LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად რეალურია ISIS-ის მუქარა საქართველოს მისამართით – ანალიტიკოსები რუსეთის კვალს არ გამორიცხავენ

მორიგი მუქარა, რომელსაც ამჯერად სავარაუდოდ, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოს მისამართით ავცრელებს. მუქარის შემცველ ვიდეოში ISIS-ის წევრები საქართველოს ახმედ ჩატაევის და მისი მეგობრების დახოცვის გამო, შურისძიებით ემუქრებიან. ტერორისტების მუქარის ვიდეო მასალა ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეოში გამოყენებულია ქართული ტიტრები, რომელიც სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” თანამოაზრეებმა რამდენიმე კვირის წინ დაამზადეს.

„ორი ძმა დაგვიხოცეთ (დაგვიწვით) არაფრის გულისთვის! სულ მალე მიიღებთ ამისთვის სასჯელს, ურჯულოებო! გეშინოდეთ ჩვენი… გაუჩინარებული მაგამედოვი!!! დიახ, ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი… გაბრიელ სალოსის სპეცოპერაცია. აქაც დაგვიხოცეთ ძმები ღალატითა და მოტყუებით. ინშა ალლაჰ, ჩვენი მეომრები მზად არიან შურისძიებისთვის!“ – ნათქვამია ვიდეო მიმართვაში.

სწორედ ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შაბათს, სპეცოპერაციის შედეგად, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის პანკისელი ქისტი, მალხაზ ტოხოსაშვილი დააკავა. ტოხოსაშვილი წყნეთში აიყვანეს. აღნიშნული პირი წყნეთში, კერძო დაცვის უფროსად მუშაობდა. ტოხოსაშვილის ბრალეულობის ნივთმტკიცებულებების ერთი ნაწილი სწორედ წყნეთში, იმ სახლიდან იქნა ამოღებული, სადაც დაკავებული მუშაობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, ტოხოსაშვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდა კავშირი. სუს-ის ცნობით, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე, „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები ამოიღეს. ტოხოსაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საგულისხმოა ისიც, რომ ამავე პერიოდში, რა დროსაც „ისლამური სახელმწიფოს“ მორიგი ვიდეო მუქარა გავრცელდა და მოგვიანებით ტოხოსაშვილიც დააკავეს, რუსეთის პრემიერმინისტრი, დიმიტრი მედვედევი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, პირდაპირ დაემუქრნენ. ანალიტიკოსები ამ ფაქტების „დამთხვევას“ ერთმანეთს უკავშირებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ უკან რუსეთის ფედერაცია იდგეს. ანალიტიკოსი და „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ხშირად „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა რაიმე ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უკავშირდება, როგორიცაა, სამხედრო წვრთნები, მნიშვნელოვანი დელეგაციის ვიზიტი ან საქართველო-ნატოს ღონისძიებები.

ქუთელია იმასაც განმარტავს, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ISIS-ის სამიზნე. მისი თქმით, დაჯგუფების წევრების ამოცანებიდან გამომდინარე, მათ დეკლარირებული აქვთ საქართველო და ქვეყანა არცერთი მოსაზრებით არ უნდა შედიოდეს მათი სამიზნე პრიორიტეტების სიაში.

„კარგად არის ცნობილი, რომ ისლამური სახელმწიფოს უკან დგანან რუსი სამხედრო მრჩევლები. ასევე, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ “ისლამური სახელმწიფოსათვის”, რეალურადაც რუსეთი ამას იყენებს დამატებითი პროდუქტის შექმნის ბერკეტად და ამერიკელი და ევროპელი მოკავშირებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის ერთობლიობა გაცილებით მეტ საფუძველს იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. რუსი პოლიტიკოსების მხრიდან მუქარა ბუნებრივ კავშირშია, იმიტომ რომ რუსეთში არ არსებობს დამოუკიდებელი პოლიტიკური მოღვაწეები, არის პუტინის რეჟიმი და აქედან გამომდინარე, ეს არის კარგად სინქრონიზირებული მცდელობა, რომ საქართველოს უარი ათქმევინონ ნატოში გაწევრიანებაზე,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ქუთელია.

თუმცა, უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ასე მარტივად მსგავსი „ბრალდება“ გამართლებული არ არის.

„შეიძლება, (ვიდეომუქარა) რუსეთს გაეკეთებინა, შეიძლება, სხვას გაეკეთებინა, გამორიცხული არაფერიამთავარი ის არის, რომ ხიფათი არსებობს თუ არა. ჩვენ ასეთ დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას, მართალია, ყველაფერი დეტალებში იმალება, მაგრამ თვითონ ფონს არ ვუყურებთ, ხიფათი კი მუდმივად არსებობს. მშვიდობიან მოსახლეობაზე იქნება თავდასხმა თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, რომელიც საქართველოშია განლაგებული, სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც მოსახერხებელი იქნება, იმაზე გააკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ თუ საქართველოში იქნება ტერაქტი, იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიების ან დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ მამუკა არეშიძე.

არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა განმეორდეს. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე. თუმცა მორიგ მუქარას ანალიტიკოსი ბლეფს უწოდებს.

„ISISის იმდენი საველე მეთაური, ცნობილი პიროვნება და ლიდერი გაუწყვიტეს, რომ მაშინ მუდმივად ყოველდღიური ტერორისტული მოქმედების რეჟიმში უნდა იყვნენ. ტერორისტული აქტის მოწყობა ასეთი მარტივი არ არის, საჭიროა კონსპირაცია, ფული, უამრავი ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა რამ. ეს არ არის ერაყი, სადაც შეგიძლა, ფანატიკოსი დაიგულო, მას აკიდო ასაფეთქებელი ნივთიერება და მეზობელ ქუჩაზე თავი ააფეთქებინო. ტერაქტის მოწყობას საკუთარი ფიზიკა აქვს, მაგრამ მაქსიმალურად საჭიროა სიფხიზლე, როგორც ხელისუფლების და სპეცსამსახურების მხრიდან, ასევე საზოგადოებისგან,“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

რაც შეეხება სუს-ის მიერ მალხაზ ტოხოსაშვილის დაკავების ფაქტს, რომელსაც გამოძიება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობას ედავება, ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ ტოხოსაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გამოც შესაძლოა, დაჯგუფების ხელმძღვანელობის მხრიდან ფაქტს განსაკუთრებული განგაში მოჰყვეს.

ვიდეო მუქარის გავრცელების კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობენ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები. მექა ხანგოშვილი ამბობს, რომ ვიდეოს უკან შესაძლოა, მიზანმიმართული პროვოკაცია იმალებოდეს და არ გამორიცხავს, რომ ვიღაცას პანკისში სიტუაციის დაძაბვა სურდეს. ხანგოშვილის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ და ფიქრობს, რომ ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

„ეს არ არის ISIS-ის მიერ გადაღებული ვიდეო. ვიცით, რომ მათი პოზიციები ახლა საკმაოდ დასუსტებულია და საქართველოსთვის ნაკლებად სცალიათ. ეს ვიდეო იმით არის ყურადსაღები, რომ მგონია, სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაციაა. ამიტომაც მეტი ყურადღების გამოჩენაა საჭირო. არავინ იცის, მათ თავში რა შეიძლება მოუვიდეთ. მათთვის პანკისის ხეობა ყოველთვის კარგი სამიზნეა და ჩვენ ამის უფლება არ უნდა მივცეთ,“ – აცხადებს ხანგოშვილი.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ დასუსტებულ „ისლამურ სახელმწიფოს“ სამიზნეში საქართველო ჯერჯერობით არ ჰყავს ამოღებული, თუმცა ზუსტი პროგნოზების გაკეთება რთულდება. მეორე ნაწილის აზრით კი, ამ მიმართულებით
რეალური საფრთხე არის რუსეთის დაინტერესება რომელიმე სპეცსამსახურთან დაკავშირებულ პირებთან. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ თუ იქნება რაიმე არაკანონიერი ქმედების ან პროვოკაციის მოწყობის საფრთხე, ამის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა სახელმწიფო უწყებების გამართული მუშაობა.

თათია კაკიაშვილი

პოპულალურები