LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეცდომას უშვებს მინისტრი სამხედრო სამსახურის გაუქმებით?

121

სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა აუცილებელია, თუმცა ის სრულად არ უნდა გაუქმდეს, ამის შესახებ სამხედრო მიმომხილველმა, ირაკლი ალადაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი  საკითხები არა თავდაცვის მინისტრის, არამედ უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის დონეზე უნდა წყდებოდეს. გარდა ამისა, ალადაშვილი ამბობს, რომ ხიდაშელის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს და არ ვრცელდება სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, რომლებიც ასევე ახორციელებენ გაწვევას.

“სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებით ბევრი პრობლემა წარმოიქმნება, დღეს ვინც მსახურობს, ისინი ძირითადად არიან დამხმარე სამუშაოებზე ან საგუშაგოზე დგანან იარაღით. ჩნდება კითხვა, ვინ ჩაანაცვლებს მათ? შეიძლება გარკვეული ნაწილი ჩანაცვლდეს ტექნიკური საშუალებებით და საგუშაგოები, მაგალითად, ვიდეოკამერებით გაკონტროლდეს, თუმცა მთლიანად ჩანაცვლება ვერ მოხდება. თუ მათ კონტრაქტით მომუშავე სამხედრო  მოსამსახურეებით  ჩავანაცვლებთ, გაიზრდება დანახარჯი. ვინაიდან ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურზე მყოფი ჯარისკაცი იღებს  70 ლარს, ხოლო კონტრაქტით მომუშავე – 800-900 ლარს” – განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

გარდა ამისა, სამხედრო მიმომხილველი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მაშინ როდესაც საქართველოსთვის რუსეთიდან მომდინარე საფრთხე არ მოხსნილა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმება არასწორია და გრძელვადიანი პერსპექტივით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის თავდაცვას. როგორც ალადშვილმა აღნიშნა, აქვე გასათვალისწინებელია რეგიონში შექმნილი ვითარება და ისლამური სახელმწიფოს საფრთხე.