LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეკონომიკურ სარგებელს მივიღებთ უვიზო მიმოსვლით?

136

ევროპარლამენტმა საბოლოოდ დაუჭირა მხარი უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ვიზალიბერაცია ევროპის მასშტაბით საზღვრების მოხსნას არა, თუმცა რეგულაციების შემცირებას გულისხმობს.

საქართველოსა და ევროპას შორის სასაზღვრო ბარიერის შემცირება კი ქვეყანას სხვადასხვა სარგებელთან ერთად, ეკონომიკურ წინსვლასაც მოუტანს.

გარდაუვალია მოსახლეობის გადინება საზღვარგარეთ  და ევროპაში არალეგალური სამუშაოს ძებნა. თუმცა, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამას დიდი მასშტაბები არ ექნება. სამაგიეროდ, მოსახლეობა, რომელიც საქართველოშია უზრუნველყოფილი სამსახურით, უფრო მარტივად შეძლებს ევროპაში მოგზაურობას, სხვა ქვეყნების წინსვლის გაზიარებას და ევროპული გამოცდილების მიღებას.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ხომასურიძე ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა საქართველოს ეკონომიკისთვის დადებით შედეგებს მოიტანს.

„ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს აისახება რა თქმა უნდა, ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. გარდა იმისა, რომ პროფესიონალები უფრო მარტივად შეძლებენ წასვლასა და იქ არსებული პირობების გაგებას, თუნდაც მხოლოდ გასაუბრებას კონკრეტულ კომპანიებთან, ასევე მარტივად ექნებათ კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება.

იმის მიუხედავად, რომ უვიზო მიმოსვლა, შენგენის ქვეყნებში მუშაობის უფლებას არ ითვალისწინებს, გარდაუვალია საქართველოდან სამუშაოს მაძიებლების გადინება. ეს რა თქმა უნდა, გზავნილებზე აისახება, რაც მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის შემოსავალია“, – განაცხადა ირაკლი ხომასურიძემ „ფორტუნასთან“.

 

ბიზნესის განვითარება

ამასთან ქართველი მეწარმეებისთვის უფრო ფართო ბაზარი გაიხსნება.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში შოთა კვინტრაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ამ საკითხში ყველაზე მთავარი ხარისხის დონის აწევა და კონტაქტების დამყარებაა, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის უფრო მარტივი იქნება.

„ვფიქრობ, რომ უდაოდ დიდი მოვლენაა. ეკონომიკის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს უფრო აქტიურად დაესწრონ ეკონომიკურ ფორუმებს, გააღრმავონ კონტაქტები და უშუალოდ ნახონ როგორი ხარისხის პროდუქცია იწარმოება ევროპაში. ამასთან მხოლოდ მაღალი ხარისხი საკმარისი არ არის, აუცილებელია სტანდარტების დაცვა და კარგი რეკლამა. ამ ყველაფრის ნახვის და კონტაქტების გაღრმავების საშუალებას ვიზალიბერალიზაცია ქართველ მეწარმეებს ნამდვილად მისცემს“, – განაცხადა შოთა კვინტრაძემ „ფორტუნასთან“.

გარდა ამისა ეკონომიკის ექსპერტი შოთა კვინტრაძე ფიქრობს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, მიხვდება რომ ევროკავშირთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა დამღუპველი, არამედ აუცილებელია.


მაღალი ხარისხი და სტანდარტები

მისი თქმით, აუცილებელია საქართველომ და ქართველმა ბიზნესმენებმა ფეხი აუწყონ ევროპულ ხარისხსა და სტანდარტებს.

„ევროკავშირის ბაზარი და პროდუქციის ხარისხი ერთ–ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ეს ბაზარი ჩვენთვის იხსნება, მაგრამ ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხი ამაღლდეს და საშუალება მოგვეცეს ამ ბაზრის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. როცა ქართველ ბიზნესმენებს ამასთან უშუალო შეხება ექნებათ, ეს დიდ ბიძგს მისცემს ეკონომიკას“, – განაცხადა შოთა კვინტრაძემ „ფორტუნასთან“.

 

განათლება

ამასთან ექსპერტმა, ყურადღება გაამახვილა განათლების კუთხით უფრო მეტ შესაძლებლობაზე.

„ქართველი ახალგაზრდებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად სხვადასხვა კურსების გავლა უფრო მეტად იქნება ხელმისაწვდომი. განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლება კი გრძელვადიან პერიოდში პირდაპირკავშირშია, ეკონომიკურ წინსვლასთან“, – განაცხადა ექსპერტმა.

რა ხდება ევროპაში ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ოდნავ შენელდა, თუმცა ის მაინც მეტია ვიდრე აშშ-ს ეკონომიკური ზრდა.

2016 წლის სტატიტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ევროპის კავშირის 28 ქვეყნის ეკონომიკა მთლიანობაში 1,9%-ით გაიზარდა. ხოლო ევროზონის 19 ქვეყნის მშპ-ს ზრდამ 2016 წელს 1,7%-ი შეადგინა.

2016 წლის მაჩვენებლები შედარებით მცირეა ვიდრე 2015 წლის სტატისტიკური მაჩვენებლები, რადგანაც 2015 წელს ევროკავშირის ეკონომიკურმა ზრდამ 2,2%-ი შეადგინა, ევროზონისამ კი 2,0%-ი.

 

მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი

“მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!” – ეს სიტყვები საქართველოს აწგარდაცვლილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა

ევროპული საზღვრები გახსნილია: მეწარმეებისთვის, სწავლასმოწყურებული ახალგაზრდებისთვის, დამწყები თუ უკვე გამოცდილი ბიზნესმენებისთვის თუ უბრალოდ მოგზაურობის მოყვარულებისთვის.

ევროკავშირის პრივილეგიებით სარგებლობის შემდეგ, თუ ექსპერტებს ვენდობით, გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდშიც საქართველოს ეკონომიკა წინ წაიწევს და უფრო თამამად ვიტყვით–მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!

 

ქვეყნები სადაც უვიზოდ ვიმოგზაურებთ

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:

წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;

კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

 

თამთა უთურგაშვილი