რა შეღავათები ექნებათ დაზარალებულებს? მოვაჭრეებმა დახმარების შესახებ არაფერი იციან

83

“ოქროს ბირჟის” მოვაჭრეთა ნაწილმა, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და გამომძიებლების დახმარებით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შესვლა და გადარჩენილი ნივთების გამოტანა შეძლო. დაზარალებულებმა, ძირითადად, ოქროს ის ნივთები გამოიტანეს, რომლებიც საცავში ჰქონდათ შენახული. თბილისის მერიისა და სავაჭრო ცენტრების ასოციაციის შეთანხმებით, დაზარალებული მოვაჭრეები სხვა ბაზრობებზე, შეღავათიან პირობებში დასაქმებას შეძლებენ. ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საგადასახადო ვალდებულებებისა და დავალიანების საკითხს, ფინანსთა სამინისტროც შეისწავლის.
მოვაჭრეებმა შეღავათებზე არაფერი იციან

თბილისის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები, დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა ბაზრობებზე, შეღავათიანი პირობებით დასაქმდებიან, თუმცა რა კონკრეტულ შეღავათებს გულისხმობს მერიისა და სავაჭრო ცენტრების ასოციაციის შეთანხმება, თავად მოვაჭრეებმა, არაფერი იციან.

„არ მჯერა მათი შეთანხმების. ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ, ისინი ვერაფერს იზამენ. მაგრამ, თუ გადაგვანაწილებენ სხვდასხვა ცენტრში, რა თქმა უნდა მისაღებია, სადმე ხომ უნდა წავიდეთ?!“ – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე.

მის მსგავსად, შეღავათებზე ინფორმაცია არ აქვს კიდევ ერთ მოვაჭრეს, ცირა ილურიძეს, რომლის თქმით, მათთვის მთავარი პრიორიტეტი ახლა ბანკებთან ურთიერთობის შემსუბუქებაა.

„ეს ჩვენი სახლი იყო, 18 წელი აქ ვმუშაობდით, მაგრამ სადმე ხომ უნდა წავიდეთ? აქ ადამიანი არ ზის, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მე პირადად სამ ბანკში მაქვს ვალი, დროზე ვიხდი ხოლმე, ვარ წესიერი გადამხდელი, მაგრამ ახლა რა ვუპასუხო ბანკებს? ერთადერთი შეღავათი იქნება, მათთან თუ ურთიერთობას შეგვიმსუბუქებენ“ – აცხდებს ცირა ილურიძე.

დედაქალაქის მერიის დახმარების იმედი არ აქვს კიდევ ერთ გარემოვაჭრეს.

„დახლებზე დატოვებული ნივთები ვინც დაკარგა, მათ არ მგონია რამე აუნაზღაურონ, რადგან არ ჰქონდათ დაზღვეული. ისევ ჩვენით თუ ვიზამთ რამეს, თორემ მერიის დახმარების იმედი არ გვაქვს“ – აცხადებს დაზარალებული მოვაჭრე, რომელმაც რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ასევე, ვინაობა არ გაგვიმხილეს სხვა მოვაჭრეებმაც, თუმცა ამბობენ, რომ ზარალის ანაზღურების არ სჯერათ.

„ვითომ გვთავაზობენ ფართებს, ჩვენ თუ არ გვექნება გადასვლის სურვილი? მაგრამ სადღაც ხომ უნდა წავიდეთ. ჩვენთან არავინ მოსულა და არაფერი შემოუთავაზებია. იმდენნი ვართ, რომ თუ რამე მოლაპარაკებაა, ალბათ დირექციასთან უნდა აწარმოონ. მაგრამ არავინ აგვინაზღაურებს ზარალს, ასე მგონია. ოქრო კი გადამირჩა, მაგრამ 2000 ლარის ვერცხლი დავკარგე. წავალ სადმე და ვიმუშავებ. ეს ჩვენი საარსებო წყარო იყო. დიდი თანხის ჩადება სჭირდება, თორემ იქიდან კაპიკებს იღებ, ლუკმა-პურის საშოვნელია. 1000 ლარში 15 ლარი მრჩებოდა. აქ არაა საუბარი გამდიდრებაზე, ბოლო თვეებში დახლის ფულსაც, 310 ლარსაც ვერ ვაკეთებდი“ – განაცხადა დაზარალებულმა ჩვენთან საუბრისას.

 

 

„ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის პასუხი

რადიო „ფორტუნა“ დაინტერესდა, გადაანაწილეს თუ არა უკვე „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები სხვადასხვა სავაჭრო ცენტში, გამოიყო თუ არა მათთვის ალტერნატიული ფართები შეღავათიან პირობებში. „ბავშვთა სამყაროს“ აღმსრულებელი დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, ისინი შეძლებენ ყველა სახეობის საქონლის მქონე დაზარალებული მოვაჭრეების დაკმაყოფილებას.

„მოვაჭრეების გადანაწილება მოხდება ირგვლივ მდებარე ბაზრობებზე. ე.წ. „ბოშების ბაზრობაზე“ 80 ადგილი უკვე მოძებნილია და ელოდება მოვაჭრებს. ოქროს ბირჟაზე ვინც იყო დასაქმებული, მათთვის ახალი „კიდობნის“ ტერიტორიაზეა გამოყოფილი ფართები და იქ უკვე შესთავაზეს ადგილები“ – განუცხადა რადიო „ფორტუნას“ გიორგი მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას მოვაჭრეებისთვის, „ოქროს სამყაროს“ კომერციული დირექტორის, ამირან მარიამიძის განცხადებით, ისინი ხელშეკრულების მიხედვით, მხოლოდ საცავში დაცულ ნივთებზე იღებდნენ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, ამ მხრივ დაზიანებული და დაკარგული არფერია.

„ეს ორი დღეა დაკავებული ვარ იმით, რომ ამ ადამიანებს დავუბრუნო თავიანთი კუთვნილი ოქრო. საცავში იყო იმდენი ფართი, რომ ეს ნივთები შეენახათ, ვინც ინახავდა, აბსოლუტურად არ დაუზიანდათ, ვინც არ შეინახა, ვერაფერს ვიტყვით. მოთხოვნა იყო და ეს ხელშეკრულებაშიც უწერიათ, რომ მხოლოდ საცავში შეენახათ ნივთები და ასევე უწერიათ, რომ მატერიალური ფასეულობები არ დაეტოვებინათ დახლებზე“ – აღნიშნა ამირან მარიამიძემ.

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკოორდინაციო თათბირის შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ დაზარალებულ მოვაჭრეებს 3-დან 6 თვემდე საშეღავათო პირობებით სხვადასხვა ბაზრობაზე დაასაქმებენ, თუმცა რას გულისხმობს საშეღავათო პირობები, არ დაუკონკრეტებია.

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები