LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სურვილები აქვთ ბავშვებს საახალწლოდ [ვიდეო]

2018 წლის დადგომამდე რამდენიმე დღე რჩება, თოვლის ბაბუასთან საახალწლო სურვილების ნუსხა კი დღითიდღე იზრდება. მობილური ტელეფონი, პლანშეტი და სხვა ციფრული ტექნიკა – აი, რას ელიან ბავშვები საახალწლოდ თოვლის ბაბუისგან.

 

 

„ფორტუნას“ მიერ გამოკითხული ბავშვების უმეტესობას საახალწლოდ სწორედ რომ ახალი ტელეფონები და პლანშეტები უნდათ. გასაკვირი არცაა, რომ ტექნოლოგიურ საუკუნეში თოჯინა და მანქანა ტექნიკამ ჩაანაცვლა. ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ბავშვების დამოკიდებულება ტელეფონებზე გასაკვირი სულაც არაა და პატარები, ამ მხრივ, მაგალითს გარემოდან, უფრო ზუსტად კი ოჯახის წევრებზე დაკვირვებით იღებენ.

ბავშვები გარშემო რასაც ხედავენ, იმას ითხოვენ. გარშემო ყველა, ძირითადად, ტელეფონითაა დაკავებული. დღეს ძირითადი დროის გატარების საშუალება ტელეფონი, პლანშეტი და კომპიუტერია, ბავშვები უფროსებს უყურებენ, როგორ ატარებენ თავისუფალ თუ არათავისუფალ დროს. ისინი ბავშვობიდან ამას არიან მიჩვეულები, უფრო მაღალი შესაძლებლობების ტელეფონებსა და პლანშეტებს ითხოვენ,“ – ამბობს თამარ გაგოშიძე.

რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვების დამოკიდებულებამ ციფრული ტექნოლოგიების მიმართ, ფსიქოლოგის თქმით, ეს ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. გაგოშიძე ხაზს უსვამს, რომ სწორედ ბავშვის ასაკიდან გამომდინარეობს ტექნოლოგიების გავლენები და შედეგები როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე ბავშვის ნერვულ სისტემასა და განვითარებაზე.

მთელ მსოფლიოში პედიატრები და ნევროლოგები 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ნებისმიერ ციფრულ ტექნიკასთან ურთიერთობას უკრძალავენ, სხვათა შორის, ტელევიზორთანაც. მსოფლიო პედიატრები მიიჩნევენ, რომ 2 წლამდე ბავშვი არ უნდა ურთიერთობდეს ამ ტიპის გამღიზიანებლებთან. ბავშვს  ცოცხალი სტიმულაცია სჭირდება, ტექნიკა კი ასეთი ნამდვილად არაა. ბავშვის ინტელექტი ვითარდება მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობით და შეგრძნებებით, სხვანაირადვერა. 4 წლამდე ასაკის ბავშვებმა ტექნიკასთან მაქსიმუმ ნახევარი საათი უნდა გაატარონ. ამ ასაკში განმავითარებელ თამაშებს დიდი დრო უნდა დაეთმოს. სკოლის ასაკის ბავშვი მაგალითს სწორედ მშობლისგან და უფროსებისგან იღებს. მოზარდებმა კომპიუტერი სასარგებლოდ უნდა გამოიყენონ, მაგალითად, ინფორმაციის მოსაძიებლად,“ – გვირჩევს თამარ გაგოშიძე.

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები