LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ერქმევა “ნაცმოძრაობიდან” გამოყოფილი პოლიტიკოსების ახალ პარტიას

30

„შეგიძლიათ, ჯერ-ჯერობით, წარმადგინოთ და თქვათ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ოფიციალურად დატოვა, არც პოლიტიკური პარტიის სახელზე, არც ახალი პარტიის თავმჯდომარეზე და არც მისი ჩამოყალიბების ვადებზე, კონკრეტულად არ უფიქრია.

სერგო რატიანის განცხადებითვე, მათი მთავარი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.

„ამის ერთადერთი ალტერნატივა, ჩვენი აზრით, არის პარტია, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ საფუძვლებზე, პარტიას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა განახლების და თვითკრიტიკის, თუნდაც თავისი წარსულის გამო. საჭიროა ფართო ფრონტი ამ გზაზე“ – აღნიშნა სერგო რატიანმა.

რატომ მიიღეს “ნაცმოძრაობისგან” გამოყოფის გადაწყვეტილება

„ყოველთვის იყო ამ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ არჩევნების შემდეგ საქმე სხვაგვარად დადგა. დაიწყო ცილისმწამებლური კამპანია იმ გუნდის მიმართ, რომელიც თვლიდა, რომ პარლამენტში შესვლა აუცილებელი იყო ნორმალური პოლიტიკური პროცესების გასაგრძელებლად. შემდეგში, როცა დავიწყეთ ყრილობისთვის მზადება, ჩვენი მეგობრები გასცდნენ სამართლებრივ ჩარჩოს, თვითგამოცხადებული ექვსეულის შექმნამ ფაქტობრივად გააუქმა პოლიტიკური საბჭო და რეალურად გაყო პარტია,“ – განაცხადა სერგო რატიანმა ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, დანარჩენებს დარჩათ ორი გზა – „ჩავრთულიყავით სამართლებრივ ბრძოლაში და კანონის ფარგლებში დავპირისპირებულიყავით თანაგუნდებლებთან უსასრულო დავაში ან დაგვესრულებინა ეს კონფრონტაცია და გავცლოდით პარტიას. სწორედ ამ კონფრონტაციის გაღვივების თავიდან აცილების გამო დადგა დღევანდელი შედეგი, რომლითაც პარტია დღეს გაიყო“ – დასძინა სერგო რატიანმა.

„ნაცმოძრაობას“ გამოყოფილი პოლიტიკური გუნდის კონკრეტული სამომავლო გეგმები, ახალ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბების ვადები, მისი სახელისა და თავმჯდომარის დასახელება კი, რატიანის თქმითვე, ცოტა ხანში გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

ნათია ხუროშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები