LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიაციული დაბინძურება – რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ზრდის თუ არა სიმსივნის საფრთხეს

დაავადების 10 000 ახალი შემთხვევა და 6 000 გარდაცვლილი წელიწადში  –  საქართველოში სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ მიზეზად, ინფექციური დაავადებების შემდეგ, სიმსივნე სახელდება.

გამონაბოლქვის,  მწვანე საფარის ნაკლებობისა და ეკოლოგიური პრობლემის პარალელურად, ონკოლოგები საქართველოში სიმსივნური დაავადებების ზრდის ერთ- ერთ მიზეზად რადიაციული ფონის დაბინძურებას მიიჩნევენ, რომელიც, მათი თქმით, სათავეს ჩერნობილის ატომური კატასტროფიდან იღებს.

 

საქარველოს ცაზე რადიაციამ იწვიმა

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე ჩერნობილთან  მდებარე ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა. აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა რეაქტორი და დაიწყო რადიოაქტიური დაბინძურება.  ავარიისას  გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია და ინგლისი. მაისში რადიაციულმა ღრუბელმა  სამხრეთისაკენ გადმოინაცვლა  და საქართველოში რადიაცია მაისის წვიმებს მოჰყვა.  

საქართველოში პროდუქტის რადიაციული დაბინძურება ავსტრიამ შენიშნა,  რომლსაც საქართველოდან საექსპორტოდ ჩაი გაჰქონდა.

საქართველოს რადიოლოგიის ინსტიტუტმა ნიადაგის შესწავლის შედეგად რადიაციის კვალი დასავლეთის სხვადასხვა რეგიონში იპოვა.

ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, თსუ-ს პროფესორი „ფორტუნასთან“ იმ პერიოდს იხსენებს,  როცა შავიზღვისპირეთის ჩაი რადიოაქტივობის ეტალონად გამოიყენებოდა.

„ჩერნობილის აფეთქების შემდეგ რადიაქტიური ღრუბელი ამიერკავკასიის მიმართულებით წამოვიდა და დაბინძურების ეპიცენტრად საქართველოს შავიზღვისპირეთი იქცა. დაბინძურება ხდებოდა რადიაქტიური იოდით,  ცეზიუმ 134 და 137-ით. კატასტროფის შემდგომ პერიოდში რადიაქტიურმა წვიმამ დააბინძურა ნიადაგი და  შესაბამისად,  მცენარეები,  მოსავალი,  რძე და  ამ ტიპის საკვები რადიაციულად დაბინძურდა. სწორედ იმ პერიოდიდან იმატა  განსაკუთრებით დასავლეთში სიმსივნურმა დაავადებებმა.   ჩერნობილის კატასტროფიდან 30 წლის შემდეგ საფრთხე იმ მასშტაბის აღარ არის, მაგრამ ცეზიუმ 137-ს ნახევრად დაშლის 30-წლიანი პერიოდი აქვს და მისი გავლენა ბოლომდე ჯერ კიდევ არ იქნება განეიტრალებული,“ – ამბობს ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი ნუგზარ გუბაძე.  

რადიაციულმა საფრთხემ იკლო,  თუმცა დაბინძურების შედეგი სწორედ ახლა დადგა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგი კონსტანტინე მარდალეიშვილი ქვეყანაში ფარისებრი სიმსივნეების ბუმს  სწორედ ჩერნობილის კატასტროფას უკავშირებს.

ფარისებრის სიმსივნეების მატება სწორედ ჩერნობილის კატასტროფას უკავშირდება. საქართველოში ენდემური კერები მანამდეც იყო რაჭაში,  აფხაზეთში,  თუმცა სიმსივნური ფორმების მატება სწორედ ბოლო წლებში დაიწყო, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.   საქართველო იყო მეოთხე სახელმწიფო,  რომელიც ჩერნობილის რადიაციულმა ღრუბელმა დააბინძურა.   რადიაციულ დაბინძურების ზემოქმედება  20-25 წლის შემდეგ   იგრძნობა და სწორედ 2 წლის წინ დაფიქსირდა სიმსივნეების პიკი. ეს ტენდენცია, დაახლოებით, 10 წელი ისევ შენარჩუნდება და შემდეგ  კლებას დაიწყებს, თუ ახალი რადიაციული დაბინძურების წყაროები არ გაჩნდება,“ – აცხადებს „ფორტუნასთან“  კონსტანტინე მარდალეიშვილი.  

რადიაციულ გამოსხივებას არამარტო ბირთვული აფეთქებების შემდეგ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად ვაწყდებით. მაგალითად,  უსაფრთხოების  სკანერები,  რომლებიც აეროპორტებსა და სხვადასხვა ოფიციალურ  სტრუქტურებშია დამონტაჟებული და სამედიცინო რენტგენი.

უსაფრთხოების სკანერები სხვადასხვა სიმძლავრისაა, დანიშნულებიდან გამომდინარე.  

ბირთვული ფიზიკის სპეციალისტის რეკომენდაციით,  უსაფრთხოების სკანერის ერთჯერადად მოხმარება ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს, თუმცა, ყოველდღიური შეხება  სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.  

რაც შეეხება სამედიცინო რენტგენს, კანონი არეგულირებს, როგორც დასხივების დოზებს,  ასევე იმ შენობის ტექნიკურ რეგლამენტს, სადაც პროცედურები ტარდება.  მიუხედავად ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ,  რენტგენი წელიწადში  2-3 ჯერზე  მეტად არ გამოვიყენოთ და მაქსიმალურად  ვერიდოთ ამ ტიპის რადიაციულ დასხივებასაც

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები