LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აკეთებენ დირექტორები, როცა ე.წ. „გარჩევების“ სახით კამათი სკოლის ტერიტორიას სცდება

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, 16 წლის მოზარდებს შორის კონფლიქტი ფატალური შედეგით დასრულდა – 2 მოზარდი მრავლობითი, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა.  ამ შემთხვევიდან მეორე დღეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში კლასელმა კლასელი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. ამავე დღესვე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ქუთაისში არასრულწლოვნის მიერ ახლო მეგობრის მკვლელობის შესახებაც.

საზარელი მკვლელობების გარემოება და ვერსიები სხვადასხვაა, ფაქტი კი ერთი – ბოლო კვირის განმავლობაში 4 არასრულწლოვანი დაიღუპა.

რატომ გახშირდა არასრულწლოვნების სიკვდილიანობა და რა როლი აქვს სკოლას, ოჯახს და სახელმწიფოს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში?

 

“ადამიანის სულის სათუთად აღსაზრდელად ლიტერატურაზე მძლავრი იარაღი არ არსებობს”

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა, მათ შორის 53-ე საჯარო სკოლაც ფიგურირებდა. სკოლის დირექტორი, ეკატერინე გახარია, ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის კონფლიქტის დეესკალაციის მთავარი იარაღი, არც მეტი, არც ნაკლები, ლიტერატურა უნდა იყოს. 

„არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფილოლოგი ვარ, ვფიქრობ, ყველაზე დიდი როლი ასეთ სიტუაციაში ეკისრება ზუსტად ლიტერატურას იმიტომ, რომ ადამიანის სულის სათუთად აღსაზრდელად ლიტერატურაზე მძლავრი იარაღი არ არსებობს,“ – ამბობს ეკატერინე გახარია.

გახარიას თქმით, აქამდე, როდესაც მოსწავლეებს შორის დაპირისპირება შეუმჩნევია, არცერთი მოსწავლე „ცხელ გულზე“ შინ არ გაუშვია. მისივე თქმით, მსგავსი სიტუაციების დროს სკოლის დირექცია დაპირისპირებული მოზარდების მშობლებს უკავშირდება.

„ასეთ სიტუაციაში მშობელმა უნდა გაიყვანოს ბავშვი სკოლიდან იმიტომ, რომ ემოციური ხალხი ვართ, საწყის ეტაპზე ამ პირველმა ემოციამ უნდა გაიაროს. ამის შემდეგ თვითონ ბავშვებთან მიდის მუშაობა. ყველაზე მთავარი ის არის, მოსწავლეებს შორის შეიტანო განცდა, რომ ეს არის ერთი ოჯახი და ყველანი ამ ერთი ოჯახის წარმომადგენლები ვართ, ჩვენი სხვადასხვა ხასიათის მიუხედავად, ერთად უნდა ვიცხოვროთ,“ – ამბობს გახარია.

ეკატერინე გახარია უარყოფს 53-ე სკოლაში პნევმატური ან ცივი იარაღის ტარების ფაქტს და ამბობს, რომ, თუკი რაიმე საეჭვოდ მიუჩნევია, მანდატურის სამსახურთან ერთად „ჩხრეკა“ ჩაუტარებია. გახარია იმასაც უსვამს ხაზს, რომ ასეთი „ჩხრეკის“ დროს ადმინისტრაციას რაიმე ტიპის ბლაგვი საგანი არასდროს ამოუღია.

“სკოლაში გამოყოფილი მყავს ორი ადამიანი, რომელიც რეგულარულად ჩხრეკს მაღალკლასელებს”

 

ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, მალხაზ ცერცვაძე, „ფორტუნასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სკოლაში მსგავსი დაპირისპირება ან კონფლიქტი არასდროს მომხდარა. ამ ფაქტს ცერცვაძე ორი მიზეზით ხსნის: პირველი არის ის, რომ სკოლაში სულ 260 მოსწავლე სწავლობს და მეორე, რაც მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, არის ის, რომ დირექტორი თითოეული მოსწავლის კონფლიქტს პირადი ჩართულობით აგვარებს.

„პირადად შევდივარ მაღალ კლასებში და ვსაუბრობთ ერთმანეთთან ურთიერთობებზე. სკოლაში გამოყოფილი მყავს ორი ადამიანი, რომელიც, ცოტა უხეშად რომ ვთქვათ,  რეგულარულად ჩხრეკს მაღალკლასელებს, რათა მოსწავლეებს არ აღმოაჩნდეთ ისეთი ნივთი, რომელიც შესაძლოა, საეჭვო იყოს ან სკოლაში ასეთი ნივთის ტარება საჭირო არ იყოს. ბავშვებმა თავად იციან, რომ ბასრი საგნები და ნებისმიერი ტიპის იარაღი სკოლაში არ უნდა ატარონ. კონფლიქტის შემთხვევაში კლასის დამრიგებელი თავად არეგულირებს სიტუაციას. თუკი მოსწავლეებს შორის მწვავე ან ნებისმიერი სახის დაპირისპირებას შევნიშნავ, პირადად ჩავერევი ასეთ სიტუაციაში. მშობელთან ერთად პირადად გავანეიტრალებ ნებისმიერ დაპირისპირებას და კონფლიქტს, დეტალებს ჩავუღრმავდები, რატომ დაიწყო ეს დაპირისპირება,“ – ამბობს მალხაზ ცერცვაძე.

 

თბილისის 166-ე საჯარო სკოლის დირექტორის, ირმა ომანაძის, თქმით, მსგავსი კონფლიქტური სიტუაციების გამო სკოლა მაღალი რისკის ქვეშაა. მისი შეფასებით, მაღალკლასელ მოსწავლეებში კამათი არა სკოლაში, არამედ შენობის გარეთ მწვავდება. ომანაძე ამბობს, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც საეჭვოდაა მიჩნეული, დირექციის დავალებით, უბნის ინსპექტორები აკონტროლებენ.

„ჩვენდა სამწუხაროდ, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში მოსწავლეებს შორის თუკი რაიმე ტიპის კონფლიქტი არსებობს, ეს ნაკლებად იჩენს ხოლმე თავს სასკოლო გარემოში და, როგორც წესი, ე.წ. „გარჩევების“ სახით კამათი ინაცვლებს სკოლის ტერიტორიის გარეთ. ყოველთვის, როცა საეჭვო ქმედებები შეინიშნება, როგორც სკოლის დირექცია, ასევე მანდატურის სამსახური ყურადღებას ვამახვილებთ,“ – აღნიშნა ირმა ომანაძემ.

ომანაძე ხაზს უსვამს, რომ როცა მოსწავლეებს საეჭვო ქმედებებს ამჩნევს და ამის შესახებ მოსწავლის მშობლებს ატყობინებს, მშობლები სამსახურის ან მოუცლელობის გამო მოზარდებს საჭირო ყურადღებას არ უთმობენ.

„არ შეიძლება, რომ მარტო სკოლაზე მოხდეს ხელის შეწმენდა იმიტომ, რომ მარტო სკოლა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მოგვარებას,“ – ამბობს ირმა ომანაძე.

რაც შეეხება სკოლებში ფსიქოლოგის ყოლას, 166-ე საჯარო სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ თუ მოსწავლეებს შორის ქცევის გაუარესება ან არაადეკვატურობა შეინიშნება, სკოლის დირექცია რეკომენდაციის სახით მიმართავს მშობელს და შემდეგ განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრს, თუმცა, ამ მხრივაც შეინიშნება გარკვეული პრობლემები. ირმა ომანაძის თქმით,   „2 ან 3 ვიზიტის შემდგომ მშობელი ან ბავშვი ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ მათ არ სჭირდებათ ეს მომსახურება.“ 

 

 

თათია კაკიაშვილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები