LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საკვებით გავიხსნილოთ მარხვა – ნატა გაგუას რჩევები

309

სააღდგომო მარხვა ყველაზე მეტ ხანს გრძელდება, ორგანიზმი გადაჩვეულია ცხოველური ცხიმების მიღებას და ამიტომ, სადღესასწაულო სუფრაზე მოლხენის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გარდაუვალია.

დიეტოლოგი ნატა გაგუა საკუთარ ბლოგზე გვაძლევს რჩევებს, როგორ ვიკვებოთ მარხვის შემდეგ :

 

ყველაზე მეტად აღდგომის დღესასწაული მიყვარს. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ არასოდეს არაფერია გვიან. ნებისმიერ დროს შეგიძლია, ყველაფერი თავიდან დაიწყო, გამოასწორო, აღადგინო, განაახლო, შეცვალო…

გარდა დიდი რელიგიური და გნებავთ ფილოსოფიური დატვირთვისა, ამ დღეს ჩემთვის, როგორც ნუტრიციოლოგისთვისაც, დიდი მნიშვნელობა აქვს. სააღდგომოდ ჩემს ნამარხულევ პაციენტებს საგანგებო რეკომენდაციებით, რჩევებითა და გაფრთხილებებით ვამზადებ ხსნილისთვის. ეს აუცილებელია, რადგან კვების ახალ სტილზე გადაწყობა ორგანიზმისთვის უმტკივნეულოდ და უსაფრთხოდ მოხდეს.

 

მარხვა – საუკეთესო განტვირთვა ორგანიზმისთვის

თუ მარხვას სწორად იცავთ – ბოსტნეულით, ხილით და ბურღულეულით იკვებებით – გამოდის, რომ ამით თქვენს ორგანიზმს ერთგვარ განტვირთვას უწყობთ. შეიძლება ითქვას, რომ მარხვის დროს ორგანიზმი ცხოველური პროდუქტებისგან ისვენებს; კუჭ-ნაწლავი განებივრებულია. ამ დროს თქვენს ორგანიზმში ფერმენტები სხვა შემადგენლობით გამომუშავდება; კუჭქვეშა ჯირკვალი, ნაღვლის ბუშტი და კუჭი უკვე გადართულია მცენარეული საკვების მონელებაზე. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მარხვის დასრულების შემდეგ სწორად და უსაფრთხოდ გადახვიდეთ ხსნილზე. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის და ნაღვლის ბუშტის პრობლემები აქვთ.

 

ტრადიციული სააღდგომო სუფრა

გავიხსენოთ, რა დომინირებს ტრადიციულ სააღდგომო სუფრაზე: კულიჩი, პასკა, კვერცხი და მცირეოდენი ღვინო. – სულ ესაა. ტრადიციულ სააღდგომო სუფრაზე ხორცი არ მოიაზრება.

 

 

აქვე შევნიშნავ, რომ იმას, რასაც ჩვენ პასკას ვეძახით, სინამდვილეში არის კულიჩი. ხოლო პასკა სულ სხვაგვარად – ცხიმიანი ხაჭოთი, კვერცხით, ქიშმიშით და კარაქით – მზადდება. ნამდვილი სააღდგომო პასკა არ შეიცავს ფქვილს და არ ცხვება ღუმელში).

 

 

 

 

 

სააღდგომო სუფრის ტრადიცია ნამდვილად გასათვალისწინებელია. – პროფესიული თვალსაზრისითაც რეკომენდებულია, რომ მარხვის შემდეგ არასამარხვო პროდუქტი კვების რაციონში ნელ-ნელა შემოვიდეს. – ჯერ რძის ნაწარმი, შემდეგ კვერცხი, ხოლო მოგვიანებით ხორცი.

 

გაიხსნილეთ რძის ნაწარმით

პირველი კვირის განმავლობაში მიირთმევთ მხოლოდ რძის ნაწარმს – ხაჭოს, ნადუღს, ყველს, მაწონს… ასევე სააღდგომო კულიჩს (მცირე ულუფებით, რადგან მაღალკალორიულია).

რაც შეეხება კვერცს, მიუხედავად იმისა, რომ აღდგომის დღესასწაულზე თითქმის ყველა ოჯახში უხვადაა სააღდგომო კვერცხი, გაითვალისწინეთ, რომ ნამარხულევი ორგანიზმისთვის კვერცის გადამეტებული დოზით მიღება  ძალიან სარისკოა. – დღის განმავლობაში რეკომენდებულია მაქსიმუმ, 2 ც მოხარშული კვერცხი.

ღვინო სააღდგომოდ

ტრადიციულ სააღდგომო სუფრას ღვინო უხდება.

მომარხულეებისთვის, რომლებსაც წონის პრობლემა არ აქვთ, სააღდგომოდ მცირე დოზით ტანინიანი ღვინის მიღება სასარგებლოც კია.

გადამეტებული არაფერი ვარგა, თუმცა ნატურალური ღვინო – ეს ნამდვილად სამკურნალო სითხეა, რომელსაც ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს (ამ თემაზე მოგვიანებით უფრო ვრცლად დავწერ)…

 

მცირე გამონაკლისი ხორცის მოყვარულთათვის

პირველი კვირის მეორე ნახევარში შეგიძლიათ კვების რაციონში ნაკლებად ცხიმიანი ხორცი (მაგალითად, ინდაური ან ქათამი) და თევზი მცირე დოზით შეიტანოთ. კვების ჩვეულ სტილს კი სრულად მხოლოდ მეორე კვირის დასაწყისიდან უბრუნდებით.

 

შექმენით დამცავი ზონა წყლითა და ბოსტნეულით

რადგანაც აღდგომის პირველ კვირაში ორგანიზმში ერთბაშად შემოდის „დავიწყებული“ ცხოველური ცხიმი და ცილა, ჩემი რჩევაა, საკვები შედარებით მცირე ულუფებით მიიღოთ – მინიმუმ, 2-საათიანი შუალედებით.

ნუ დაივიწყებთ ბოსტნეულს. მას ხსნილის პირველ კვირაში ერთგვარად, ბუფერის როლი ენიჭება. თუ ცხოველურ საკვებს ბოსტნეულთან ერთად მიიღებთ, პროდუქტს ორგანიზმი უფრო ნელა აითვისებს. შედეგად, კუჭ-ნაწლავიც უფრო მარტივად გაუმკლავდება ცხოველურ ცილასა და ცხიმს და დანაყრების შეგრძნებაც დიდხანს გაგყვებათ.

ასევე არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება; შეზღუდეთ ტკბილი და ზედმეტად მარილიანი საკვები.

და ბოლოს…

აღდგომის უდიდეს და ულამაზეს დღესასწაულზე მარტო საკვებზე ნუ იქნებით ორიენტირებულნი. დასვენების დღეების მხოლოდ სუფრასთან გატარება არც ისე კარგი იდეაა. გაზაფხული დადგა და ფეხით სეირნობის მეტი საშუალებაა. შეეცადეთ, აღდგომის დღესასწაული ლამაზ და ჯანსაღ გარემოში აღნიშნოთ, სადაც ნაკლები საკვები და მეტი სუფთა ჰაერი იქნება.

ქრისტე აღდგა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები