LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში გაუქმდება აუქციონის შედეგები დმანისის მიწასთან დაკავშირებით

78

თუ ხელშეკრულება 45 კალენდარულ დღეში არ გაფორმდება, 20 მარტის აუქციონის შედეგები გაუქმდება და გამარჯვებულს 3750 ლარის ოდენობით გადახდილი საგარანტიო თანხა დაეკარგება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დმანისში მდებარე მიწასთან დაკავშირებით ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული სუბიექტი შესაბამის თანხას ვერ გადაიხდის.

მათივე ინფორმაციით, 20 მარტის აუქციონის შედეგებიდან გამომდინარე, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების წლიური საიჯარო ქირა: 5 056 320 (ხუთი მილიონ ორმოცდათექვსმეტი ათას სამას ოცი) ლარის ოდენობით განისაზღვრა.

„ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ყოველი თვის 5 რიცხვამდე გადასახდელი საიჯარო ქირა 421 360 (ოთხას ოცდაერთი ათას სამას სამოცი) ლარი, ხოლო საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევისათვის ყოველდღიურად დასაკისრებელი პირგასამტეხლო – დარჩენილი გადასახდელი საიჯარო ქირის 0.1% იქნება“, – განმარტეს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

მათივე თქმით, მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს იჯარის ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მოიჯარეს არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დიდ დმანისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე აუქციონი გუშინ დასრულდა. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას იჯარით, 5 056 320 ლარად გადაეცა. ლოტის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ აუქციონი ბოლო წუთებში გააქტიურდა, შესაბამისად, მსურველებს დამატებითი დრო მიეცათ. აუქციონში სამი მსურველი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ კომპანია RMG Gold და პოლიტიკური პარტიების მიერ დაარსებული „დმანისის გადარჩენის ფონდი“. აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები