LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე საინვესტიციო პროექტი, რომელიც თბილისის მერიამ ბიზნესსექტორს გააცნო

91

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქართველ და უცხოელ ინვესტორებს შეხვედრაზე საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. თბილისის საინვესტიციო პორტფელის შესახებ პრეზენტაცია ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ გამართეს. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიმართა.

ქვეყნისა და ქალაქის განვითარებაში ბიზნესის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ, მერიის თითოეულ თანამშრომელს აქვს აღებული, კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ჩვენს გასაკეთებელს აუცილებლად გავაკეთებთ. ვფიქრობ, რომ ბიზნესის ჩართულობით, უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, რადგან თქვენ ხართ ადამიანები, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნისა და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში და უამრავი ადამიანი გყავთ დასაქმებული. ვფიქრობ, პროექტები, რომლებსაც წარმოგიდგენთ, თქვენთვისაც იქნება საინტერესო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში ბიზნესის წარმომადგენლების თანადგომა მომავალშიც გაგრძელდება და მათ მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნებათ. „ბიზნესთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც გვინდა, რომ ქალაქის განვითარების ტემპი უფრო სწრაფი იყოს. გვინდა, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შევცვალოთ და ვფიქრობ, რომ ზუსტად ბიზნესის ჩართულობით, ერთობლივად შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქტუალურია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ქუჩის განათების LED განათებით ჩანაცვლების პროექტზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქის მერია ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს. გამარჯვებული კომპანია აღნიშნულ კომპონენტს 10 წლით გადაიბარებს და ქალაქის განათებაზე ექსკლუზიურ უფლებას მიიღებს. გამარჯვებულად ის კომპანია დასახელდება, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავრობას მინიმალურ საოპერაციო თანხებს შესთავაზებს. პროექტის განხორციელების შედეგად, ელექტროენერგიისა და საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა მოხდება, ქალაქს კი, თანამედროვე და მოწესრიგებული გარე განათება ექნება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს – მიწისქვეშა ავტოსადგომებია. მათი განვითარების პროექტის განსახორციელებლად, დედაქალაქის მერია კომპანიებს მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. ინტერესთა გამოხატვის დროს, მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის პერიოდზე საბანკო გარანტია იქნება. მინიმუმ 183-ადგილიანი, სამდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის აშენება თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. ამ შემთხვევაში, მინიმალური საბანკო გარანტია 457 000 ლარია, წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადა კი, მიმდინარე წლის 15 ივლისია. რაც შეეხება შემდეგ ლოკაციებს, კვლევის შედეგად, გამოვლენილია მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მინიმუმ 70-ადგილიანი პარკინგის მოწყობა იგეგმება. ავტოსადგომის მშენებლობისთვის წარმოსადგენი საბანკო გარანტია 175 000 ლარია; მიწისქვეშა პარკინგი უნდა მოეწყოს ვაკის რაიონში, გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც 175-ადგილიანი ავტოსადგომი უნდა განთავსდეს. მინიმალური სამშენებლო გარანტია ამ შემთხვევაში, 477 000 ლარს შეადგენს; შედარებით დიდი ლოტია სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 470 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობა იგეგმება. ამ პროექტისთვის მინიმალური საბანკო გარანტია 1 175 000 ლარია.

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტის განსახორციელებლად, დედაქალაქის მერია მზადაა, კონკრეტული მიწის ნაკვეთები ინვესტორებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცეს. ინვესტორი პროექტის დასრულებისთანავე, მერიას სათანადო ფართებს, მერია კი – თავის მხრივ, ფართებს მოსახლეობას გადასცემს. საპილოტე პროექტი ვარკეთილის მესამე მასივის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, სადაც სამშენებლო მოცულობა 60 000 კვადრატული მეტრია. განაცხადების მიღება 15 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე – www.tbilisi.gov.ge-ზეა განთავსებული.

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც, ინვესტორს მუნიციპალიტეტისგან კონკრეტული მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემა. ყველაზე მცირე ლოკაციაზე პროექტის განხორციელებას 4-მილიონიანი ინვესტიცია, ხოლო მასშტაბურზე – 120 მილიონი ლარის ინვესტიცია სჭირდება. პირველ ეტაპზე, პროექტი დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, N25 კორპუსის მიმდებარედ, ორ ლოკაციაზე და ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, ე.წ. წყალსაქაჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება.

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად მუშავდება, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. გეგმაზე მუშაობის დროს, თბილისისთვის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორები გამოიკვეთა, რომელთა შორის ტურიზმი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, საფინანსო სექტორი, მშენებლობა, ვაჭრობა და მრეწველობა შედის.

რადიოქალაქის განვითარებისა და სატელევიზიო ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირების პროექტები ამჟამად, დამუშავების პროცესშია. რადიოქალაქის განვითარების პროექტის ფარგლებში, მუხიანში, საზოგადოებრივი მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება. ამჟამად, ბაზრის კვლევა მიმდინარეობს, ხოლო რადიოქალაქის მშენებლობისთვის შესაბამისი ბიზნეს წინადადება 2019 წლის პირველ კვარტალში იქნება წარმოდგენილი.

რაც შეეხება სატელევიზიო ანძის ტურისტულ ობიექტად მოდიფიცირების პროექტს, კონცეფციაზე ცნობილი ესპანური კომპანია „კოკო“ მუშაობს, რომლის მიერაც, პროექტის რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ამჟამად, მოდიფიცირების კვლევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები