LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვითარებაა სოფელ ართანაში, ხახაბოსა და შილდაში – შსს-ს განცხადება

78

საგანგებო შტაბი კახეთში მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს, – ამის შესახებ შსს-ის განცხადებაშია აღნიშნული.

შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. შსს-ის ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის პროცესი ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ალპურ ზონასა და ტყის ფოთლოვან ნაწილში. უწყებაში განბმარტავენ, რომ ადგილზე არსებული რთული რელიეფური პირობების გამო, მეხანძრე-მაშველები ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებს იყენებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია სამი ვერტმფრენი.

ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება მთა-თუშეთშიც, სოფელ ხახაბოსთან, ტყის მასივში არსებულ ხანძრის კერებზე. რთული რელიეფის მიუხედავად, მთის ფერდობზე შესაძლებელი გახდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დამონტაჟება და კერების დამუშავება. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი.

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავებას. შსს-ის ინფორმაციით, ცოცხალი ძალა ადგილზე ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე დარჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები