LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიახლეებით შეხვდებიან სკოლები მომავალ სასწავლო წელს – ინტერვიუ მარიამ ჩიქობავასთან

 

თავდაცვისა და განათლების სამინისტროები ახალ  სახელმძღვანელოზე მუშაობენ. საგანს „სამხედრო ხელოვნება და ეროვნული თავდაცვა ჰქვია“ და სკოლებში უკვე ისწავლება, თუმცა მასში გარკვეული ცვლილებები იგეგმება. სწავლების პროცესში შემოდის პრაქტიკული კომპონენტიც.

კიდევ ერთი სიახლე საგანს „მე და საზოგადოებას“ უკავშირდება, რომლის სწავლებაც საპილოტე რეჟიმში უკვე დაიწყო. სკოლების ნაწილი საზოგადოების  გარკვეულ სეგმენტში არსებული უარყოფითი განწყობების შეცვლას ბანერით და გაკვეთილზე მშობლებიც დასწრებით ცდილობს.

აღნიშნულ საკითხებზე „ფორტუნასთან“ განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ ისაუბრა. მან მომავალ სასწავლო წელს დაგეგმილი ცვლილებებიც გაგვაცნო, რომელიც საშინაო დავალებებს და ქულებით შეფასებას უკავშირდება.

 

მარიამ ჩიქობავა: არის ასეთი არჩევითი საგანი „სამხედრო ხელოვნება და ეროვნული თავდაცვა“, ამ საგნის გადამუშავებაზეა საუბარი. ეს არის საშუალო საფეხურისთვის განკუთვნილი საგანი, რომელიც სკოლამ შეიძლება, აირჩიოს მე-10, მე-11 ან მე-12 კლასებში. ბუნებრივია, თავდაცვის სამინისტროა დაინტერესებული ამ საგნით იმიტომ, რომ პირდაპირ მათ მიზნებზე გადის. ეს არის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბება და, რა თქმა უნდა, მოიცავს თავდაცვის, უსაფრთხოების სისტემებს და ა.შ. 

ამ საგნის გადამუშავება მათი ინიციატივა იყო.  ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, სახელმძღვანელოები, სამწუხაროდ, არ არის უმრავლესობაში. მათი ინიციატივაა, რომ სახელმძღვანელო შეიქმნას. ბუნებრივია, ამ ინიციატივას სიამოვნებით გამოვეხმაურეთ და ახლა ერთობლივად მიდის მუშაობა, რა უნდა ისწავლებოდეს ამ საგნის ფარგლებში, ჩამოვყალიბდით კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე, მათ აქვთ უკვე გარკვეული მასალები მომზადებული სახელმძღვანელოსთვის, რომელიც დაიხვეწება, მეთოდოლოგიურად გაიმართება და გადამზადდებიან ასევე პედაგოგები. სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტრო დახმარებას ამაშიც გაგვიწევს. ამის შემდეგ უკვე შევთავაზებთ სკოლებს.

ახლა არის არჩევითი საგანი და 2010 სკოლიდან, დაახლოებით, 80-90 სკოლა ირჩევს ხოლმე ყოველწლიურად, რადგან სასწავლო რესურსი არაა, პედაგოგები არ არიან გადამზადებული. ამას გადავამუშავებთ, უფრო საინტერესო გვინდა, გახდეს ეს კურსი. გარდა ამისა, ეს ითვალისწინებს პრაქტიკულ ნაწილსაც, სამხედრო ბაზაზე წაიყვანენ მოსწავლეებს, ადგილზე ნახავენ აღჭურვილობას და  ვფიქრობთ, უფრო დაინტერესდებიან სკოლები.

  • მას შემდეგ, რაც გადახალისდება პროგრამა,  სახელმძღვანელო შეიქმნება, ხომ არ გახდება საგანი სავალდებულო?

მარიამ ჩიქობავა: სავალდებულო ვერ გახდება. ისევ არჩევითი იქნება, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ 2010 სკოლიდან ყველა სკოლაში შეძლებენ არჩევას.

  • როდისთვის გეგმავთ სკოლაში ამ საგნის შეტანას?

მარიამ ჩიქობავა: ახლა მუშავდება მასალები. არ ვიცით იმიტომ, რომ ეს არ არის მარტივი. სახელმძღვანელო კომპლექტისგან შედგება და ეს არის მასწავლებლის წიგნი, რომ მან ზუსტად იცოდეს, რა მეთოდოლოგიით წარმართოს პროცესი და არის კიდევ მოსწავლის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელოები, მოგეხსენებათ, ორ დღეში არ იწერება. ამას კიდევ უნდა მოჰყვეს პედაგოგების გადამზადება. ვნახოთ, ზუსტად ვერ გეტყვით, როდიდან შეიძლება, შევიდეს. მთავარია, ხარისხიანი პროდუქტი დაიდოს და ხარისხიანი რესურსი მიეწოდოს მოსწავლეებს. 

  • ასევე მინდა, გკითხოთ კიდევ ერთ საგანზე, თუ არ ვცდები 150-ე საჯარო სკოლაში, საპილოტე რეჟიმში დაიწყო უკვე „მე და საზოგადოების სწავლება“, კიდევ რამდენ სკოლაში შევა წელს ეს საგანი?

მარიამ ჩიქობავა: ესტონელები გვეხმარებიან ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში. ესტონურ-ქართული პროექტის ფარგლებში შევარჩიეთ ხუთი საპილოტე სკოლა თბილისსა და რეგიონებში და ათი ქსელის სკოლა. პრინციპში, 15-ვე საპილოტე გამოდის. ეს არ გულისხმობს მხოლოდ „მე და საზოგადოების” პილოტირებას. იქ გადავამზადეთ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ძალიან ბევრი სხვა ცვლილება შედის კიდევ დაწყებით საფეხურზე. ეს სიახლეები რომ მათთან მიგვეტანა, გადამზადდნენ დირექტორები, მისი მოადგილე, რომელიც სასწავლო შინაარსზეა პასუხისმგებელი და დაწყებითი საფეხურის პედაგოგები. ვინაიდან ახალი საგნის შემოტანა იყო ყველაზე დიდი სიახლე, ყველაზე მეტი აქცენტი სწორედ ამაზე გავაკეთეთ. 15 სკოლის პედაგოგმა გააკეთა თავისი გეგმა, როგორ გაშლიდნენ თითოეულ თემას, ერთი თემა აიღო ყველამ. მესამე კლასში სამი თემაა, მეოთხე კლასშიც სამი.

150-ე სკოლამ რაც დაამუშავა, ეს გაკვეთილებად კიდევ უფრო დეტალურად გაწერეს და თავადვე გამოთქვა სურვილი, რომ სადამრიგებლო საათის ფარგლებში ჩატარდებოდა და ამ თემებს გაივლიდა.

  • ჯერჯერობით მხოლოდ ამ ერთ სკოლაში ტარდება ეს გაკვეთილი?

მარიამ ჩიქობავა: ამ კვირაში ვიცი, რომ 150-ე სკოლა აპირებს ჩატარებას, პირველი გაკვეთილი უნდათ, რომ მშობლებთან ერთად გააკეთონ.

  • მშობლებთან ერთად რატომ? საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებულმა უარყოფითმა განწყობებმა ხომ არ განაპირობა?

მარიამ ჩიქობავა: თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა და არასწორი ინტერპრეტაციები რომ არ მოხდეს კიდევ ამ საგანთან დაკავშირებით, ამით ერთგვარი ინფორმირებაც მოხდება მშობლების, მათი მოლოდინების გაზიარებაც და თვითონვე ნახავენ, რა არის ეს საგანი და რა მიზნები აქვს. ამიტომ პირველი გაკვეთილი იქნება ერთობლივი. 

  • ყველა სკოლაში ასე იქნება, თუ მხოლოდ ამ კონკრეტული სკოლის ინიციატივა იყო?

მარიამ ჩიქობავა: არა,  თვითონ სკოლამ გადაწყვიტა, რომ ეს მეთოდი აერჩია. კიდევ, მაგალითად, საგარეჯოს პირველმა სკოლამ ახლა გააკეთა ძალიან დიდი ბანერი, სადაც ძირითადი დებულებები, საგნის მიზნები გამოიტანეს. ძალიან მომეწონა, ასეთი იდეა მეც არ მომსვლია. ამას ყველა ნახავს მოსწავლეც, მშობელიც. გუშინ შემომეხმიანნენ და მითხრეს, რომ მათაც დაგეგმილი აქვთ. უბრალოდ, ზუსტად არ იციან. როდის ჩაატარებენ, რადგან ამისთვის ცალკე საათი არ არის გამოყოფილი, ამიტომ სადამრიგებლო საათის ფარგლებში უნდა დაგეგმონ მისი ჩატარება. ეს იმიტომ, რომ ახლა საპილოტე რეჟიმია, მომავალი წლიდან, მოგეხსენებათ, ყველა სკოლაში შევა ეს საგანი.

ახლა საგანი 15 სკოლას აქვს მომზადებული, ვერ დავავალდებულებთ, რომ ჩაატარონ, მაგრამ რამდენიმე აპირებს. ორზე – თბილისის 150-ზე და საგარეჯოს 1-ელ სკოლაზე შემიძლია, გითხრათ, რომ ჩაატარებენ, ზესტაფონის სკოლაც გეგმავს. ასევე, რუსთავის მე-6 სკოლაც.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ კიდევ იყო გარკვეული სიახლეები და ამიტომ გადაამზადეთ პედაგოგები, კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

მარიამ ჩიქობავა: სიახლეები არის იმ კუთხით, რომ სტანდარტის შედეგები, ანუ რა მიზნებზე უნდა გავიდნენ, იყო ყოველწლიური, მოკლევადიანი შედეგები, ახლა გვაქვს საფეხურებრივი შედეგი და ამისთვის მეთოდოლოგია ცოტა შევცვალეთ. საშინაო დავალებებში გადავწყვიტეთ, რომ არ იყოს ნიშნებით შეფასება. ხშირად ხდება, რომ მშობლები მუშაობენ საშინაო დავალებებზე. ასე იქნება ახალი სასწავლო გეგმით, მომავალი წლიდან შევა ძალაში. 

გარდა ამისა, გადავხედეთ ნიშნების წერის პოლიტიკას ზოგადად, იცით, რომ 1-4 კლასში ქულები არ იწერება და მე-5 კლასიდან იწყება. მე-5 კლასში, როგორც წესი, ახალი მასწავლებლები შედიან ხოლმე ბავშვებთან და ტრავმულია 8-იანი, 9-იანიც კი, რომელიც კარგ ქულაა, ჰგონიათ, რომ დაბალია და დიდ სტრესს იწვევს ბავშვებში. ამიტომ ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ მე-5 კლასის პირველ სემესტრშიც არ იყოს ნიშნები და მეორე სემესტრიდან დაიწყოს. თუმცა, რასაც ვუყურებ წამყვანი ქვეყნების სკოლებს, შეიძლება, ისეც გადაწყდეს, რომ დაწყებით საფეხურზე საერთოდ აღარ იყოს ქულებით შეფასება. ეს მოსაზრების რეჟიმში გვაქვს ჯერ, მე-5 კლასის პირველ სემესტრში რომ არ იქნება, ეს გადაწყვეტილი გვაქვს, თუმცა, სკოლებთან შეხვედრების დროს რომ ვსაუბრობთ, შეიძლება, 1-6 კლასში მთლიანად ამოვიღოთ ქულები. თუ ეს ცვლილება განხორციელდება, ეს იქნება მომავალი სასწავლო წლიდან. ბუნებრივია, ამაზე ინფორმაცია ექნებათ სკოლებს, ჩვენ ვგეგმავთ რესურსცენტრებთან, სკოლებთან შეხვედრებს იმიტომ, რომ ბევრი ორგანიზაციული ხასიათის ცვლილებები გვაქვს.

 

თაკო ივანიაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები