LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოტივით დაუბრუნდა ფოთის თიზი სახელმწიფოს – დიმიტრი ქუმსიშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

94

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სახელმწიფოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით კითხვას უპასუხა.

პირველმა ვიცე-პრემიერის თქმით, მას მერე რაც ფოთის პორტი გაიყიდა, ინვესტიციები, რომელსაც თიზ-ში ელოდებოდნენ, აღარ განხორციელდა, ამიტომ სახელმწიფოსა და  ინვესტორს შორის განხორციელდა ურთიერთშეთანხმებული ქმედება.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შედეგად, ინვესტორი ძალიან მადლიერია და აქტიურად აგრძელებს ინვესტიციებს თავის მიმდინარე პროექტებში. სახელმწიფოს კი მიეცემა შესაძლებლობა მსხვილი ინვესტორები მოიზიდოს.

„თავად თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და ასევე ფოთის აეროპორტი იყო კლასტერული ხედვა, რომელიც გააჩნდა რას ალ ხაიმას საინვესტიციო ხელისუფლებას. მას მერე, რაც ფოთის პორტი გაიყიდა, ინვესტიციები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო ფოთის აეროპორტში და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, აღარ განხორციელდა და ეს იყო ლოგიკური.

სახელმწიფომ დაიბრუნა ეს აქტივი, რომელიც,  ჩემი პირადი შეხედულებით, სადღაც 100-დან 150 მილიონ ლარამდე უნდა ღირდეს. შესაბამისად, დავიბრუნეთ 300 ჰექტარზე  მეტი ფართობის ინდუსტრიული ზონა და დაახლოებით 150 ჰექტარი ფოთის აეროპორტის ტერიტორია. ეს ქონება დავიბრუნეთ სწორედ იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც გახდეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის ინსტრუმენტი, სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენოს ინდუსტრიული ზონა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი და მსხვილი ინვესტორები მოვიზიდოთ“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ფოთის თიზ-ისა და ფოთის აეროდრომის განვითარებისთვის უკვე მიმდინარეობს მუშაობა მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან.

„არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ სახელმწიფო მუშაობს ძალიან მსხვილ ინდუსტრიულ ჯგუფთან და თუ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკება, უახლოეს მომავალში გეტყვით ამ კომპანიის სახელსაც.  600 მილიონის ინვესტიციაზე იქნება საუბარი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. აქედან გამომდინარე, მიზანი არის ის, რომ თიზ-ი და ფოთის აეროდრომი გამოყენებული იყოს როგორც ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკის იმპლემენტაციის ინსტრუმენტი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს საქართველოში  აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რაც კიდევ უფრო გამყარდა ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

მანვე დასძინა, რომ ”რას ალ ხაიმას” ჯგუფი მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელია საქართველოში და ქვეყანაში მუშაობას აქტიურად აგრძელებენ.

„რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოსთან და ზოგადად, რას ალ ხაიმასთან ჩვენ გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები. მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ჯგუფი არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივების მფლობელი საქართველოში, მაგალითად, ეს არის სასტუმრო „შერატონი“, სადაც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება და ეს არის 30 მილიონი დოლარი. განახლებული „შერატონი“ ჩვენ გვექნება წლის ბოლოსთვის. ასევე „თბილისი მოლი,“ სადაც კომპანია ფიქრობს გაფართოებას და ინვესტიციების განხორციელებას. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი, რომელიც გააჩნია კომპანიას“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

პოპულალურები