LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ელის პირს, ვინც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს დაარღვევს

68

400 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა – სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს პირველ ჯერზე პირს, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აკრძალული მიმართულებიდან შევა და შესაბამის კანონს დაარღვევს.

როგორც რადიო „ფორტუნასთან“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, ეს თანხა, ჯერჯერობით, პარლამენტში ამ ეტაპზე არსებული პროექტის ერთ-ერთი ვარიანტია.

მთავარი ცვლილება, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევას ეხება. არსებული რეგულაციით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, პირზე სისხლის სამართლებრივი დევნა ვრცელდება, ცვლილებების პროექტით კი, კანონის პირველად დარღვევის შემთხვევაში, პირის მიმართ ადმინისტრაციული ჯარიმა ამოქმედდება და სისხლის სამართლდებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ განმეორებით შემთხვევაში გავრცელდება.

კანონში ცვლილებების წარდგენილი სახით განხილვას, ახალი მოწვევის პარლამენტი მხოლოდ ახლა იწყებს და როგორც ჩვენთან საუბრისას ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, პროექტის საბოლოო რედაქციამდე, საპარლამენტო განხილვების პროცესში, კანონის ცალკეული დებულებები შეიცვალოს.

რაც შეეხება საკითხს, რა კონკრეტული მექანიზმებით შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას კანონის დამრღვევის მიმართ კანონიერი სასჯელის გამოყენება, ირაკლი ბერაიას განმარტებით :

„როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესული პირი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდება, სასაზღვრო-გამტარ პუნქტში მის საბუთებში დაფიქსირდება, რომ უკანონოდ იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. შემდეგ ხდება მისი დაკავება და სასამართლო ადგენს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დამრღვევი პირი დაჯარიმდება თუ პატიმრობა შეეფარდება. ეს არის მოქმედი კანონის რეგულაცია, თუმცა ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, კანონის პირველ ჯერზე დარღვევა, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯადი იქნება, პატიმრობა კი მხოლოდ განმეორებით ქმედებაზე გავრცელდება“.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას, ახალი მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს.

ავტორი ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები