LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ოლქში კანდიდატურები, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად მოხსნეს – NGO-ები

101

მიუხედავად ძირითადად მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდისა, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მოიმატა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარისა თუ დაშინების შემთხვევებმა.

ამის შესახებ ნათქვამია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED), “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაში.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიშებში ზეწოლა-მუქარისა და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 40 შემთხვევა მოხვდა.

“რამდენიმე ოლქში საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებულმა პირებმა კანდიდატურები, სავარაუდოდ, განხორციელებული ზეწოლის შედეგად მოიხსნეს. შემაშფოთებელია ზეწოლისა და მუქარის ფაქტები იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მოქმედი გამგებლები სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერით აღარ სარგებლობენ და არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ ნომინირებული კანდიდატების კონკურენტები არიან,“ – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ რიგ შემთხვევებში საჯარო მოხელეებსა და პედაგოგებს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საქმიანობას სთხოვდნენ.

“ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია. რიგი ფაქტები სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩა, მაგალითად, თბილისის ბაგა-ბაღებში დირექტორებისთვის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიების მოგროვების ფაქტზე მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით სამართალდამცავი უწყებები არ დაინტერესებულან,“  – განმარტავენ არასამთავრობო სექტორში.