LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა, ამაზე ფარულ ჩანაწერებში საუბრობენ – პროკურორი

108

ფარულ საგამოძიებო ჩანაწერებში ხსენებული პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ, განუცხადა.

ფხაკაძის განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ვიდეომასალა და სხვა გარემოებები ადასტურებს ბრალდებულ პირთა ბრალეულობას, რასაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაშიც გამოიყენებს.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ იქნა სამ პირთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ: მათი საუბრების ამსახველი ვიდეო მასალა. აღნიშნულ მასალაში ასახული ინფორმაცია, ასევე სხვა მტკიცებულებები, ბრალდების მხარეს ერთობლიობაში აძლევს საფუძველს, რათა დაასკვნას და დაცვით სიტყვაში გამოიყენოს მტკიცებულებები და სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.

აღნიშნულ ფარულ ჩანაწერებში ხსენებული პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა დანის გამოყენება”, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დღევანდელ პროცესზე მხარეებმა საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლიეს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები