LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ღამით მეტროში – მოგზაურობა გვირაბებში ღია ვაგონით

538

თბილისის მეტროს ბოლო მგზავრი ტოვებს, კარები იკეტება, სადგურის მოედნის ამოსასვლელთან ასაკიანი კაცი ბანცალით მოდის და მეტროში შემოსვლას ცდილობს, თუმცა იქვე მდგომი დაცვის თანამშრომელი კარს ცხვირწინ უკეტავს და კარის შიგნიდან ხელით ანიშნებს, რომ უკვე 12 საათია და მეტრომ მუშაობა შეწყვიტა. მატარებელი გზას აგრძელებს და გვირაბში შედის…

ჩვენ რომ გვგონია, ღამით მეტროში მხოლოდ გაჩერებული ვაგონები, გამორთული ესკალატორები, ბნელი და ცივი გვირაბები რჩება, აქ ნამდვილი და არც ისე მარტივი სამუშაოები სწორედ ღამის 12 საათის შემდეგ იწყება.

სადისპეტჩერო ის ადგილია, საიდანაც ვაგონების მოძრაობა, გაჩერებები, დროის განრიგი და შეიძლება ითქვას, თბილისის მთლიანი მეტრო კონტროლდება. სადისპეჩეროში შევდივართ, 10-მდე მონიტორი მაგიდებზეა განლაგებული, თითეულის ეკრანზე მწვანე, ლურჯი, ყვითელი, წითელი ისრები ერთმანეთში ირევა და თვალებს გიჭრელებს. ერთ-ერთ მონიტორთან სათვალიანი ქალი ზის, წინ უამრავი ქაღალდი უდევს, რაციით მემანქანისგან ინფორმაციას იღებს ვაგონის სადგურზე შესვლის შესახებ, „გასაგებია“ – პასუხობს და კალმით ინიშნავს. სადისპეტჩეროს სხვა თანამშრომლები ცდილობენ, თითოეული მონიტორის ფუნქცია აგვიხსნან. 

ყველაზე მარტივად აღსაქმელი ის მონიტორია, რომელიც დაკეტილ მეტროსადგურში სიტუაციას აკონტროლებს.  მეტროსადგურში დაცვის თანამშრომლებს ვიდეოთვალის მეშვეობით ვუყურებთ, ახალგაზრდა 40 წლამდე კაცს ხელები ზურგს უკან აქვს შემოწყობილი და თავდახრილი ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში დადის.

„ამ ვიდეოთვალის მეშვეობით მეტროსადგურებში სიტუაციას ვაკონტროლებთ,“ – გვეუბნებიან სადისპეჩეროს თანამშრომლები და ჩვენი ყურადღება კედელზე გაკეთებული დიდი მონიტორისკენ გადააქვთ. დიდ ლურჯ მონიტორზე ისევ ყვითელი, თეთრი, მწვანე ისრები და ციფრები ერთმანეთში ირევა, ხაზებზე პატარა ვაგონებია განთავსებული…  „ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი…“ – ეკრანზე მხოლოდ სადგურის დასახელებებს ვარჩევ, დანარჩენი „ჩემთვის ჩინურია“.

სადისპეტჩეროს თანამშრომელი მონიტორზე დახაზული თითეული ისრისა თუ ციფრის ფუნქციაზე საუბრობს და ცდილობს, ურთულესი მექანიზმი, რაც შეიძლება, მარტივი ენით ახსნას, თუმცა ერთადერთი, რასაც მისი საუბრიდან ვიგებ, ისაა, რომ თბილისის მეტროს სწორედ მონიტორზე ნაჩვენები ურთულესი მექანიზმი ამუშავებს. 

ლურჯი მონიტორიდან ჩვენი ყურადღება მონიტორის ზემოთ დადგმულ საათზე გადადის. ეს ის საათია, ყველა მეტროსადგურის გვირაბის შესასვლელში რომ არის დამონტაჟებული და სადგურზე მდგომი მატარებლის მომლოდინეები ყოველ წამს მოუთმენლად უყურებენ, მატარებლის წასვლისა თუ მოსვლის დრო რომ განსაზღვრონ. ალბათ ყველას გვიფიქრია, რატომ არის ყველა მეტროსადგურში ერთი და იგივე საათი დაყენებული, პასუხი მარტივია: „ყველა საათი ერთსა და იმავე დროს აჩვენებს, დროში განსხვავება წამებშიც კი არ არის, ამიტომ ვაგონების სადგურებზე შესვლისა თუ გასვლის განრიგს ამ საათის მეშვეობით მარტივად ვაკონტროლებთ,“ – გვიხსნის სადისპეტჩეროს თანამშრომელი.

„მატარებელი მიდის გურამიშვილამდე,“ – წლების წინ მეტროში გამოცხადებული ეს სიტყვები სარაჯიშვილისა და ახმეტელის მეტროსკენ მიმავალ მგზავრებს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნიდა. რატომ მიდიოდა მხოლოდ გურამიშვილამდე? – როგორც აღმოჩნდა, გურამიშვილის მეტროსთან ამოწმებდნენ მატარებელი მწყობრში იყო თუ არა, სწორედ ამიტომ მხოლოდ აღნიშნულ სადგურამდე მიჰყავდა ვაგონს მგზავრები. დღეს ეს პრობლემა აღარ დგას, ვაგონი ახმეტელის მეტროსადგურში შედის, მგზავრებისგან იცლება და შესამოწმებლად გურამიშვილის მეტროში ბრუნდება.  

„მართალია, ელექტროენერგია უფრო მეტი იხარჯება, მაგრამ მგზავრებს დისკომფორტი აღარ ექმნებათ,“ – გვეუბნებიან სადისპეტჩეროში.

ამ დროს თბილისის მეტროს ერთ-ერთი თანამშრომელი რაციით მეტროში ძაბვის გათიშვის ბრძანებას იძლევა და სწორედ აქედან იწყება თბილისის მეტროში მოგზაურობის ყველაზე საინტერესო ნაწილი. ის, რასაც, მონიტორებზე თეორიულად გავეცანით, დროა, პრაქტიკაში ვნახოთ.

სადგურის მოედნის მეტროში შევდივართ, მეტროს თანამშრომელი მეტი უსაფრთხოებისთვის სპეციალურად გამზადებულ სტაფილოსფერ უნიფორმებს გვაძლევს და მანამ, სანამ ჩვენ უნიფორმებს ვირგებთ და ფოტოებს ვიღებთ, მეტროში გამორთული ესკალატორი ირთვება, სადგურში ჩავდივართ, რელსებზე სამგზავრო მატარებლის ნაცვლად ღია სამეურნეო მატარებელი და სადგურის რამდენიმე თანამშრომელი ღიმილით გვხვდება. სწორედ ამ მატარებლის მეშვეობით მთელი ღამის განმავლობაში მეტროს თანამშრომლები სადგურებში დადიან და სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებენ. ჩვენც ამ მატარებლით უნდა ვიმგზავროთ.

„ყველა გვირაბს თავის ვირთხა ჰყავს,“  – წინასწარ გვაფრთხილებს სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი. 

ღია მატარებლით ბნელ გვირაბებში მგზავრობა ცოტა მაშინებს, თუმცა შიშზე მეტად ინტერესი მაქვს, რა ხდება იქ, სადაც მეტროს ვაგონის ფანჯრებიდან მხოლოდ სიბნელე ჩანს. ღია სამეურნეო მატარებელზე ჩვენთვის განკუთვნილი სკამები დგას, სკამებზე ვსხდებით, მატარებელი იძვრება, ძრავის დამაყრუებელ ხმაურში ჩვენი ხმები იკარგება და რამდენიმე წამში გვირაბში შევდივართ.

თუ სამგზავრო მატარებლის გვირაბში შესვლისას გგონია, რომ ჰაერი საკმარისი აღარ არის, სამეურნეო მატარებლით მგზავრობისას გვირაბში ცივი ჰაერი სახეში გხვდება. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ  ერთი სადგურიდან მეორე სადგურში გასასვლელი გვირაბის სტრუქტურა სხვადასხვანაირი ყოფილა. ნაწილს მრგვალი ჭერი აქვს, ნაწილს ოთხკუთხედი, თუმცა მთლიანი გვირაბი კედლებზე დამონტაჟებული სანათებით არის განათებული.

გვირაბში სიცივე ნელ-ნელა მატულობს. გზა და გზა ღია ვაგონიდან ჩვენსავით უნიფორმაში გამოწყობილი მეტროს თანამშრომლები გვხვდებიან, ზოგი მათგანი რელსებს ამოწმებს, ნაწილი შპალებს (რელსებს შორის განთავსებულ ფიცრები) ცვლის. მეტროში გეგმიური სამუშაოები ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეობს, რათა დღის განმავლობაში მეტროს მგზავრებმა უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე იმგზავრონ. 
გვირაბში სამეურნეო მატარებლით მგზავრობისას გეჩვენება, რომ მატარებელი ჩვეულებრივზე სწრაფად მიდის, თუმცა ერთი სადგურიდან მეორეში გასვლას საშუალოდ 3-4 წუთს ვანდომებთ. გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავ, სადგურზე გავედით, მატარებლის ღია ვაგონიდან ჩამოვდივარ, მეტროს თანამშრომელი გამორთულ ესკალატორს რთავს, მეტროში ყველაზე საინტერესო მოგზაურობა დასრულდა, იქ მიღებული შთაბეჭდილებები კი დიდხანს გამყვება თან…

 

გვანცა ბზიავა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები