LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უსახსოვრა საქართველოს პრემიერმა სოფი ლორენს (ფოტოები)

301

საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ საღამომ ოპერისა და ბალეტის თეატრში, სრული ანშლაგით და დიდი აპლოდისმენტების ფონზე ჩაიარა. ფონდის ოთხ ბენეფიციარს, რომელთა შორის საკმაოდ მძიმე სენით დაავადებული პატარები არიან, ღონისძიების შედეგად შეგროვებული თანხით უმკურნალებენ. ეს პატარები არც პირველები არიან და  არც უკანასკნელები, რომელთაც „ნატვრის ხე“, სხვადასხვა კომპანიისა თუ კერძო პირების შემოწირულობებით, მკურნალობისთვის აუცილებელი თანხით დაეხმარება.

ნინო სურგულაძის ფონდის მიერ ორგანიზებული საღამოს მიმართ ინტერესი თავიდანვე ძალიან დიდი იყო. როგორც კი გამჟღავნდა, რომ ახალი დადგმის მსოფლიო პრემიერას კარლო პონტი უმცროსი უდირიჟორებდა, სადადგმო ჯგუფი იტალიიდან ჩამოვიდოდა, ხოლო 15 ივნისის ღონისძიების საპატიო სტუმარი ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავი, სოფი ლორენი იქნებოდა.

სპექტაკლი „სიყვარულისთვის“, რომლის მსოფლიო პრემიერა სწორედ გუშინ, ოპერისა და ბალეტის სცენაზე შედგა, ორი დამოუკიდებელი ნაწილისგან შედგებოდა, მისი სცენაზე განხორციელება რეჟისორმა მარკო განდინიმ, ქორეოგრაფმა ჯანლუკა სკიავონიმ, მხატვარმა ანდრეა ტოკიომ, კოსიუმების მხატვარმა სიმონა რორეზიმ, მხატვარ-გამნათებელმა ვირჯინიო ლევრიომ ითავეს. საქველმოქმედო ფონდის ეგიდით მსგავსი პროექტის შექმნა კი მაესტრო პონტის იდეა გახლდათ.

sofiსპექტაკლის პირველ ნაწილში ფედერიკო ფელინის ცნობილი კინოფილმის „სტრადას“ ახალ, საბალეტო ვერსიაში, რომელი ნინო როტას მუსიკაზე დაიდგა, მთავარ როლში ქართველი პრიმაბალერინა, ნინო ანანიაშვილი ვიხილეთ, მეორე ნაწილში კი ნინო სურგულაძემ პულენკის მონოსპექტაკლი წარმოგვიდგინა, რომელიც კომპოზიტორმა ჟან კოქტოს ცნობილ ნაწარმოებზე „ადამიანის ხმა“ შექმნა და მთავარი როლი არცთუ დიდი ხნის წინ, შვილის, ედუარდო პონტის დადგმაში, სოფი ლორენმა შეასრულა… აღსანიშნავია ის ოვაციები, რითაც ნინო სურგულაძე დააჯილდოვეს ამ საკმაოდ რთული პარტიის ბრწყინვალედ შესრულების გამო…

სანამ სპექტაკლის ორივე ნაწილს ვიხილავდით, საღამოს წამყვანმა, ეკა ხოფერიამ, ნინო სურგულაძესთან ერთად, მოკლედ შეაჯამა „ნატვრის ხის“ გასული ღონისძიებების შედეგები და წარმოგვიდგინა ის ოთხი ბენეფიციარი, რომლებზეც მზრუნველობა ფონდმა საკუთარ თავზე აიღო. შეკრებილ სტუმრებსა და ტელემაყურებელს მიესალმა იტალიის ელჩი საქართველოში და კმაყოფილება გამოთქვა იმ მსოფლიო პრემიერის გამო, რომელზეც ქართულ-იტალიურმა მხარემ ერთად იმუშავეს. ის ასევე მიესალმა სოფი ლორენს, რომელსაც იტალიის სიმბოლო უწოდა.

საზოგადოების წინაშე წარდგა „ნატვრის ხის“ გენერალური პარტნიორის, კომპანია „სოკარის“ გენერალური დირექტორი, მაირ მამედოვი, რომელმაც აღნიშნა, რომ სპექტაკლის სახელწოდება სრულყოფილად მიესადაგება „ნატვრის ხის“ საქმიანობას, რადგან ფონდი ბავშვებისა და ხელოვნების სიყვარულს აერთიანებს…

რასაკვირველია, განსაკუთრებული ოვაციები ხვდა წილად საღამოს საპატიო სტუმარს, რომელსაც გარეთ უამრავი ხალხი ელოდებოდა. მან რამდენიმე თაყვანისმცემელს ხელი მოუწერა, ყველას გულთბილად მიესალმა და კუთვნილი ადგილი მხოლოდ მას შემდეგ დაიკავა, რაც მისი გამოჩენით შექმნილი აჟიოტაჟი მცირედად ჩაცხრა. ორგანიზატორებმა მასა და მაყურებელს სიურპრიზი მოუმზადეს და ვიდეოკოლაჟი შემოგვთავაზეს, სადაც მისი თბილისური ვიზიტის ფოტოებთან წარსულის ცნობილი კინოკადრები იყო შეზავებული, მათ შორის ყველა ჩვენგანისთვის საამაყო ფოტოსესია დიდ ქართველ მსახიობ, სერგო ზაქარიაძესთან ერთად…

„ფორტუნასთვის“  ექსკლუზიურად გახდა ცნობილი ერთი საინტერესო დეტალი – სასტუმრო „რუმსში“, სადაც იტალიელი ვარსკვლავი დაბინავდა, მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ესტუმრა პატივისცემის დასადასტურებლად. მსახიობმა მისგან საჩუქრად ულამაზესი მინანქრის ყელსაბამი მიიღო, რომელიც სოფი ლორენს ძალიან მოეწონა და მთელი დღის განმავლობაში სწორედ ეს ყელსაბამი ეკეთა…

13479590_1120949607961512_1144058465_nნინო სურგულაძე:

პირველ რიგში, მინდა, მთელ საზოგადოებას დიდი მადლობა ვუთხრა, ყველა კომპანიას, განსაკუთრებით „სოკარს“, „რუმსს“ და ტელეკომპანია „იმედს“ გვერდში დგომისთვის. ჩვენ ყველა ერთად მოვახერხებთ ამ ოთხი ბავშვის გადარჩენას.

უნდა მივულოცო ქართველ ხალხს, რომ მსოფლიო მედიის ყურადღება საქართველოსკენ იყო მოპყრობილი, რადგან მას ეწვია შესანიშნავი არტისტი და ადამიანი, ქველმოქმედი სოფი ლორენი. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ სამწუხაროდ, მან ვერ დაათვალიერა თბილისი, გაუქმდა ყველა შეხვედრა, რაც დაგეგმილი იყო. ის უნდა წაგვეყვანა „შატო მუხრანში“, „ოქროს ფონდში“, უნდა ჰქონოდა შეხვედრები პატრიარქსა და პრემიერ-მინისტრთან.

საქმე ის გახლავთ, რომ სოფი ლორენი იშვიათად მოგზაურობს, როგორც აღმოჩნდა, ფრენის ძალიან ეშინია, თუმცა თავისი შვილისა და ჩვენი საქველმოქმედო ფონდის ღონისძიების ხათრით გადაწყვიტა ჩამოსვლა. მას თან ახლდნენ ასისტენტი და ექიმი. სამწუხაროდ, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოჰყვა, რის გამოც ძალიან ინერვიულა და ცუდად იყო. რომ ჩამოვიდა, მიწას შეეხო, მადლობა ღმერთს, რომ დავეშვითო. ჯანმრთელობის პრობლემის გამო ორი დღე სასტუმროდან თითქმის არ გამოსულა. მე გახლდით პატრიარქთან შეხვედრაზე და მას მოვუყევი ამ ყველაფრის შესახებ, მან დიდი სიყვარული გამოხატა სოფიას მიმართ… რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ის თავად მოვიდა სასტუმროში მსახიობთან შესახვედრად და მას მართლაც უსახსოვრა მინანქრის ულამაზესი ყელსაბამი, რომელიც სოფიას ძალიან მოეწონა (იღიმის).

ძალიან ვღელავდით, შეძლებდა თუ არა სპექტაკლზე დასწრებას, მაგრამ ის დიდი არტისტია, არაფერი შეიმჩნია და საღამოს დაესწრო… შემდეგ აღნიშნა, რომ არ ნანობდა გამოფრენას, რადგან ხალხის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ნახა. გახარებული იყო, რომ მიიღო მონაწილეობა საღამოში და იმითაც, რომ მისი შვილი იდგა პულტთან. სოფიამ ასევე ისიც თქვა, რომ ამ ფონდის არსებობა მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ემოციურად უყურა ბავშვების შესახებ მომზადებულ ვიდეოებს…

რომ მიემგზავრებოდა, ისევ ცუდი ამინდი იყო და კვლავ ღელავდა, მაგრამ მე ვუთხარი, რომ საქართველოში იმდენ ადამიანს უყვარს და იმდენი ადამიანი უგზავნის დადებით ემოციებს, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ეს სიტყვები ძალიან ესიამოვნა…

ბედნიერი ვარ, რომ ეს საღამო შედგა…

სოფი ლორენი თბილისს გუშინ ღამე დაემშვიდობა, მაგრამ ქველმოქმედება გრძელდება და სპექტაკლის ნახვა შეგიძლიათ 17 და 19 ივნისსაც. შემოსული თანხით „ნატვრის ხე“ ფონდის ბენეფიციარებს დაეხმარება. ასევე მოქმედია ტელეფონის ნომერი 0901900999. რაც შეეხება თავად დადგმას, იგეგმება მისი საზღვარგარეთ გატანაც და როგორც ნინო სურგულაძე ამბობს, სპექტაკლიდან შესული თანხის დიდი ნაწილი ასევე ფონდის საქმიანობისკენ მიემართება.

ფოტოებისთვის მადლობას ვუხდით ხატია ფსუტურს

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები