LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე წლიანი მუქარა და შანტაჟი – ვინ არის ნასამართლევი მამაკაცი, ვინც ინგა გრიგოლიას ემუქრება

მუქარის შემცველი წერილები და დაწყებული გამოძიება – ინგა გრიგოლიას წლებია, უცნობი მამაკაცი ემუქრება და მისგან გარკვეულ თანხას ითხოვს. 10 მაისს ტელე წამყვანმა წერილი მიიღო, რომელიც უცნობმა ტელეკომპანია „პირველში“ დატოვა, ჟურნალისტს მამაკაცი იმ თანხას სთხოვს, რომელიც თითქოს გრიგოლიამ მიითვისა.

ინგა გრიგოლია “ფორტუნასთან” ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შსს-მ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაიწყო, თავს დაცულად მაინც არ გრძნობს. ინგა გრიგოლია იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები ფაქტს დროულად გამოიძიებენ, რადგან, გრიგოლიას თქმით, 2013 წელს, როცა მან პოლიციას პირველად მიმართა, აღმოჩნდა, რომ საქმე დაიხურა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.

 

“ადამიანი, რომელიც გამოგონილ ისტორიებს ჰყვება, გაუგონარ ბრალდებებს მიყენებს, ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზეც კი არ გაუშვა მაშინ პოლიციამ. იმ რეალობიდან გამომდინარე, გუშინდელი გამოკითხვა, მგონია, რომ უფრო შედეგიანად დამთავრდება იმიტომ, რომ ძალიან საფუძვლიანი გამოკითხვა იყო,” – ამბობს ინგა გრიგოლია “ფორტუნასთან”.

 

ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ პირს, რომელიც მასზე მორალურად ძალადობს, არ იცნობს. მისი თქმით, ყველაზე მეტად საფრთხისშემცველი იყო წერილი, რომელიც ტელევიზიაში მიუტანეს. როგორც გრიგოლია “ფორტუნას” უყვება, ამ პიროვნების იდენტიფიცირება შსს-მ ჯერ კიდევ 2013 წელს მოახდინა.

 

“თქვენ რომ ფოტო ნახოთ, ვისზე არის საუბარი, კითხვებიც აღარ გაგიჩნდებათ. ეს კაცი ჩვენებაშიც იგივეს ამბობს, რასაც მე ვყვები. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ის შეურაცხადია. უფრო მგონია, რომ ის ალიბად იყენებს, რომ თითქოს არის შეურაცხადი, ბოდავს, თითქოს მისგან მეორე შვილი მყავს. სინამდვილეში ის არის ჩვეულებრივი გამომძალველი, რომელიც მაშანტაჟებს, მემუქრება და მოითხოვს რაღაც გაუგებარი ფულის დაბრუნებას,” – აცხადებს გრიგოლია.

 

ინგა გრიგოლია არ გამორიცხავს, რომ ამ პირის უკან ვინმე ნაცნობი ან უცნობი ადამიანი იდგეს. მისი თქმით, ზარები ციხიდან 2011 წლიდან დაიწყო, გრიგოლია კითხვას სვამს, როგორ ახერხებდა პატიმარი საპატიმროდან ასეთი ინტენსივობით რეკვას.

მუქარის შემცველ ფაქტებზე „ფორტუნა“ ინგა გრიგოლიას გადაცემის, „რეაქციის“ პროდიუსერს, ლევან კირვალიძეს ესაუბრა. კირვალიძე ყვება, რომ წერილი პირველი არ ყოფილა. მისივე თქმით, დაახლოებით 2 თვის წინ ტელევიზიაში მიიტანეს წერილი, რომელშიც მუქარა არ იკითხებოდა, თუმცა მამაკაცი ინგა გრიგოლიასგან შვილის ჩვენებას ითხოვდა. გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობი მამაკაცი მარიამს თამარის სახელით მოიხსენიებდა.

გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა ინგა გრიგოლიას, პროდიუსერ ლევან კირვალიძისა და ოპერატორ ზვიად სისაურის გამოკითხვა. როგორც ირკვევა, უცნობმა მამაკაცმა სისაურს წერილი თავად გადასცა, თუმცა სისაური „ფორტუნასთან“ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ამ დროისთვის არც ისაა დადგენილი, ეკუთვნის თუ არა წერილები იმ პირს, ვინც მათ ტელევიზიასთან ტოვებს.

 

ჩემთვის ინგას პოსტამდეც ცნობილი იყო ამ საკითხის შესახებ. ვიცოდი, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც ინგას პერიოდულად ეხმიანებოდა, თუნდაც სატელეფონო ზარებით და სმს შეტყობინებებით. ეს პირი ინგასგან ითხოვს თანხას, რომელიც თითქოს ინგამ მისგან მიითვისა. წერს, დამიბურნე ჩემი ქონება, თორემ შემოგიმტვრევ სახლს. არ ვიცი, ეს ადამიანი ფსიქოლოგიურად თუ არის გაწონასწორებული,“ – აცხადებს ლევან კერვალიძე „ფორტუნასთან“.

 

რაც შეეხება გამოკითხვას, რომელიც გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, კირვალიძის ინფორმაციით, გამოძიების ძირითადი შეკითხვები იყო ის, თუ როდის მიიტანეს წერილი ტელევიზიაში და როდის ჩაბარდა ადრესატს.

 

„ამ მამაკაცმა წერილი ჩვენს ოპერატორს გადასცა. ეს ყველაფერი კამერის ჩანაწერებში დაფიქსირებულია, მაგრამ მე დაზუსტებით ვერ გეტყვით, რომ ეს ის პირია, ვინც წერილის ავტორი იყო,“ – ამბობს კირვალიძე.

 

გუშინ, გვიან ღამითვე ინგა გრიგოლიას გამოკითხვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება და დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ლონდა თოლორაიას განცხადებით, ვინაიდან შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტი ქალთა მიმართ ძალადობას განეკუთვნება, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, საგამოძიებო პროცესები დეპარტამენტის დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობდა.

 

„ქალბატონი ინგა გრიგოლიას გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხული იქნებიან მოწმეები. შს სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიღებულია ზომები, რათა ქალბატონი ინგას უსაფრთხოება დაცული იქნას და ამის სრულ გარანტიას სამინისტრო ნამდვილად იძლევა,“ – განაცხადა თოლორაიამ.

 

ამასთან, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან და ინგა გრიგოლიას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ის ვერ ისაუბრებს დეტალებზე, თუ რა ზომები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა თოლორაია ამბობს იმასაც, რომ ინგა გრიგოლიას უსაფრთხოების მიზნით, განხორციელებულია შესაბამისი ღონისძიებები და დაზარალებულის უსაფრთხოებას, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ ეტაპზე შსს ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი დამნაშავის იდენტიფიცირებაა. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ გამოიკითხება აბსოლუტურად ყველა პირი, ვისაც შეიძლება, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდეს რაიმე ტიპის ინფორმაცია.

ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს, რომ მას უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს, მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და ფულს სთხოვს. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ მან პოლიციას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მაშინ ადევნების შესახებ კანონი მიღებული არ იყო და მისი საკითხი რეაგირების გარეშე დარჩა.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

ასევე, ინგა გრიგოლიას Facebook წერილიდან ცნობილი ხდება, რომ პირი, რომელიც მას ემუქრება, ნასამართლევია და 2013 წელს მან საპატიმრო ამნისტიის საფუძველზე დატოვა. უცნობია, რა ბრალდებით იხდიდა სასჯელს მამაკაცი საპატიმრო დაწესებულებაში.

 

თათია კაკიაშვილი