანობა, განათება, თუმცა ავადმყოფს თვალებზე მკაფიო სინათლე არ უნდა ეცემოდეს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები