LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ზიანს აყენებს ჩაი ორგანიზმს

7625

ბევრ ქვეყანაში ჩაი ძირითად სასმელად ითვლება, ჩაის სმას კი, გარკვეული ეტიკეტი, ტრადიციები და ცერემონიალი უკავშირდება. მაგალითად, ჩაის სასარგებლო თვისებებში დარწმუნებული ბრიტანელები და ჩინელები, საუკუნეების მანძილზე მიირთმევენ სასმელს, რადგან ის ტონუსის შენარჩუნების, წყურვილის მოკვლის და ქოლესტერინის შემცირების საუკეთესო საშუალებაა. გარდა ამისა, ჩაი დადებითად მოქმედებს გულზე, სისხლძარღვებზე და რაც მთავარია, აჩერებს დაბერების პროცესს. თუმცა, ღირსება სულაც არ გამორიცხავს ნაკლს, ყოველშემთხვევაში ასე თვლიან მეცნიერები, რომლებიც დიდი ხანია ჩაის მავნებლობაზე საუბრობენ.

მაგარი ჩაი მავნებელია კბილებისთვის – მაგარი ჩაი ზიანს აყენებს კბილებს და ძვლებს მთელ სხეულში. საუბარია არა მხოლოდ შავ, არამედ ბალახის ჩაიზეც, რომელიც pH-ის სიმცირის წყალობით, კბილის დამცავ ემალს შლის და იწვევს ეროზიას. სხვათაშორის, კბილებისთვის ჩაი ბევრად მავნებელია, ვიდრე ფორთოხლის კონცენტრატი, რაც პირველ რიგში მათ უნდა გაითვალისწინონ, ვინც ჩაის წონის დაკლების ან დეტოქსიკაციის სყრვილით მიირთმევს. ამ შემთხვევაში დიეტოლოგები pH-ის მაღალი დონის შემცველი ჩაის არჩევას და დღეში მხოლოდ ოთხი ჭიქის დალევას გვირჩევენ.

მძიმე მეტალები ჩაის ნაყენში – ჩაის დაყენების ოპტიმალური დრო – სამი წუთია. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო დიდხანს ვაყენებთ ჩაის, მით უფრო ტოქსიკური ხდება ის, რადგან მცენარის ფოთლებიდან მძიმე მეტალები ირეცხება (სხვათაშორის, ჩაის პლანტაციები მეტწილად მძიმე ეკოლოიურ პირობებში, დაბინძურებულ ნიადაგზეა გაშენებული). თუ ჩაის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, შეარჩიეთ თეთრი სახეობები, რომელთაც მანამდე კრეფენ, სანამ მავნე მეტალები დაგროვდება.

ღვიძლისთვის მავნებელი მწვანე ჩაი – უცნაურია, მაგრამ ჩაი, რომელსაც ჯადოსნურ თვისებებს მიაწერენ, სინამდვილეში საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს. ყოველ შემთხვევაში ასე თვლიან ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელთა მტკიცებით დღეში ორ ჭიქაზე მეტი მწვანე ჩაის დალევა ღვიძლის დაშლას იწვევს. როგორც აღმოჩნდა, შავისგან განსხვავებით, რომელიც დამუშავების ხანგრძლივ პროცესს გადის, მწვანე ჩაი დიდი ოდენობით პოლიფენოლს შეიცავს, რომელიც ტვირთად აწვება ღვიძლს.

ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი – ზედმეტი სითხისა და ტოქსინების გარდა, შავი და მწვანე ჩაის ხშირი მოხმარებით ორგანიზმი კარგავს სასარგებლო მიკროელემენტებს – მაგნიუმს, კალციუმს და რკინას. რკინისდეფიციტური ანემია კი, კანისა და თმის დაზიანებას იწვევს.

რატომაა საშიში ცხელი ჩაი – ჩაის ოპტიმალური ტემპერატურა 50 გრადუსია. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხელი ჩაის რეგულარული მოხმარებით სერიოზულ ზიანს მიაყენებთ კუჭს და ცხვირ-ხახის სისხლძარღვებს. მართალია, ბევრი თვლის, რომ გაციებისას ჩაი უებარი საშუალებაა, მაგრამ ეს მხოლოდ მითია, რადგან ბრიტანელი ფარმაკოლოგების განცხადებით,  თეოფილინი, რომელსაც ჩაი შეიცავს ტემპერატურას მაღლა წევს და ავადმყოფისთვის ზიანი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე სარგებელი.

PS: რა თქმა უნდა, არ ღირს ჩაიზე უარის თქმა, თუმცა, უმჯობესია შეამციროთ მისი მოხმარება და აუცილებლად დაიცვათ მომზადების წესი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები