LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენს დააგროვებთ საპენსიოდ: დიდი რისკი, უზრუნველი სიბერისთვის

დაგროვებითი პენსია – მაღალი რისკი და შედარებით ნორმალური სიბერე. ასეთია საქართველოში ამ რეფორმის მოკლე შინაარსი.

დაგროვების ფორმულა კი ასე გამოიყურება: თქვენ სახელმწიფოს აძლევთ ყოფელთვიურად, ხელფასის 2%-ს, ამდენივეს გიმატებთ სახელმიფო და დამსაქმებელიც, ანუ ყოველთვიურად თქვენი დანაზოგი რეალურად 3-ჯერ მეტი ხდება.

ამასთან, დაგროვებულ თანხას წლიური საპროცენტო სარგებელიც დაემატება.

ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად ჟღერს და ონლაინ კალკულატორის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ, რომ კარგადაც გამოიყურება. იხილეთ ლინკზე საპენსიო კალკულატორი.

 

ერთ-ერთი ნიმუში:
ყოველთვიური ხელფასი (ხელზე ასაღები) ₾ 1 000
ყოველთვიური საპენსიო შენატანი ₾ 60
დაგროვების დრო (წელი) 30
განკარგვის დრო (წელი) 20
საპროცენტო სარგებელი (წლიური) 5%
დაგროვებული თანხა ₾ 49 936
ყოველთვიური პენსია 330
თუ 30 წლის განმავლობაში, 1000 ლარიანი ხელფასიდან 20 ლარს ფონდში გადარიცხავთ, 20 ლარს დამსაქმებელი  გადაიხდის (სავალდებულია), 20 ლარს კი სახელმწიფო, საპენსიო ასაკის დადგომიდან 20 წლის განმავლობაში 49 936 ლარის გამოყენება შეგეძლებათ.

 

თუმცა…

ქვეყანაში არასტაბილურობის, ძველი გამოცდილების და მთავრობის მიმართ ნდობის დაბალი ხარისხის გამო, მოქალაქეებს უამრავი კითხვა უჩნდებათ.

 

 

?! – კითხვები, რისკები …

  1. სავარაუდოდ, დაგროვებული ფული, 20 წლის შემდეგ, ძალას დაკარგავს

  2. მთავრობის შეცვლის შემდეგ, რა გარანტია აქვს ხალხს, რომ რეფორმა ძალაში დარჩება და დაგროვებული ფული არ გაქრება?

  3. ლარი – იქნება თუ არა ისევ ეროვნული ვალუტა ლარი და ხომ არ განმეორდება 90-იანების ანაბრის ისტორია?

 

ამ კითხვებს „ფორტუნასთან“ საუბარში მოქალაქეები სვამენ. ისინი, ვისაც პენსიის გამო, მომავალი წლიდან თანხა ჩამოეჭრება და ისინიც, ვისაც შეუძლიათ სისტემაში ნებაყოფილობით ჩაერთონ.

 

40 წლის ვახო:

„მგონია, რომ დაგროვებულ 500 ლარს(პირობითად) გამიხუთევროებენ. ან რა გარანტია მაქვს რომ ლარი 20 წლის შემდეგ, ისევ ეროვნული ვალუტა იქნება. ამ საკითხში დიდი გამოცდილება მაქვს და სტაბილურობის შეგრძნება კი არა. ასე, რომ ჩემი ნებით, ამ სისტემაში არ ჩავერთვები“.

 

27 წლის გიორგი:

„რამდენიმე წელია, ამ ინიციატივას თვალს ვადენებ. ძალიან პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს. რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს რეალურად, ხალხზე მორგებული რეფორმა იქნება და გაამართლებს“.

 

35 წლის თეა:

„ჩვენი ქვეყანა რამდენად არის ამისთვის მზად, არ ვიცი, თუმცა, იდეა მომწონს. როგორც განვითარებულ ქვეყნებში ხდება, ჩამოგეჭრება გარკვეული თანხა, დაგროვდება და უზრუნველი სიბერე გექნება (მეტნაკლებად), თუმცა საქართველოში, ვიცით, რომ ხელისუფლების შეცვლა, მუდმივად მათზე მორგებულ ახალ კანონებთან და რისკებთან ასოცირდება. არ მაქვს იმის გარანტია, რომ წლების შემდეგ, ისედაც მცირე ხელფასიდან ჩამოჭრილი ნაწილი დამიგროვდება და სიბერეში მომეცემა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს თანხა „გაიყინოს“. მხოლოდ ეს არის ნეგატიური ამ რეფორმაში“.

 

დაგროვებითი პენსიის პოზიტიური მხარეები

მსოფლიოში საპენსიო ასაკის მოსახლეობა მატულობს. თანაფარდობა ირღვევა და უკვე მდიდარი ქვეყნებიც კი „დარდობენ“ იმაზე, რომ პენსიონერების “შენახვას” ვეღარ შეძლებენ. ჩვენი ქვეყანა, კი სადაც პენსიონერებს მომუშავეთა დაბეგრილი ხელფასები არ ჰყოფნის, ნამდვილად დიდი რისკის წინაშია. ამიტომ რეფორმა აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც პენსიას ან არ ვერ დააგროვებენ, იმ საბაზო თანხას, რასაც დღეს პენსიონერი იღებს, მაინც მიიღებენ, ხოლო ის, ვინც მთელი ცხოვრების ნაშრომს დააგროვებს, საბოლოო ჯამში, საარსებო მინიმუმით არ დარჩება.

ანუ, შრომისუნარიანი ადამიანი, თავად გეგმავს საკუთარ სიბერეს.

 

გამონაკლისები: იმ შემთხვევაში თუ…

  • თუ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული პირი გარდაიცვალა, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი მემკვიდრე აიღებს.
  • თუ ადამიანი კარგავს შრომის უნარს, თანხის სრულად გატანა შეუძლია.
  • თანხის სრულად გატანა შესაძლებელია, თუ, პირი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს და სამუდამოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე ხდება.

***

დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

 

ნახეთ ჩვენი სტატია, პენსიების შესახებ: განვითარებულ ქვეყნებში საპენსიო ასაკი 70 წლამდე გაიზრდება: რას გეგმავენ საქართველოში?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები