LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ელოდება მაყურებელს „ღამის სერენადების” მე-10 საიუბილეო ფესტივალზე

76

Ardaidardo.Ge
ბათუმი-თბილისის X საიუბილეო ფესტივალი „ღამის სერენადების“ ორგანიზატორი წელს კომპანია არტ-ალიანსია. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი კი ნინა ცაგარელია.

 

ნინა უკვე 17 წელია საქართველოში პიარ საქმიანობას ეწევა – გამორჩეული იმიჯის მქონე, მომხიბვლელი, დახვეწილი და მაღალი დონის სპეციალისტი – ასე იცნობენ მას პროფესიულ წრეებში.

 

ნინა ცაგარელი დაბრუნებისთანავე ჩაერთო პრესის ფესტივალ ”ოქროს კალამი”-ს ორგანიზებაში (მაშინ მეგობრებს ეხმარებოდა), შემდგომ იყო ”არტ-იმედი”, პიარ კომპანია ”ანალიტიკოსი”, ეკონომიკის სამინისტრო, ”პატრიარქის ფონდი”, ”ჯინო ფერედაისი”, “დევიდ ლინჩის ფონდი”. წლებია კლასიკური მუსიკის სფეროში საქმიანობს, მრავალი კონცერტი, საერთაშორისო პროექტი და ფესტივალი: “აღდგომიდან ამაღლებამდე“, “ბათუმის მუსიკალური ფესტივალი”, მისი საქმიანობის გრძელ სიაში “ღამის სერენადებს” განსაკუთრებული ადგილი უკავია.

 

კლასიკური მუსიკის ფესტივალი “ღამის სერენადები” 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

 

მოგვიყევით თქვენს მიმდინარე პროექტზე, „ღამის სერენადები“, რომელსაც წელს საიუბილეო წელი აქვს?

 

მე უკვე რამდენიმე წელია შეხება მაქვს ამ ფესტივალთან, თუმცა წლევანდელი ფესტივალი ჩემთვის ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ქალბატონმა ლიანამ სწორედ მე და ჩემს კომპანია – „არტ ალიანსს“ მოგვანდო ფესტივალის ხელმძღვანელობა და ორგანიზება, ჩვენთვის ეს დიდი პატივია. ლიანა ისაკაძის თითოეული პროექტი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას და სიყვარულს იმსახურებდა, ხოლო რაც შეეხება ფესტივალს ,,ღამის სერენადები“, თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით უკვე ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

 

წელს ფესტივალი ასეთი სახით ბათუმში უკვე მეათედ ტარდება, თუმცა მისი ისტორია გაცილებით უფრო მეტ, თითქმის 4 ათეულ წელს ითვლის და მისი სათავე საქართველოს უმშვენიერეს მხარეს – აფხაზეთს უკავშირება. სწოდედ ამიტომ არის ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო ამ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელობა.

 

ქალბატონი ლიანა რამდენად ჩართულია ფესტივალის საორგანიზაციო საქმიანობაში?

 

ყველა პროფესიული საკითხის შეთანხმება, პროგრამის შედგენა თუ მუსიკოსების მოწვევა ქალბატონ ლიანასთან შეთანხმებით ხდება და არც შეიძლება ეს სხვაგვარად იყოს, რადგან ფესტივალი „ღამის სერენადები“ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ, კი ყველნაირად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ დონის შენარჩუნებას და მსმენელს დიდი სიამოვნება მივანიჭოთ.

Ardaidardo.Ge
სიახლეები თუ იგეგმება წელს და რით გამოირჩევა წლევანდელი ფესტივალი?

 

სიახლეები ბევრია. უპირველეს ყოვლისა, ფესტივალის მხატვრულ მხარეს, ქალბატონ ლიანასთან ერთად მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე უხელმძღვანელებს; ფესტივალის საბაზო ორკესტრი უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი, ახალგაზრდა მუსიკოსებით დკომპლექტდა და “საქართველოს ვირტუოზები” ეწოდა; საიუბილეო წელს ფესტივალის პროგრამაც განსაკუთრებული გვაქვს, წელს საქართველოს პირველად ესტუმრებიან მევიოლინე გეზა ჰოსზუ-ლეგოცკი და გიტარისტი სოფია ბოროსი, რომლებიც ბათუმის სასტუმრო შერატონში დაგეგმილ კონცერტზე წარსდგებიან მსმენელის წინაშე.

პროგრამა იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი, სოლისტები გვეყოლება აშშ-დან, იტალიიდან, უნგრეთიდან. ფესტივალის საპატიო დირიჟორად მოვიწვიეთ ვახტანგ მაჭავარიანი, ხოლო დასკვნითი კონცერტის სოლისტად, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი პიანისტი, ალექსანდრე კორსანტია. ბათუმში გაიმართება ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის იოსებ ბარდანაშვილის იუბილე და გია იაშვილის საავტორო ტანგოს საღამო, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

დარწმუნებული ვართ, რომ მე-10 საიუბილეო ფესტივალის „ღამის სერენადების” ხუთივე საღამო ფართო საზოგადოებისთვის დაუვიწყარი ემოციებისა და ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ზიარების საღამოები იქნება.

 

რას გვეტყვით ფესტივალის მომავალზე?

 

თანამედროვე ტექნოლოგიების მომძლავრებამ, გარკვეულად შეანელა ახალგაზრდობაში ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ, რასაც ქალბატონი ლიანა ძალიან მტკივნეულად განიცდის. მისი სურვილია საქართველოში, ფესტივალის პარალელურად დაარსდეს სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი, სადაც, რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩართული, როგორც მონაწილის, ასევე მსმენელის სახით. ლიანა ისაკაძის სახელობის კონკურსი 2002 წელს დიდი წარმატებით გაიმართა სანკტ-პეტერბურგში, თუმცა, მისთვის, როგორც ქართველისთვის, უფრო მნიშვნელოვანია ასეთი კონკურსის სამშობლოში ჩატარება, რაც აუცილებელად მომავლის საქმეა.

Ardaidardo.Ge

 

დეტალური ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ლინკს

tkt.ge/NightSerenades

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები