LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფუნქცია ჰქონდათ კომისიებს, რომელსაც კალაძე აუქმებს და რა შეიცვლება ამით მოქალაქეებისთვის

98

კახა კალაძე მერიაში ნარმანიას დროს შექმნილ 19 კომისიას აუქმებს. საბჭოებისა და კომისიების გაუქმების მიზეზად კახა კალაძემ ბიუროკრატიის შემცირება დაასახელა და აღნიშნა, რომ სამსახურები უკეთესად შეასრულებენ კომისიებზე დაკისრებულ მოვალეობებს.

თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი, კოტე კანდელაკი, მიიჩნევს, რომ ახალი მერის გადაწყვეტილება მართებულია და რეალურად, აღნიშნული კომისიები მერიაში ზედმეტ რგოლს წარმოადგენდა.

კოტე კანდელაკი “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ მერიის საქმიანობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი გამჭვირვალე უნდა გახდეს და შესაძლოა, ეს ბანიჯები ამ რადიკალური ცვლილებებისკენ იყოს მიმართული.

“ჰქონდა თავისი დატვირთვა, რა თქმა უნდა, ამ კომისიებს, გადაწყვეტილების მიღების დროს დელეგირება ხდებოდა ამ კომისიებში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზედმეტი რგოლი იყო. როცა მთლიანად სისტემა იქნება გააზრებული, შესაძლებელია, თავიდან რამდენიმე კომისიის შექმნა მაინც გახდეს საჭირო. ალბათ, აქვთ უკვე წარმოდგენილი, სტრუქტურა როგორი იქნება მთლიანად მერიის. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის ეს გამართლებულ ნაბიჯად მიმაჩნია, ეს რადიკალურ ცვლილებებზე მიმართული ნაბიჯებია მერის მხრიდან. მერიის საქმიანობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობისკენ სვლა უფრო კარგი იქნება,” – აცხადებს კოტე კანდელაკი.  

კომისიები და საბჭოები, რომელთა გაუქმებაც კახა კალაძემ დაანონსა, შესაბამისი სამსახურების დაქვემდებარების ქვეშ ფუნქციონირებდნენ. მას შემდეგ, რაც ისინი გაუქმდება, კანდელაკი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებასა და მოქალაქეებთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა სწორედ ამ სამსახურებმა უნდა აიღონ, რაც მოქალაეებისთვის კომუნიკაციასაც გაადვილებს.

“როცა მოქალაქე მიმართავდა სამსახურს, იქ ეუბნეოდნენ, რომ საბჭომ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება, ჩვენ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. პასუხისმგებლობის გადატარება ხდებოდა უწყებებს შორის და მოქალაქე იყო დაბნეული, ვერ ხვდებოდა, ვინ იყო გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი. თუ ახლა ეს პასუხისმგებლობა კონკრეტულ ჩინოვნიკზე გადავა, უფრო მარტივი იქნება მოქალაქისთვის კომუნკაცია, თუ ეს ყველაფერი, როგორც გაჟღედა, ისე მოხდება და კიდევ რაიმე ბარიერი არ აღიმართება.

“თუმცა, მხოლოდ გაუქმებით ვერ ვიტყვით, რომ რაიმე გაუმჯობესდება. მთავარია, სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი ეს სტრუქტურა. უნდა გამარტივდეს პროცედურებიც. ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია. აქ საკრებულოს მოქმედება იქნება აუცილებელი, რომ ახალი ნორმატიული ბაზა მიიღოს და გაამარტივოს პროცედურები, რომ მოქალაქეს მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა გაუმარტივდეს ყველა სფეროში. ეს ნაბიჯები ალბათ იმისკენ არის მიმართული რომ გამარტივებას მივაღწიოთ,” – აღნიშნავს კოტე კანდელაკი.

კომისიები და საბჭოები,  რომელიც კახა კალაძის გადაწყვეტილებით გაუქმედება:

1. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების სამუშაოების ფარგლებში მომზადებული დოკუმენტაციის განხილვის მიზნით უწყებათაშორისი კომისია“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 5 ივლისის N24.17.490 განკარგულება;

2. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 6 აპრილის N13.02.295 განკარგულება;  

3. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 50%-ანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შემოწმების კომისია“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 3 სექტემბრის N05.12.39 განკარგულება;

4. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 3 თებერვლის N05.13.112 განკარგულება;

5. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველთა (ძაღლები) გასეირნებისათვის სპეციალური ადგილების შერჩევის მიზნით სამუშაო ჯგუფი“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 13 აპრილის N14.24.338 განკარგულება;

6. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებისა და უძრავი ქონების საზღვრების ცვლილება-კორექტირების საკითხების განმხილველი კომისია“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 10 ივნისის N23.21.705 განკარგულება;

7. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 28 სექტემბრის N36.18.695 განკარგულება;

8. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ (ს/კ 404905475) და შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (ს/კ 202886788) ხარჯების ოპტიმიზაციის სამუშაო ჯგუფი“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 25 იანვრის N04.12.69 განკარგულება;

9. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ქალაქ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შემუშავებისა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით გადაყვანისას, ელექტრონული გადახდის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განაცხადთა შეფასების, შერჩევისა და გამარჯვებულის გამოვლენის კომისია“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 8 ივნისის N22.01.473 განკარგულება; 

10. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრთა დანიშვნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 13 ივლისის N27.17.602 განკარგულება;

11. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა პრობლემებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 29 ოქტომბრის N13.06.138 განკარგულება;

12. ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელში არსებული სანათების დიოდურ სანათებზე (LED) გადასვლის უზრუნველსაყოფად შემოთავაზებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა შემსწავლელი კომისიის შექმნისა და კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 18 მარტის N11.12.273 განკარგულება;

13. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დიზაინისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესარჩევი კონკურსის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 13 მაისის N1-823 ბრძანება;

14. „მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონების ფუნქციონირების რეგულირებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო საბჭოს შექმნისა და მისი მუშაობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 5 მაისის N2156 ბრძანება;

15. „2017-2018 წლის საახალწლო ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების, საახალწლო ილუმინაციებითა და აქსესუარებით დედაქალაქის მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით კომისიის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 16 ივნისის N1-1429 ბრძანება; 

16. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 21 სექტემბრის N1723 ბრძანება;

17. „ე.წ. „ელიავას ბაზრობის“ ტერიტორიის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 5 სექტემბრის N1-1928 ბრძანება;

18. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში ელექტრონული მმართველობის დანარგვისა და გამართული ფუნქციონირების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივლისის N1427 ბრძანება;

19. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი.-ს საქართველოს ფილიალს“ შორის 2016 წლის 6 ივნისს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 04 09/10/320“ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით, ინსპექტირების სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 19 აგვისტოს N1-1601.

 

 

თაკო ივანიაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები