LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად საშიშია ენტეროვირუსული ინფექცია “კოკსაკი”, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებში იჩენს თავს

ბოლო დროს მოსახლეობაში ინფექცია “კოკსაკთან” დაკავშირებით საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ განსაკუთრებით საშიში ფორმებით ვლინდება და დაავადებულებს საფრთხეს უქმნის. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის  ოფიციალური ინფორმაციით,  ენტეროვირუსული ინფექცია “კოკსაკი”  საქართველოში სულ რამდენიმე შემთხვევით შემოიფარგლა. ის გაზაფხულ-ზაფხულის ვირუსად მიიჩნევა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის, თქმით, “კოკსაკის” ვირუსი პაციენტებში ძალიან იოლად, ყოველგვარი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

ეს ვირუსი ხშირია ჩვენნაირი კლიმატის ქვეყანაში, შავი ზღვისპირეთში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში. მას არავითარი გართულება არ მოჰყვება. ვირუსი ყველაზე ხშირად ბავშვებში გვხდება, – განმარტავს იმნაძე. 

 

რა არის კოკსაკი?

კოკსაკი არის ქალაქის დასახელება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაფიქსირდა პოლიომიელიტის მსგავსი დაავადების ეპიდემია, რომელიც გამოწვეული იყო იმ პერიოდში უცნობი ვირუსით. შემდგომში იდენტიფიცირებულმა ვირუსმა მიიღო “კოკსაკის” სახელწოდება. ინფექციის წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემა ხდება ჰაერ–წვეთოვანი ან ფეკალურ–ორალური გზით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები და ახალგაზრდები. დამახასიათებელია სეზონურობა – უფრო ხშირი ავადობა ზაფხულში და გაზაფხულზე. გადატანილი დაავადების შემდეგ იმუნიტეტი არის საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი (რამდენიმე წლამდე). ინკუნბაციური პერიოდი 1–10 დღემდე წარმოადგენს. დაავადების დასაწყისი მწვავეა და კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს.

პაატა იმნაძის თქმით, ენტეროვირუსული ცხელება – ყველაზე გავრეცელებული ფორმაა, ახასიათებს ტემპერატურის მომატება.

ამ დაავადებას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც ხელის, ტერფის, პირის დაავადებას, ვინაიდან კიდურებსა და პირის ღრუში გამონაყარის სახით შესაძლოა, ბუშტუკები გაჩნდეს ხოლმე. ვირუსი, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში, იშვიათ შემთხვევებში ერთ კვირამდე ვადაში, განსაკუთრებული მკურნალობის გარეშე გაივლის ხოლმე. რაც შეეხება ტემპერატურას, ის შეიძლება იყოს მაღალი, შეიძლება, საერთოდ არც დაფიქსირდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვირუსს არავითარი სპეციფიური მკურნალობა არ სჭირდება,  პაციენტს ერთადერთი, სიცხის დამწევი შეიძლება, მივცეთ. ვირუსი წელს ყველაზე მეტად თურქეთში იყო გავრცელებული, საქართველოში – ნაკლებად. თურქეთში რამდენიმე ასეული შემთხვევა დაფიქსირდა, ეს, ბუნებრივია, დიდი რაოდენობის ტურისტების გადადგილებამ გამოიწვია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ.

 

ქართველი პაციენტების ჩივილები

განსხვავებული პოზიცია აქვს 3 წლის რეზი ბასილაიას დედას. ლიდა დანელია ამბობს, რომ ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანაც გახდა საჭირო, სადაც ენტეროვირუსული ჩივილებით საკმაოდ ბევრი მცირეწლოვანი პაციენტი იწვა. მისივე თქმით, თავდაპირველად ექიმებს გაუჭირდათ, დაესახელებინათ კონკრეტულად რომელი ვირუსის მატარებელი იყო პაციენტი.

„ექიმებს ვირუსის კონკრეტული სახელი არ უთქვამთ იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან უჭირდათ დადგენა. ამბობდნენ, რომ ეს იყო ბაქტერიული ვირუსი. თავიდან დიზენტერია ეგონათ, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ დიზენტერიის ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ გამოკვეთილა. ჩივილებით და ნიშნებით კოკსაკის ვირუსს დაუკავშირეს. ვირუსის პირველ დღეებში ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა – 38-დან 40 გრადუსამდე. ასევე, ფაღარათიც ჰქონდა. ეს პროცესი, მინიმუმ, ოთხ დღეს გაგრძელდა. მინდა ვთქვა, რომ იმის შემდეგ, დაახლოებით, 1 კვირა გავიდა და ჯერ კიდევ არ არის მდგომარეობა მოწესრიგებული. ამ ეტაპზე ბავშვი მედიკამენტების ქვეშ არის. ექიმის თქმით, დაახლოებით 1 თვე მაინც გვჭირდება, რომ ეს ვირუსი ორგანიზმიდან გამოვიდეს. ჩვენს შემთხვევაში, ბავშვს გამონაყარი არ ჰქონია, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფოც არ ჩერდებოდა, სასწრაფოს მანქანა-მანქანაზე მოდიოდა, იმდენად მაღალი იყო პაციენტების მიმართვიანობა ენტერო ვირუსზე“,გვითხრა პაციენტის დედამ.

 

ლიდა დანელიას თქმით, ამ ვირუსის გამოვლინება ძალიან სხვადასხვაგვარია: ზოგ პაციენტს ჰქონდა გამონაყარი, ზოგს – პირღებინება.

„ბავშვების ასაკი 3 თვიდან იწყებოდა, ჩემი შვილი 3 წლისაა. ჩვენს გვერდზე პალატაში 6 თვის ბავშვი იყო. მაღალი სიცხეები 2 დღის განმავლობაში გვქონდა, შემდეგ გადასხმები გავიკეთეთ, რამაც თავისთავად მოაძლიერა ორგანიზმი“, – აღნიშნა ლიდა დანელიამ.

 

ექიმთა განმარტებით, ენტეროვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა გაცილებით მარტივდება, როდესაც აღინიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები. ენტეროვირუსული ინფექციის სპეციფიკური დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება პირდაპირი და არაპირდაპირი იმუნოფლორესცენციის მეთოდები. გამოკვლევის მასალას წარმოადგენს პირის ღრუდან აღებული ნაცხი, განავალი, თავზურგტვინის სითხე. გარკვეული მნიშვნელობა აქვს იგივე მასალის დიაგნოსტირების ვირუსოლოგიურ მეთოდებს. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, ის ინიშნება მხოლოდ მეორადი ინფექციის თანდართვისას.

 

 თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები