LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაემართა ლარს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება

192

მოლოდინები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, ზუსტად ამის გამო დაიწყეს იმ ზომების განხორციელება, რაც ლარიზაციას შეეხება. მისივე თქმით, საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და ამას თავისი მიზეზი აქვს. თუმცა, კობა გვენეტაძეს საუბარი “ევროპული საქართველოს” წევრმა აკაკი ბობოხიძემ შეაწყვეტინა. როგორც ბობოხიძემ განაცხადა, გასაგებია ლარიზაციის პოლიტიკა, თუმცა აინტერესებს, რატომ მოხდა დარტყმა ლარის კურსზე და რამ გამოიწვია 2.40-დან 2.70-ზე ასვლა.

კობა გვენეტაძის განცხადებით, „რაც შეეხება ბოლოდრონდელ ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურებას, ეკონომისტები, როგორც წესი უყურებენ ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსს“.

“თუ შევხედავთ იმ საგარეო ფაქტორებს, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, არის გაუმჯობესება. როგორც წესი, როდესაც ჩვენ გვინდა დავადგინოთ, თუ რა მოუვიდა ვალუტას, ამისთვის უნდა შევხედოთ საგადასახდელო ბალანსს. ეს არის საკმაოდ ბევრი ინფორმაციის კრებული და როგორც წესი, კვარტლის ბოლოს ხდება ინფორმაციების მიღება. დღესდღეობით რასაც ვუყურებთ, ერთადერთი მიზეზი, რომელსაც ვხედავთ არის მოლოდინები. მაგალითად, ნოემბერში გვქონდა იმპორტის ზრდა. საბოლოოდ ამასთან დაკავშირებით, პასუხის მოცემა შესაძლებელი იქნება კვარტლის ბოლოს, როდესაც მთელი ეს ინფორმაცია შეგროვდება, როდესაც მე-4 კვარტლის საგადასახდელო ბალანსს დავდებთ. მიუხადავად დიდი სურვილისა, დღეს შეუძლებელია ჩავშალოთ, თუ რატომ მოხდა ეს. აქედან გამომდინარე, მივდივართ გამორიცხვის პრინციპით, რადგან სხვადასხვა ფაქტორი გაუმჯობესებულია, რას შეიძლებოდა ემოქმედა. ერთ-ერთი ფაქტორია მოლოდინები”, – განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, დღესდღეობით ეროვნული ბანკისთვის ერთჯერადი ფაქტორი, რომელსაც შეიძლებოდა ნომინალური ეფექტური კურსის შესუსტება გამოეწვია, ცნობილი არ არის.  “მოლოდინები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე აუცილებლად გაუფასურდებოდა, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად გაუფასურდებოდა. გარდა ამისა, მეზობელ ქვეყნებსაც უნდა შევხედოთ. თურქულ ლირას თავისი ისტორიული მინიმუმი ჰქონდა დაახლოებით, ორი კვირის წინ. ესეც არის გარკველწილად იმის მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს”, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარიზაციის პროგრამაზეც ისაუბრა.  „რაც შეეხება თავად ლარიზაციას- ეს არის გრძელვადიანი პროგრამა და არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ლარის კურსის სტაბილურობას. არ ვფიქრობ, რომ ასეთი რამ ოდესმე თქმულა. ლარიზაცია არ ნიშნავს ლარის სტაბილურობას, ეს არის ლარის გაცვლით კურსზე დამოკიდებულების შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკაში უნდა გაიზარდოს წვდომა ლარის რესურსზე და რაც უფრო მეტი წვდომა იქნება ლარის რესურსზე, მით უფრო მეტი სესხი იქნება ლარში“, – განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა და საერთაშორისო მაგალითები მოიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები