რა დაავადებები იწვევს თმის ცვენას და როგორ შეიძლება მისი აღდგენა – ნინო ოთარაშვილის რეკომენდაციები

797

რა არის თმის ცვენის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, რა პროდუქტები უზრუნველყოფს თმის სიჯანსაღეს, შესაძლოა თუ არა თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნის შერჩევა სწორად და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ჯანსაღი თმის სტრუქტურის შესანარჩუნებლად – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა დერმატოვენეროლოგმა, ნინო ოთარაშვილმა ისაუბრა.

 ქალბატონო ნინო, დავიწყოთ საუბარი მიზეზებით, რა იწვევს თმის ცვენას ყველაზე ხშირად?

პირველ რიგში, სანამ ვისაუბრებთ თუ რა იწვევს თმის ცვენას, უნდა გავეცნოთ, რა სახის თმის ცვენაზეა საუბარი. ზოგადად, დღევანდელ დღეს, თმას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, ის არა მარტო თერმორეგულაციის ორგანოა, არამედ მისი ჯამრთელობის ერთ-ერთი ინდიკატორიც არის. ცალკე თმაზე ვერ ვისაუბრებთ, უნდა გავითვალისწინოთ კანისა და ფრჩხილის სიჯანსაღეც. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ანდროგენული ალოპეცია, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა განსაკუთრებით მამაკაცებში. ალოპეცია ნიშნავს თმის ცვენას და ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰორმონალურ დისბალანსს. იმდენად პრობლემატურია თმის ცვენა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, დერმატოლოგიას ცალკე ქვედარგად გამოეყო ტრიხოლოგია, ეს არის სწავლება თმისა და თმის ღერის ზრდის შესახებ. კვლევების შედეგად ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ანდროგენული ალოპეცია გავრცელებულია ქალებშიც. მამაკაცებში ანდროგენული ალოპეციისას თმის ცვენა იწყება შუბლის ხაზიდან, შემდეგ ის მოიცავს საფეთქლების, თხემისა და კეფის არეს. ქალბატონებში თმის ცვენა კლინიკურად სხვაგვარად წარმოდგინდება, თმა უფრო გამეჩხერებულია და თმის დანაკარგი მკვეთრად გამოხატული არ არის. მექანიზმი ერთია – ანდროგენების სიჭარბე, ესტროგენების დაბალი დონე პროგესტერონის მაღალ დონესთან ერთად.

თმის ცვენა იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობილებაზე და დიდი მნიშნელობა აქვს მის განკურნებას. შეფასება ხდება ლუდვიგის შკალით. შორს წასული პროცესების შემთხვევაში პროგნოზი ნაკლებად საიმედოა, თუმცა, დასაწყისში, დროულად ექიმთან მიმართვისას განკურნების 80%-იანი შანსი არსებობს.

არსებობს თუ არა რაიმე კვლევა, რომლის ჩატარებაც თმის ცვენისას არის რეკომენდებული?

აუცილებელია ჰორმონული სპექტრის განსაზღვრა, რომელიც ძირითადი მიზეზია ხოლმე ამ დაავადების. მაგრამ, არის შემთხვევებიც, როდესაც ჰორმონული სპექტრი მწყობრშია და საუბარი გვაქვს პერიფერიულ ანდროგენიზმზე და პათოლოგიური პროცესები მიმდინარეობს არა სისტემურად, არამედ ლოკალურად. ერთ-ერთი მიზეზი არის სკალპის დაავადება სებორიული დერმატიტი, როდესაც ცხიმოვან ჯირკვლებზე, ტესტოსტერონის ზემოქმედების შედეგად, ხდება მათი გააქტიურება და სებორიული დერმატიტი, როგორც დაავადება, შეიძლება თმის ცვენის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს. მისი განკურნების შედეგად პრობლემაც გვარდება, მნიშვნელოვანია დროულად დადგინდეს თმის ცვენის მიზეზი და სწორად დაინიშნოს მკურნალობა. რაც შეეხება კვლევებს, არის რამდენიმე კველევა, რომელიც დიაგნოსტიკაში გვეხმარება. მაგალითად დერმოსკოპია, ნაკლებად ინვაზიური მეთოდია და საკმაოდ ინფორმატიულია. თვალით უხილავი დაზიანების შემთხვევაში, დერმოსკოპით დათვალიერებისას, გვექმნება სრული წარმოდგენა იმის კლინიკაზე, რითიც პაციენტი მოგვმართავს და მკურნალობის  სტრატეგია სწორად ისაზღვრება. ერთ-ერთი მეთოდია ტრიხოგრამა, რომლის დროსაც დაზიანებული ორი უბნიდან, ხდება რამდენიმე თმის ღერის მექანიკური მოშორება და მიკროსკოპის ქვეშ დათვალიერება. ეს მეთოდი არ არის სტრესული პაციენტისთვის. თუ თავის კანის დაავადებასთან გვაქვს საქმე, შესაძლებელია ბიოფსიის გამოყენებაც, მაგრამ ეს მეტად ინვაზიურია და უნდა აიწონ-დაიწონოს მდგომარეობა, რამდენად საჭიროა კვლევის ჩატარება პაციენტის გამოჯანმრთელებისათვის. ტრიხოფოტოგრამაც კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც დამატებით გვაძლევს შედარებისა და მონიტორინგის საშუალებას.

რეალობაა თუ მითი, რომ თმის ცვენის შემდგომ მისი აღდეგნა შესაძლებელია და რა როლს თამაშოს მედიკამენტოზური მკურნალობა?

არის ხოლმე შემთხვევები, მაგალითად ბუდობრივი ალოპეცია, როდესაც თმისაგან თავისუფალია ერთი ან რამოდენიმე უბანი სკალპზე. პირველი ეპიზოდის შემთხვევაში პაციენტი ზოგჯერ ექიმთან მისვლამდეც იკურნება და მიიჩნევს, რომ პრობლემა მოგვარდა, მაგრამ არსებობს განმეორების შემთხვევაც. ბუდობრივი ალოპეციის დროს, განმეორებითი ეპიზოდების შემთხვევაში, თუკი დადგინდება ძირითადი მიზეზი, ის სომატური დაავადება, რომელიც ამ კლინიკური მდგომარეობის გამომწვევი შეიძლება იყოს, სწორად ჩატარებული მკურნალობისას სრულიად ნორმალურია თმა ამოვიდეს და მოხდეს აბსოლუტური განკურნება. გააჩნია რა მიზეზით არის გამოწვეული თმის ცვენა. რიგ შემთხვევაში, იგივე ანდროგენული ალოპეციის შემთხვევაში, თუკი ეს არის შორს წასული პროცესი და საქმე გვაქვს გენეტიკურ ფაქტორთანაც, სამწუხაროდ გამოჯანმრთელების შანსი უფრო დაბალია, თუმცა ასე ხელაღებითაც ვერ ვიტყვით, რომ შედეგის მიღება შეუძლებელია. გადამწყვეტია როგორც დიაგნოზის დასმა, ისე მკურნალობის სწორად შესრულება.

რა პროდუქტები უზრუნველყოფს თმის სიჯანსაღეს და რა უწყობს ხელს მის ცვენას?

რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ის, რასაც ვიღებთ. კვების პროდუქტების სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. პაციენტი ხშირად თვითონ ინიშნავს სხვადასხვა დიეტას, რამაც შეიძლება თმის ცვენა გამოიწვიოს. თმა არის კანის დანამატი, ამიტომ მის ჯანმრთელობაზე ცალკე საუბარი მართებული არ იქნება. თმა, კანი და ფრჩხილი ერთიანი კომპლექსია. არის გარკვეული პროდუქტები, რომლებიც თმას ელვარებას, სიჯანსაღეს მატებს, რაც თავისთავად ჩვენს გუნება-განწყობაზე აისახება.

B ჯგუფის ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია თმის ჯანმრთელობისთვის. ასევე A და C ჯგუფის ვიტამინები, ცილოვანი საკვები, რადგან მისი დანაკლისი ცუდად აისახება თმის სიჯანსაღეზე. არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის დოზირებული მიღება. ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს.

თქვენ ურჩევთ პაციენტებს, თავი შეიკავონ არაჯანსაღი საკვებისგან, მოქმედებს თუ არა ეს თმის სტრუქტურაზე?

ზოგადად, არაჯანსაღი საკვები არ მოქმედებს დადებითად. ვიტამინები და მინერალები უნდა იყოს პრიორიტეტული, ასევე თევზი. არ შეიძლება რომელიმე კონკრეტული პროდუქტების თვითნებურად ამოღება. მაგალითად, ვეგეტარიანელებს, ხორცი აქვთ მენიუდან ამოღებული, რაც ხშირად ანემიას იწვევს.

რა დაავადებების დროს შეიძლება განვითარდეს თმის ცვენა?

ეს შეიძლება იყოს რკინადეფიციტური ანემია, ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. როდესაც აქ არის ნორმიდან გადახრა, გვჭირდება ენდოკრინოლოგის დახმარებაც, რომ ერთად მოვაგვაროთ პრობლემა. ბუდობრივი ალოპეციის დროს, როგორც აღვნიშნეთ ერთი ან რამდენიმე უბანია თმისაგან თავისუფალი, კანი კი არის სადა, დაზიანების გარეშე. აუცილებელია გამოირიცხოს ვენერიული დაავადება სიფილისი, რომელიც გარკვეულწილად ბუდობრივი თმის ცვენით გამოიხატება.  თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს სისტემური დაავადებებიც. თუმცა, ასეთ დროს კლინიკა ცხადად ჩანს, როდესაც საუბარია ფსორიაზზე, სოკოვან დაავადებებზე. ჯერ გამონაყარის შეფასება ვიზუალურად ხდება, შემდეგ კი ინიშნება კვლევები, რომ დიაგნოზში დავრწმუნდეთ.  ძალიან ხშირად, თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს სებორიული დერმატიტი, რომელიც პირველ რიგში კლინიკურად გამოხატება ქერტლით, თუმცა წამყვანი ფაქტორი არის სოკოვანი კოლონიები. მიზეზების მოშორების შემდეგ, დერმატოლოგის მიერ მკურნალობის გარეშეც შეიძლება მოხდეს გარკვეული გაუჯობესება. თუმცა 100%-იანი შედეგისთვის, აუცილებელია დერმატოლოგმა დანიშნოს მკურნალობა.

რამდენად მოქმედებს თმის ხშირი ბანვა თმის ცვენაზე?

თმის ხშირ დაბანაზე მეტად გალენას არასწორად შერჩეული დასაბანი საშუალებები ახდენს. შამპუნი არა მარტო ჰიგიენური საშიუალებაა, ის მკურნალობის დამხმარე კომპონენტიც არის და სწორად უნდა იყოს შერჩეული. მშრალი თმის შემთხვევაში, ნაკლებად არის საჭირო დაბანა, ცხიმიანი თმის შემთხვევაში უფრო ხშირად, თუმცა სწორად შერჩეული შამპუნით. მე დაბეჯითებით ვამბობ, რომ შამპუნი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. რაც შეეხება კონკრეტულად თმის ცვენის შამპუნებს, ის გამდიდრებულია ისეთი ინგრედიენტებით, რომლებიც იწვევენ თმის ფოლიკულის გაჯანსაღებას და მათი უგულვებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება. მარტო შამპუნს რა თქმა უნდა ვერ დავეყრდნობით.

რა როლს თამაშობს  თმის ღებვა, გასწორება, დახვევა და სხვადასხვა პროცედურები თმის ცვენისას?

აგრესიული კოსმეტიკური საშუალებები იწვევს თმის კუტიკულის დაზიანებას, ანუ თმის ღერის დამცავი გარსის აშრევებას. აუცილებელია დამატებითი მოვლის საშუალებების გამოყენება გამომდინარე იქიდან, რა ტიპის თმა აქვს ადამიანს.

ხალხური მედიცინა, ესაა სხვადასხვა ნიღბები, ზეთები, საცხები. მითია თუ რეალობა, რომ ამ მეთოდით თმის აღდგენა შეიძლება?

გარკვეული შედეგი ალბათ აქვს, ეს უფრო მონოთერაპიაა გარკვეული მცენარის ნაყენის გამოყენება, ზეთის შეზელა… უმჯობესია, ქარხნულად დამზადებული შამპუნი, ნიღაბი, შესაზელი შრატი გამოვიყენოთ, რომელიც უფრო მეტ შედეგს მოგვცემს. თუმცა, მე ხალხური საშუალებების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მათი გამოყენება რეკომენდირებულია მაშინაც, თუ ჯანსაღი თმა გვაქვს. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს თმის სილამაზეს, მითუმეტეს თუ ვგეგმავთ გარკვეულ აგრესიულ ჩარევას, თმის ქიმიურად დახვევას და ა.შ.

რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ ჯანსაღი თმის სტრუქტურის შესანარჩუნებლად?

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რა ტიპის თმა გაქვთ, რომ შესაბამისი საშუალებები გამოიყენოთ. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სწორ კვებას, რადგან რაც არ უნდა კარგად მოვუაროთ თმას, ეფექტს ვერ მივიღებთ. მნიშვნელოვანია თავის თმიანი საფარველის მეზოთერაპიას. პროცედურა პოპულარულია სახის კანზე და მე ვიტყოდი არანაკლებ ეფექტურია თავის კანზეც. არის სპეციალური მეზოკოქტეილები, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს თმის ფოლეკულზე, თმის ღერი უფრო ჯანსაღია და სწრაფად იზრდება, აქვს უფრო მეტი ბზინვარება. როგორც კანს ვუვლით პრევენციისთვის, იგივეა საჭირო თმის კანისთვისაც.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1936264249731728/

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები