LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უშლის ხელს ქართული ხილის ექსპორტიორებს?

284

”ფრუტილიამ” რუსეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე  ამ დროისთვის 100 ტონამდე კარალიოკისა და ხურმის ექსპორტი განახორციელა.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ  ბეჟიტაშვილმა განუცხადა,  წელს ხურმისა და კარალიოკის საკმაოდ კარგი მოსავალი მოვიდა, შესაბამისად, წინა წელთან შედარებით, პროდუქციის ჩასაბარებელი ფასი არ გაზრდილა და ხილს კომპანია გლეხებისგან 50-60 თეთრად იბარებს.

”მიმდინარე თვის ბოლომდე, დამატებით კიდევ ვგეგმავთ 100 ტონა ხურმისა და კარალიოკის გატანას,  ნოემბრის  დასაწყისიდან კი უკვე სხვა პროდუქციის ექსპორტისთვის მოვემზადებით. დღე-დღეზე დაიწყება ნარინჯისფერი რთველი  საქართველოში და ჩვენც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აჭარელ და გურულ გლეხებთან, ვისგანაც მანდარინს ჩავიბარებთ”, – განმარტა ბეჟიტაშვილმა.

მისივე თქმით,  ერთადერთი ფაქტორი, რამაც ექსპორტს ხელი შეიძლება შეუშალოს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ფასების წინასწარი პროგნოზია.

”წინმსწრები განცხადებები ყოველთვის ხელს უშლის საექსპორტო კომპანიებისა და გლეხების ურთიერთობას. მაშინ, როცა კონკრეტული სამინისტროს წარმოამდგენელი გამოდის და აანონსებს, რომ მანდარინის ჩასაბარებელი ფასი იქნება 70 თეთრი, გლეხი უკვე ამ ფასზე ნაკლებად აღარ გვაძლევს პროდუქციას. შესაბამისად, ამ ფასად ჩაბარებული მანდარინი ჩვენ აღარ გვინდა და ეს ყოველივე აფერხებს ექსპორტს”, – განმარტა ”ფრუტილიას” დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, წინასწარი განცხადებები დამაზარალებელია თვითონ გლეხებისთვისაც, რადგანაც ჩაუბარებელი რჩებათ პროდუქციის დიდი ნაწილი და უფუჭდებათ, გაფუჭებულ მანდარინს კი საექსპორტო კომპანიები უკვე არანაირ ფასად აღარ იბარებენ.

როგორც ვახტანგ  ბეჟიტაშვილმა აღნიშნა, მანდარინის გარდა, ნოემბრიდან ”ფრუტილია” მწვანილის ექსპორტსაც განაახლებს. ამასთან, კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ”ფრუტილია” ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაზეც მუშაობს.

”მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპულ ქვეყნებთან.  თუ პროდუქცია იქნება ხარისხიანი და ფასიც ხელსაყრელი, ევროპის ბაზარზე ექსპორტი არ გაგვიჭირდება. მითუმეტეს, რომ ასოცირების ხელშეკრულება ამის შესაძლებლობას იძლევა”, – განაცხადა ბეჟიტაშვილმა.

შეგახსენებთ, ”ფრუტილია” მწვანილის 3 სახეობის ექსპორტზეც  მუშაობს, ესენია: ცერეცო, ოხრახუში და ქინძი.  კომპანიის საქმიაობის ძირითადი მიმართულება კი ხილის ექსპორტია.  საექსპორტო პროდუქციას ”ფრუტილია” ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები