LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან სმიტმა 2 პირის დანახვაზე, რომელზეც კობაური საუბრობს, ნაბიჯს აუჩქარა და სავარაუდოდ, იცნობდა – ადვოკატი

72

ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ორ უცნობს სპეციალურად დაეტოვებინა ეს ბიჭი ცოცხალი, რათა ის გამხდარიყო ბრალდების მსხვერპლი, – ამის შესახებ ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა განაცხადა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ეს ორი უცნობი პიროვნება იქ მივიდა შავი ფერის ავტომობილით. მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი ვერ გაარჩია, რადგან ძალიან შორიდან დაინახა. თუმცა, დაინახა, რომ ეს ავტომობილი დაახლოებით 3-4 მეტრის დაშორებით გაჩერდა სმიტების ავტომობილთან, იქიდან გადმოვიდა ორი უცნობი პიროვნება. ეს ორი პიროვნება მალე მათ გზაზე წამოეწია. ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ოჯახის უფროსი სავარაუდოდ, ამ ადამიანებს იცნობდა, რადგან მათი დანახვისთანავე ეს ადამიანი აღელდა, ნაბიჯს აუჩქარა, თითქოს შეეშინდა,“ – განაცხადა ადვოკატმა დავით გირგვლიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ საიდან ხედავდა მალხაზ კობაური ამ ყველაფერს, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამაზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

“ამ შეკითხვაზე რომ გიპასუხოთ, მაშინ მე ფარდა უნდა ავხადო ყველა დეტალს, რასაც ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის დიდი სურვილიც მაქვს. თავიდან აჟიოტაჟი ატყდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ენაზე ესაუბრებოდა ეს ორი უცხო ადამიანი ბრალდებულს. მან განმარტა, რომ იმ ორმა ადამიანმა ქართული იცოდა. მე ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ქმედება საკმაოდ პროფესიონალი ადამიანების მიერაა შესრულებული. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ იმის დაშვებასაც კი, რომ მათ სპეციალურად დაეტოვებინათ ეს ბიჭი ცოცხალი, რათა თვითონ გამხდარიყო ბრალდების მსხვერპლი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მთელი ქვეყნის წინაშე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მალხაზ კობაური იმ ეტაპზე ხადას ხეობაში მყოფ ყველა ადამიანს შორის ყველაზე უფრო დაჩაგრული და ადვილად ხელში ჩასაგდები იყო, ასევე ყველაზე უფრო დაუცველი ადამიანი, ვისთვისაც მარტივად შესაძლებელი იქნებოდა ხელების შეწმენდა,” – განაცხადა ადვოკატმა.

სმიტების ოჯახის ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის ბავშვის მკვლელობას, დაკავებული 19 წლის მწყემსი არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ხეობაში ორი უცნობი პირი, სავარაუდოდ, ჩრდილოკავკასიელი იყო და მკვლელობაც სწორედ მათ განახორციელეს. მანამდე შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

ქართულ მხარეს აღნიშნული საქმის გამოძიებაში დახმარებას FBI (ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო) უწევს.