LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაიმე ახლის მოლოდინი არ გვაქვს” – კონსტიტუცია „ვენეციის კომისიის“ დასკვნამდე დამტკიცდება

საქართველო მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღების მოლოდინშია – მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიუხედავად “ვენეციის კომისიის” პრეზიდენტის იმედგაცრუების, კომისიის მდივნის რჩევის, ოპოზიციური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებებისა,  „ვენეციის კომისიის“ დასკვნის გამოქვეყნებამდე  დაამტკიცებს.

ქვეყანაში უკვე დიდი ხანია, მსჯელობენ საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის აუცილებლობაზე, რომელიც ვერ შედგა.

1-ელ სექტემბერს „ვენეციის კომისიის“ თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით. იგი ასევე, უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 4 სექტემბერს „ვენეციის კომისიის“ მდივანმა, თომას მარკერტმა, მმართველ გუნდს ურჩია, დაელოდოს,  „ვენეციის კომისიის“ საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია.

მიუხედავად ამისა, 5 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიღებულ იქნება ახალი კონსტიტუციის არსებული ვარიანტი, შესაბამისად, მასში მხოლოდ სარედაქციო ცვლილებები შევა.

„ვენეციის კომისიის“ საბოლოო შეფასების დალოდებისკენ მოუწოდებს მმართველ გუნდს არასამთავრობო სექტორიც.

ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  წინააღმდეგობაში მოდის „ქართული ოცნების” ლიდერების ადრინდელ დაპირებასთან, რომ ისინი „ვენეციის კომისიის“ ყველა რჩევას გაითვალისწინებდნენ.

„მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობას, აუცილებლად  გაითვალისწინოს “ვენეციის კომისიის” მოწოდებები  და დაელოდოს ამ უწყების საბოლოო  შეფასების გამოქვეყნებას.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მნიშვნელოვნად შეილახოს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია. დანაპირების არ შესრულება და პარტნიორების შეცდომაში შეყვანა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იქნება აღქმული მათ მიერ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ  აღვნიშნავთ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის არსებული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება არ ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული  განვითარების მიზნებს და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მიუხედავად ქვეყნის გარეთ და შიგნით არსებული მოსაზრებებისა და შენიშვნებისა, მმართველ გუნდი საკონსტიტუციო პროექტში ვერც ხარვეზებს ხედავს და ოპოზიციისგან, ასევე საექსპერტო წრეებისგან განსხვავებით, არც ის მიაჩნიათ, რომ პროექტის პირველი ვერსია, რომელიც „ვენეციის კომისიამ“ შეაფასა, ორი მოსმენით მიღებული პროექტისგან განსხვავებულია.

„ფორტუნასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ნინო გოგუაძე, აცხადებს, რომ კომისიამ პროექტი უკვე შეაფასა და მასში შენიშვნების ძირითადი ნაწილი გათვალისწინებულია, ამიტომ დეპუტატი არ ელის, რომ საბოლოო შეფასებაში რაიმე არსებითი, გასხვავებული პოზიცია დაფიქსირდება.

„სიმართლე გითხრათ, ბევრ ცვლილებას, ახალ შემოთავაზებას არ ველოდები „ვენეციის კომისიისგან“ იქიდან გამომდინარე, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა იმის შემდეგ, რაც პირველი პროექტი წარედგინათ მათ. თუმცა, რა საკვირველია, საბოლოო დასკვნა ნამდვილად საინტერესოა და ველოდებით ამ დასკვნას, თუმცა რაიმე არსებითი ახლის მოლოდინი არ გვაქვს. „ვენეციის კომისიის“ მოსაზრებები ასახულია პროექტში“, -აცხადებს ნინო გოგუაძე.

კითხვაზე დაელოდება თუ არა უმრავლესობა საბოლოო შეფასების დოკუმენტს „ვენეციის კომისიისგან“, ნინო გოგუაძე აცხადებს: „არა, თქვენ იცით, რომ ორი მოსმენით მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, მესამე მოსმენა მხოლოდ სარედაქციო ხასიათის არის.“

არსებული კონსტიტუციის პროექტით, რომელიც საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადავა, პრეზიდენტს მომდევნო არჩევნებზე პირდაპირი, შემდეგ კი უკვე არაპირდაპირი გზით ავირჩევთ. სწორედ ეს არის ძირითადი საკითხები, რაზეც ხელისუფლება ვერც ოპოზიციასთან და ვერც არასამთავრობო სექტორთან შეთანხმდა. თუმცა, მთავარი საკითხების მიღმა ექსპერტები კიდევ ბევრ პრობლემას ხედავენ: შეთავსებით მოქალაქეობა, ქორწინების დეფინიცია, გადასახადები, ბავშვთა უფლებები ამ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც არასამთავრობო სექტორი ყურადღებას ამახვილებს.

 

თაკო ივანიაძე 

 

პოპულალურები