LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბერკეტი აქვს ბაღს, როცა გაციებული ბავშვი მიგვყავს?

არსებობს მოსაზრება, რომ როგორც კი ბავშვი ბაღში მიდის, ის ხშირად ავადობს. თუმცა, თუ ბავშვი წელიწადზე მეტია, დადის ბაღში, ავადობის შემთხვევები იკლებს. უნდა გავუშვათ თუ არა ბავშვი ბაღში, თუ მას ვირუსის ნიშნები აქვს ან ესესაა გამოკეთდა? მართალია, მედიკოსთა რეკომენდაციები არსებობს, თუმცა, ამ საკითხს ყველა მშობელი მაინც ინდივიდუალურად წყვეტს. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ვირუსიან ან სიცხიან ბავშვს ბაღში წასვლის წინ მედიკამენტებს აძლევენ და ბაღში მაინც მიჰყავთ. ასეთი აღსაზრდელი კი ვირუსების აქტიური გამომყოფია და სხვებსაც მარტივად აავადებს, მით უფრო ისეთ გარემოში, სადაც 30 და მეტი ბავშვია ერთ ოთახში მოთავსებული და მათ ერთმანეთთან ხშირი კონტაქტი აქვთ.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, მშობლებს სამსახურის გაცდენა მოავადე ბავშვის მოვლის მიზეზით ხშირად უჭირთ. შესაბამისად, არსებობს შემთხვევები, როცა მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ  და იძულებულები არიან, ასეთი ბავშვი სიცხის დამწევი ან სხვა მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ დატოვონ ბაღში სამსახურის დასრულებამდე. 

 

ასეთ დროს როგორ იქცევა თავად ბაღის ადმინისტრაცია და აღმზრდელი?

ნათია ბერელიძეს შვილი ერთ-ერთ საჯარო ბაღში დაჰყავს. მისი შვილის ჯგუფში ყოფილა შემთხვევა, როცა გაციებული და სიცხიანი ბავშვი დედას დაუტოვებია ბაღში და, როცა ეს მასწავლებელს აღმოუჩენია, მშობელი ბავშვის წასაყვანად საღამომდე არ მისულა.

„არ ვიცი, შვილი როგორ არ უნდა მიყვარდეს და რა სამსახური უნდა მქონდეს, ან  არავინ მყავდეს, თუნდაც, მეგობარი, რომელსაც ვთხოვ, რომ სამსახურიდან მოსვლამდე ჩემს შვილს, რომელიც ავადაა და სიცხე აქვს, უპატრონოს? რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვი მერე ჩემს ჯანმრთელ შვილს გადასდებს ვირუსს და იმიტომაა, ერთი დღე რომ ბაღშია და 10 სახლში ხოლმე,“  –  ამბობს  ნათია ბერელიძე „ფორტუნასთან“.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა თამუნა დარასელიას შვილის კერძო ბაღშიც, სადაც მისი შვილის აღმზრდელი სიცხიანი ბავშვის ოჯახს მათ მიერ მითითებულ ვერცერთ ნომერზე დღის ბოლომდე ვერ დაუკავშირდა. როგორც თამუნა „ფორტუნას“ უყვება, აღმზრდელი კი ამ დროს იძულებულია, სიცხიანი ბავშვი ჰყავდეს სხვა ჯანმრთელ ბავშვებთან ერთად ერთ ოთახში.

საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჰიგიენისა და ჯანმრთელობის კოორდინატორის მოვალეობაა, რომელსაც, როგორც „ფორტუნას“ „ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში” უთხრეს,  მთელი დღის განმავლობაში აღსაზრდელთა ჯანმრთელობაზე  მონიტორინგი ევალება. მათ შორის, ასეთი შემთხვევების გამოვლენისას, აღსაზრდელზე ზრუნვაც.

რა ბერკეტი აქვს ასეთ დროს ბაღს, ამის  გარკვევა„ფორტუნამ“ რამდენიმე საჯარო ბაგა-ბაღში სცადა.

როგორც დირექტორების უმრავლესობა აცხადებს, თუ სიცხიანი ბავშვის აღმოჩენა მოყვანისთანავე მოხდა, მას დაუყოვნებლივ ატანენ მშობელს, რადგან დირექტივის მიხედვით, სიცხიანი ბავშვის დატოვების უფლება აღმზრდელს არა აქვს. 

თუ მაინც მოხდება ასეთი ბავშვის დატოვება და აღმზრდელმა გაციების შესახებ მშობლის წასვლის შემდეგ, გვიან შეიტყო, ასეთ დროს უკავშირდება მშობელს და მის მოსვლამდე ბავშვი გაჰყავს ჰიგიენისა და ჯანმრთელობის კოორდინატორის ოთახში, სადაც ასევე მშობელთან შეთანხმებით, აძლევს მედიკამენტს და, თუ სიტუაცია გართულდა, მშობელთან შეთანხმებითვე იძახებს სასწრაფოს.

საჯარო ბაგა-ბაღების ხელმძღვანელები სხვა შემთხვევას „ფორტუნასთან“ საუბრისას არ განიხილავენ, მათ შორის, არც გაციებული ბავშვის ჯგუფის სხვა ბავშვებთან კონტაქტს. 

ბაგა-ბაღის შინაგანაწესში ვკითხულობთ: „ჯანმრთელობისა და ჰიგიენის უზრუნველყოფის კოორდინატორი:

  • აკონტროლებს ბავშვის ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობას;
  • ბაგა-ბაღში უეცარი ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში, ბავშვს პირველად დახმარებას უწევს;
  • ბავშვისთვის სახლიდან მოტანილი პრეპარატის მიღებას აკონტროლებს;
  • მეთვალყურეობას უწევს შენობაში ჰაერის განიავებას და ა.შ.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები