LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაევალებათ კომერციულ ატაშეებს – მთავარი მიმართულებები

112

კომერციული ატაშეს ინსტიტუტის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ჟურნალისტებს კომერციული ატაშეს თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მინისტრის თქმით, კომერციული ატაშეების ძირითად ვალდებულებებში ორი სხვადასხვა მიმართულება შევა..

“პირველ რიგში, ეს არის საექსპორტო პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა. მეორე – ეს არის ინვესტიციების მოზიდვა. როდესაც ვსაუბრობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, რა თქმა უნდა, მათ შორის საუბარია მაღალტექნოლოგიურ ინვესტიციებზე, ცოდნის გადმოტანასა და გაზიარებაზე. შესაბამისად, ეს მიმართულება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს არის საპილოტე პროექტი და პირველ ეტაპზე შეირჩა ექვსი პარტნიორი ქვეყანა, სადაც კონკურსის შედეგად შერჩეული კომერციული ატაშეები მუშაობას შეუდგებიან. ეს ქვეყნებია: აშშ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.

“ყველა ამ ქვეყანასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სწორედ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის გვჭირდება კომერციული ატაშეები, რომლებიც ამ ქვეყნებში იმსახურებენ“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები