LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელით ბუკინისტებს

239

თბილისის მერიიდან ბუკინისტებს მიაკითხეს

თბილისის მერიის მიერ გარევაჭრობის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური ბუკინისტებსაც უკრძალავს საქმიანობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელში წიგნებით მოვაჭრე ვალერიან ცარდავას 4 დღის წინ მერიის წარმომადგენლებმა მიაკითხეს და 2 დღის ვადა მისცეს ადგილის დასატოვებლად. მიზეზი ერთადერთია: გარევაჭრობა კანონით აკრძალული საქმიანობაა.
ვალერიან ცარდავა უკვე 12 წელია ბუკინისტობით არის დაკავებული. ეს საქმიანობა მისი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. გარდა ამისა – არის საქმე, რომელიც უყვარს და რომელსაც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურება. როგორც თავად ამბობს ადგილის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ არ იცის როგორ მოიქცევა იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო არსებობის ერთადერთ წყაროს წაართმევს.

„თბილისის მერიიდან იყვნენ მოსულები 4 დღის წინ და მომთხოვეს 2 დღეში დაცალე ადგილიო, უკვე გავიდა ოთხი დღე, მაგრამ მას შემდეგ აღარავინ მოსულა. მიზეზად დამისახელეს, გარევაჭრობას ვკრძალავთო. ჩემი ნებით არსად წასვლას არ ვაპირებ და თუ იძულებით დამატოვებინებენ ტერიტორიას, ჯერ არ გადამიწყვეტია რას ვიზამ“, – აცხადებს „ფორტუნასთან“ ვალერიან ცარდავა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელთან ვალერიან ცარდავას გარდა, სხვა ბუკინისტებიც ყიდიან წიგნებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათთან ადგილის დატოვების მოთხოვნით თბილისის მერიიდან არავინ მისულა.

„ბუკინისტებისთვის საქმიანობის აკრძალვა გაუმართლებელია“

ბუკინისტებს მხარს უჭერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი. როგორც ისინი ამბობენ, უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელი არის ადგილი, სადაც უამრავ საინტერესო და იშვიათ წიგნს შეიძლება გადააწყდეს სტუდენტი. გარდა ამისა, ბუკინისტების მიერ გასაყიდად გამოტანილი წიგნებს სტუდენტები ხელმისაწვდომ ფასად ყიდულობენ.
ვაკო ყიფიანი თსუ-ს მესამე კურსის სტუდენტია. მისი თქმით, გარემოვაჭრეები ნამდვილად ქმნიან პრობლემას ქალაქში, მაგრამ ბუკინისტების საქმიანობა ხელისშემშლელი არავისთვის არ არის.


„ბუკინისტების უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან აყრა გაუმართლებელია. არიან სტუდენტები, რომლებსაც სურთ აქ იყიდონ წიგნი, ან სჭირდებათ ისეთი წიგნები, რომელიც მხოლოდ ბუკინისტებს  აქვთ და, შესაბამისად, ამ ადამიანების ყოფნის საჭიროებას ნამდვილად ვხედავ. უნდა ჰქონდეთ მათ წიგნების გაყიდვის საშუალება. ამ ადამიანებს სახელმწიფომ არ უნდა მოუსპოს შემოსალვის ერთადერთი წყარო. იმ შემთხვევაში თუ მერია მათ საქმიანობას აუკრძალავს, იმის ვალდებულებაც უნდა აიღოს, რომ გამოუყონ ისეთი ადგილი, სადაც თავისუფლად შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას“ – აცხადებს ვაკო ყიფიანი.

ბუკინისტებს არავინ არ ერჩის

ბუკინისტებისთვის საქმიანობის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაში არ ადასტურებენ. როგორც თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, ბუკინისტებს არავინ ერჩის და თბილისის მერია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ ქალაქის გარკვეულ ადგილებში გაცილებით უფრო მოწესრიგებულად იყიდებოდეს წიგნები.


„ბუკინისტებს არავინ არაფერს არ ერჩის, ბუკინისტს აქვს თავისი განმარტება და ეს ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ.
პირადად ჩემგან აქვს დავალება ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს, რომ წიგნებითა და ყვავილებით ვაჭრობის მიმართ, რაც მთელ მსოფლიოში მიღებულია და სიცოცხლისთვის საშიში არ არის, უფრო მეტად ლოიალურები იყვნენ“, – აცხადებს დავით ნარმანია.

                                                                                             გვანცა ბზიავა

ავტორის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები