LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჯდება შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობა – რჩევები ვეტერინარისგან

ოჯახის კიდევ ერთი წევრი – ასე უწოდებენ შინაურ ცხოველებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრებას პატარა ასაკიდან იწყებენ, სიყვარულს და ერთგულებას კი შინ მოსულს თითქმის ყოველდღიურად გვიდასტურებენ. რა ჯდება საქართველოში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა და ზრუნვა; რა ვაქცინები არ უნდა გამოვტოვოთ, რომ ცხოველის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას და არის თუ არა საშიში პატარა ბავშვებთან ცხოველების ყოლა, ამ შეკითხვებზე “ფორტუნა” რამდენიმე ვეტერინარს ესაუბრა. მათ შორისაა მაია გოგობერიშვილიც.

 

– რა ჯდება შინაური ცხოველის პასპორტის მომზადება?

– პირველ რიგში, ლეკვებსა და კნუტებში ხდება ჭიაზე დამუშავება. პასპორტიც კი არ არის იმდენად მთავარი, რამდენადაც ჭიაზე დამუშავება. ეს ხდება 4 კვირიდან. ცხოველის წონის მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატი, თითქმის ყველა მათგანი ისეთი შემადგენლობისაა, რომ ცხოველს უზმოზე უნდა მივცეთ. აუცილებელია, ჯერ ცხოველი ავწონოთ და გავყოთ პრეპარატი. ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს წონაზე მეტად მიცემული იმიტომ, რომ პრეპარატი თავისთავად ტოქსინია. თუ ცხოველ დიდ დოზას მივცემთ, მას ჯანმრთელობას დავუზიანებთ. პირველადი დამუშავების შემდეგ, ჭიაზე ვამუშავებთ ათ დღეში. ამაშობაში შეგიძლიათ, ცხოველს პასპორტიც გაუხსნათ. რაც შეეხება ფასს, გააჩნია, რა წამალს ვაძლევთ ცხოველს, თუ 2 კგ-ზე გათვლილია 1 აბი, წამალი 1 ლარი და 60 თეთრი ღირს. წონის მიხედვით იცვლება წამლის ღირებულებაც. რაც შეეხება პასპორტს, სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ფასია, „ვეტჰაუსში“ პასპორტის გახსნა 20 ლარი ღირს. პასპორტში ასახულია ცხოველის შესახებ თითქმის ყველაფერი, დაწყებული ჭიაზე დამუშავებიდან, სხვადასხვა ვაქცინით დამთავრებული. პასპორტის ბოლოში, ასევე, არის ვეტერინარის შენიშვნაც, თუ ცხოველს რამე ალერგია აქვს, ვეტერინარი ამის შესახებ ინფორმაციას იწერს პასპორტში.

 

– თუ ცხოველს რამე ქრონიკული დაავადება აქვს, ამასაც ვწერთ პასპორტში?

– ფაქტობრივად, ასეა. თვითონ პატრონებმაც იციან, ცხადია, ამის შესახებ. გარდა ამისა, აქ ვინიშნავთ, რომ ცხოველს ამა თუ იმ ვაქცინაზე აქვს ალერგიული რეაქცია. თუმცა პასპორტში არ ისახება ცხოველის ფეხმძიმობის, ან ლეკვებისა და კნუტების შესახებ ინფორმაცია.

– რა გეგმიური ვაქცინები უნდა ჩავუტაროთ შინაურ ცხოველს, რომ მისი ჯანმრთელობა წესრიგში იყოს?

– ცოფზე ვაქცინა აუცილებლად უნდა გაკეთდეს, როცა ცხოველი 3 თვის გახდება. ამ თვალსაზრისით, კატის და ძაღლის შემთხვევაში ერთი და იგივე სისტემა მოქმედებს. ვაქცინა თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე ასაკში იწყება.

 

– წელიწადში რამდენჯერ კეთდება ეს ვაქცინა?

– ცოფი წელიწადში ერთხელ კეთდება, რაც შეეხება კომპლექსურ ვაქცინას, თუ ეს ცხოველისთვის პირველი აცრებია, 21 დღის ასაკში ვუკეთებთ, მეორეს – 10 დღის შემდეგ და მერე უკვე – ერთხელ წელიწადში.

 

– რა ღირს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება?

– ეს ფასი ჩვენთან 26 ლარია. კომპლექსური აცრა 33 ლარი ღირს. თუმცა გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ აცრამდე ცხოველის მდგომარეობის შემოწმება ხდება: აუცილებლად ვუზომავთ სიცხეს, ვნახულობთ ცხოველის ჯანმრთელობის ისტორიას, არის თუ არა ჭიებზე დამუშავებული და ა.შ. თუ ცხოველი ჯანმრთელი არ არის, აცრას არავინ გაუკეთებს. შეიძლება მოვისმინოთ ცხოველის ფილტვებს. როგორც წესი, ამ აცრაში ვეტერინარის კონსულტაციაც შედის.

 

 

– გარდა ცოფისა და კომპლექსური ვაქცინისა, თუ არის კიდევ რაიმე გეგმიური აცრა საჭირო შინაური ცხოველისთვის?

– ჭიებზე და რწყილებზე დამუშავება. ჭიებზე დამუშავება ხდება, სანამ ცხოველი 1 თვის გახდება, რადგან პატარა ლეკვებს და კნუტებს აქვთ ისეთი ჭიები, რომლებიც მათ დედის მუცლიდან მოჰყვებათ. ეს ჭიები პატარა ცხოველის ორგანიზმიდან ძალიან ძნელად განდევნადია, რადგანაც ისინი მთელ სხეულში მიგრირდებიან. ამ მიგრირების დროს ძალიან ძნელია ჭიის მოსპობა. ყველა პრეპარატი მხოლოდ დიდ ჭიებს უმკლავდება, ამიტომ თუ ცხოველს ჭია ჰყავს, აუცილებლად 10-დღიანი ინტერვალით ორჯერ მაინც უნდა დავამუშავოთ. რაც შეეხება რწყილებზე დამუშავებას, თვეში ერთხელ უნდა დავამუშავოთ. სეზონს, ამ შემთხვევაში, არსებითი მნიშნველობა არ აქვს. სინამდვილეში რწყილები ზამთარშიც შეიძლება აიკიდოს ცხოველმა, რადგან ცხოველის ორგანიზმის ტემპერატურა, ადამიანისგან განსხვავებით, უფრო მაღალია: 37.5-დან 39 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია ცხოველის ბეწვსა და წონაზე. იმ ცხოველს, რომელსაც ბეწვი არ აქვს, სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, 40 გრადუსი ცელსიუსიც შეიძლება, ჰქონდეს.

 

– რა მედიკამენტით ამუშავებთ ცხოველებს მკბენარზე?

– ძალიან ბევრი სხვადასხვა პრეპარატი არსებობს. ჩვენ ვიყენებთ „ფონტლაინს“, ასევე არსებობს „ადვოკატი“, „ადვანტიქსი“, პრეპარატი „ბარსი“ – ეს არის ყველაზე ეკონომ კლასის მედიკამენტი, რომელიც არც ისე ეფექტურია.ყველა პრეპარატს თავისი თვისება აქვს, მაგალითად, პრეპარატი „ფრონტლაინი“ არა მარტო რწყილებზე და ტკიპებზე მოქმედებს, ასევე, მოქმედებს კოღოებზეც. კოღოები კი დაავადება ლეიშმანიოზის გადამტანები არიან. პრეპარატი „ადვოკატი“ მოქმედებს კანქვეშა ტკიპაზეც და ჭიის რამდენიმე სახეობაზეც. სულ ახლახან შემოვიდა პრეპარატი „ავექტო“, რომელიც აბების სახითაა, სამ თვეში ერთხელ გამოიყენება და მოქმედებს რწყილებზე, ტკიპებსა და კანქვეშა ტკიპებზე.

 

– რა ღირს ეს მედიკამენტები?

– ფასები, ცხადია, განსხვავებულია. როგორც აღვნიშნეთ, ეკონომკლასის „ბარსის“ ფასი ყველაზე დაბალია, 5 ლარი ღირს და „ბრავექტო“ – 80 ლარი. ასევე, ბაზარზე გვხვდება მედიკამენტები, რომლებიც 100 ლარი ღირს. ცხადია, ღირებულების შესაბამისად გვაქვს ეფექტიც.

 

– სამწუხაროდ, დგება ისეთი მომენტები, როდესაც პატრონები წყვეტენ ცხოველების დაძინებას… რა შემთხვევაში აძინებთ ცხოველს?

– იმის გამო, რომ ცხოველი უბრალოდ ასაკოვანი გახდა, არ ვაძინებთ. თუ ცხოველს აქვს რამე ძალიან სერიოზული დაავადება აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ ვუშველით და ვიცით, რომ ცხოველი წვალობს, ვიდრე ცხოვრობს, ასეთ შემთხვევაში ვაძინებთ. თუკი ცხოველს აქვს რაიმე ისეთი დაავადება, რომელიც განკურნებადია, მაშინ ცხოველს არ ვაძინებთ. ხშირად ხდება, რომ პატრონებს აღარ უნდათ ცხოველი. არასდროს დავაძინებთ იმ ცხოველს, რომელიც ნორმალურია, ჭამს, სვამს და მკურნალობას ექვემდებარება.

 

რამდენად საშიშია შინაური ცხოველების ყოლა პატარა ჩვილთან? ან, ზოგადად, ბავშვებთან? ამ კითხვაზე პასუხი ვეტერინარულ ცენტრ „ზოოპლაზას“ ვეტერინარმა, ლიკა დვალმა, გვიპასუხა.

“არის დაავადებები, რომლებიც არის ზოოანთროპონოზური, ესე იგი, ცხოველიდან ადამიანს გადაედება. ამიტომ, თუ ცხოველის აყვანას გადაწყვეტთ, აუცილებლად ხშირად უნდა იაროთ ვეტერინართან, გაიარონ კონსულტაციები, დამუშავდნენ ჭიაზე, ჩაიტარონ ყველანაირი ვაქცინაცია. ამის შემდეგ არაფერი საშიში არ იქნება არც ბავშვისთვის და არც, თავის მხრივ, ცხოველისთვის. ასევე, არ არის საშიში, თუ ვაქცინირებული ძაღლისგან ან კატისგან პატრონი დაიკაწრება,” – გვითხრა ლიკა დვალმა.

 

 

თათია კაკიაშვილი