LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა 2016 წელს ტურიზმის სფეროში?

85

2016 წელს პირველად საქართველომ ორ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია – საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა და შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა. მან სასტუმრო „რედიონში“ ტურიზმის კერძო სექტორსა და მედიას 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.

ჩოგოვაძემ 2016 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 6,350,825 შეადგინა, რაც 449,731-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +7.6%). ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 2,714,773 შეადგინა, რაც 432,802-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე (ზრდა +19%).

“წარმატებულად ვაფასებთ განვლილ 2016 წელს და ამას პირველ რიგში, რეკორდული ოფიციალური სტატისტიკა და მონაცემები ადასტურებს“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმდჯომარემ და დასძინა, რომ მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაერთი ღონისძიება ჩაატარა, რომელიც სწორედ ტურისტების მოზიდვისკენ იყო ორიენტირებული, მათ შორის მარკეტინგული კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

„გარდა ამისა, მთელი წლის განმავლობაში ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველომ საერთაშორისო მედიის 600-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა, რომლებმაც მოამზადეს სიუჟეტები, გადაცემები, დოკუმენტური ფილმები, სტატიები და ბლოგები ქვეყნის შესახებ, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ცნობადობის გაზრდას და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება სხვა პროექტებსა და ღონისძიებებს, ჩოგოვაძის თქმით, 2016 წელს საქართველომ უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ღვინის კონფერენციას, რომელიც გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ჩაატარა. „ხაზგასასმელია, რომ ამ ტიპის კონფერენცია პირველად ჩატარდა და ისიც საქართველოში. კონფერენციას 250 ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

ამასთან, როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, გაგრძელდა პროექტები, რომელიც შიდა ტურიზმის განვითარების უწყობს ხელს, მათ შორის კამპანია „გაიცანი საქართველო“. 2016 წელს ტურიზმის ადმინისტრაციის ფარგლებში, ოფიციალური ფუნქციონირება დაიწყო საკონვენციო და საგამოფენო ბიურომაც, რომლის მიზანიც საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და სხვადასხვა შეხვედრის, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები