LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ელის უცხო ენის გაკვეთილებს – სიახლე დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა

საჯარო სკოლებში მეორე უცხო ენის შესწავლა შესაძლოა,  სავალდებულო აღარ იყოს. გავრცელებული ინფორმაციით,  სკოლის საათობრივ ბადესთან დაკავშირებით,  განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი სტრატეგიის მიხედვით,  სკოლები მეორე უცხო ენას (რუსული, გერმანული, ფრანგული) სხვა არჩევით საგნებთან  ერთად  შესთავაზებენ მოსწავლეებს.

იმ შემთხვევაში, თუ სკოლების ნაწილი უარს იტყვის რუსული, ფრანგული და გერმანული ენის სწავლებაზე, ამ საგნის პედაგოგებს გაკვეთილების რაოდენობა და შესაბამისად, ანაზღაურებაც შეუმცირდებათ.

მეორე უცხო ენა სკოლებში მე-5 კლასიდან ისწავლება და მოსწავლეთა უმრავლესობა რუსულს ირჩევს.

საქართველოს მასშტაბით 6 000-მდე რუსულის პედაგოგი და ათასამდე გერმანული და ფრანგული ენის სპეციალისტია.

განათლების სფეროს ექსპერტი, სიმონ ჯანაშია, შიშობს, რომ გადაწყვეტილება სასკოლო ცხრილიდან მეორე უცხო ენის გაქრობას გამოიწვევს. თუ სკოლა უცხო ენას სხვა პოპულარულ საგანთან ერთად შესთავაზებს მოსწავლეს და კლასი ორად გაიყოფა, სკოლას ორმაგი ხარჯის გაღება მოუწევს, რაზეც შეიძლება, უარი თქვას.

განათლების სფეროს სპეციალისტი  რამდენიმე ენაზე კომუნიკაციის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს და ამ შესაძლებლობის ბავშვებისთვის მოკლება არასწორად მიაჩნია.

„საქართველოში რამდენიმე ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობის მიცემა ბავშვებისთვის  მნიშვნელოვანია. ჩვენს რეგიონში მარტო ინგლისურის ცოდნა არ არის საკმარისი. სამსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული ენის ცოდნას მოითხოვს,  მეორე ევროპული ენის, მაგალითად, გერმანულის,  ფრანგულის და ა.შ., სწავლება მნიშვნელოვანი სიმდიდრეა ადამიანისთვის, ვისაც ევროპაში სურს სწავლის გაგრძელება. არც სამეცნიერო ლიტერატურაა ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი. რამდენიმე ენაზე კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ბიზნესურთიერთობებისთვისაც. განათლების სამინისტრომ უნდა დაასაბუთოს, სხვა რომელი საგნის სწავლება გადაწონის ამ ყველაფერს,“ -ამბობს სიმონ ჯანაშია „ფორტუნასთან“.  

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას  არაგონივრულად მიიჩნევს რუსული ენის მასწავლებელი, ინა სეფაშვილიც,  თუმცა, გაკვეთილების ცხრილიდან, სხვა ენებისგან განსხვავებით, რუსულის გაქრობას გამორიცხავს. რუსულის მასწავლებელს  მშობლების კეთილგონიერების იმედი აქვს.

„ბავშვები იმას ირჩევენ, რაც მარტივია შესასწავლად. მშობლების კეთილგონიერების იმედი მაქვს, დასაქმების ნებისმიერ საიტზე რომ ვნახოთ,  როგორც საჯარო სამსახურებში  ასევე კერძო ორგანიზაციებში, მინიმუმ, ორი ენის  –  რუსული და ინგლისური ენის ცოდნაა სავალდებულო. ფრანგული დიპლომატიური ენაა და არც მისი ამოღებაა მიზანშეწონილი,” – ამბობს ინა სეფაშვილი.

მეორე უცხო ენის არჩევითობაში პრობლემას ვერ ხედავს მეოთხეკლასელი სანდროს დედა, თუმცა, არჩევითი საგნების ჩამონათვალში მეორე უცხო ენის არსებობას აუცილებლად მიიჩნევს.

„არჩევითობაში პრობლემას ვერ ვხედავ. შეიძლება, სხვა მშობელს სხვა საგანი სურდეს, მე აუცილებლად უცხო ენას ავირჩევ და სკოლამ თვითნებურად არ უნდა გადაწყვიტოს მეორე უცხო ენის მთლიანად ამოღება ცხრილიდან,“ – ამბობს „ფორტუნასთან” ეკა მაღლაკელიძე.

სკოლებში მეორე უცხო ენის სავალდებულო საგნების ნუსხიდან ამოღებაზე კომენტარს არ აკეთებენ განათლების სამინისტროში. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით,  მოსაზრება ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე გაჟღერდა და საკითხის განხილვა არცერთ ოფიციალურ დონზე არ მიმდინარეობს.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები